საკითხავისასარგებლო

მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარია ადამაშვილი) დაიბადა 1880 წლის 8/20 ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფ. წერაქვში.

სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 წელს გაზეთ„ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეს მოთხრობა ხელმოწერილია არა ჯავახიშვილის, არამედ ადამაშვილის გვარით. ადამაშვილი მიხეილს ფსევდონიმად არ აუღია, იგი ახალგაზრდობაში ადამაშვილის გვარზე იწერებოდა, ისე, როგორც მისი მამა. თუმცა არც ჯავახიშვილია ფსევდონიმი. თვით მ. ჯავახიშვილი ამ საქმეს ასე განმარტავს: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.

ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903-1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები (“ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.

მიხეილ ჯავახიშვილმა შექმნა რომანები: „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „ჯაყოს ხიზნები“, „გივი შადური“, „არსენა მარაბდელი“, „ქალის ტვირთი“, „თეთრი საყელო“, მოთხრობები: „ლამბალო და ყაშა“, „მართალი აბდულაჰ“, „ორი განაჩენი“, „მიწის ყივილი“ და სხვ.

ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, − ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913 წლამდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 წელს კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922-1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. შემდეგ კი დახვრიტეს. იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.უკან დაბრუნება

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close