არქივი

ამომავალი მზის ქვეყანა – იაპონია (ნაწილი პირველი)

05d12abbdddd

ადრეული შუა საუკუნეები იაპონიის ისტორიაში სოციალურ-პოლიტიკური და სოციალურ-პოლიტიკური რეფორმების ხანაა. ეს ის პერიოდია, როცა იამატოს სამეფოს ადგილზე ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფო ნიჰონის ან ნიპპონის სახელწოდებით, ანუ როგორც იაპონელები ღიმილით ამბობენ,  “ერთადერთი სახელმწიფო ამქვეყნად რომელმაც ზუსტად არ იცის თავისი სახელი”.  “ნიჰონ” (“ნიპპონ”) ორი იეროგლიფით იწერება და ნიშნავს ამომავალი მზის ქვეყანას (მზის ფესვებს).

ახალი სახელმწიფოს შექმნა რამდენიმე ფაქტორმა დააჩქარა. ჩინეთიდან შემოსული ბუდიზმი VI ს–ის იაპონიაში საბოლოოდ განმტკიცდა. ბუდისტურ მონასტრებთან გაიხსნა სკოლები. VII ს-ის შუა წლები ისტორიოგრაფიაში ცნობილია, როგორც ტაიკას გადატრიალების ან ტაიკას რეფორმების ხანა (ტაიკა – სიტყვასიტყვით, დიდი ცვლილება). 645 წელს, მას შემდეგ, რაც სოგას დინასტია გაანადგურეს, იმპერატორმა კოტოკუმ (645-654 წწ.) არაერთი რეფორმა გაატარა: აიკრძალა მიწისა და ადამიანების კერძო მფლობელობა, მთელი მიწა გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებად და გადაეცა თემებს. გვარის ყოფილი ხელმძღვანელები, წოდებრივი არისტოკრატები, თემის თავისუფალი წევრები გახდნენ, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი თემის გლეხობად იქცა. მონობა თითქმის გაუქმდა, მაგრამ აქა-იქ მაინც შემორჩა. ტაიკას რეფორმები შეიძლება განვიხილოთ როგორც ადრეფეოდალურ წყობაზე გადასვლა. ამ რეფორმების განხორციელების შემდეგ, 710 წელს, დაარსდა იაპონიის პირველი დედაქალაქი ნარა. იგი აგებული იყო ტანის დინასტიის დროინდელი (618-907 წწ.) ჩინეთის დედაქალაქის – ჩანანდის (დღევანდელი სიაკნი) დაგეგმარებით, ოღონდ, ჩანანდისგან განსხვავებით, გალავანი არ ჰქონდა და შენობებიც მხოლოდ ხისა იყო. ქალაქი კუნძულ ჰონსიუზე გაშენდა (დღევანდელ ნარის პრეფექტურაში, ამავე სახელწოდების ქალაქ-მუზეუმის ადგილას).

ამ პერიოდში შეიქმნა “კოჯიკი”, “ნიჰონჰი”, “მანიოშიუ, “ფუდოკი” და სხვა წერილობითი ძეგლები. 770 წლიდან იწყება წიგნების ბეღდვა. ამავე პერიოდშია აგებული ტოდაიჯის სატაძრო ანსამვლი (734-756 წწ.) VII ს-ს მიეკუთვნება უნიკალური კედლის მხატვრობით განთქმული და იაპონიაში შემორჩენილთაგან უძველესი ტაძარი ჰორიუჯი. ასევე საინტერესეა VIII ს-ის ხუთსართულიანი პაგოდა კოფუკუჯი. თანამედროვე ნარის ეროვნულ მუზეუმში ინახება იმდროინდელი გამოყენებითი ხელოვნების, ფერწერის, სკულპტურისა და უძველესი დოკუმენტების კოლექციები. ნარა დღეს იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული და ტურისტული ცენტრია. ის დედაქალაქი იყო 710-იდან 787 წლამდე, VIII საუკუნის ბოლოს კი ჰეიანმა შეცვალა.

f887bce8f8d9

რელიგია – ბუდიზმი

ბუდიზმი იაპონიაში VI ს-იდან განმტკიცდა, მანამდე იაპონელები მას ჩინეთიდან იცნობდნენ. “ნიჰონგის” მიხედვით, 552 წე;ს კოერის სამეფო ელჩობას თან ჩამოჰყვნენ ბუდისტი მისიონერები და თავიანთი რელიგიის ქადაგების უფლებაც მიიღეს. გაიხსნა ბუდისტური მონასტრები და სკოლები. იაპონელებმა, როგორ სხვა კონტინენტური ქვეყნების მცხოვრებლებმა, ბიდუზმიც თავისებურად გაიგეს. მათ ბუდაში დაინახეს ბედნიერების მომტანი და უბედურებისგან დამცველი ღცთაება, რაც ამართლებდა შინტოს ფუნქციებს, სასახლის კარზე კი ბუდაში სახელმწიფოს მფარველ ღმერთს ხედავდნენ.

ბუდიზმმა უდიდესი გავლენა მოახდინა ამომავალი მზის ქვეყნის ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, ლიტერატურაზე, საერთოდ, მთელს იაპონურ აზროვნებაზე.

VII – VIII სს-ში დაიწყო ბუდისტური ტაძრების ინტენსიური მშენებლობა. იმპერატორია ბრძანებით ყველა პროვინციაში აიგო ბუდისტური პაგოდები და დაიდგა ბუდას ქანდაკებები.

cb613e6716c8

სატაძრო ანსამბლი ჰორიუჯი, რომელიც 607 წელს უფლისწულ შიოტოკუ ტაიშის ბრძანებით აიგო, დღესაც დგას ნარაში. ამ ტაძრის კედლებზე ჩემორჩენილი ფრესკები ბუდისტური მხატვრობის შედევრებია.

VII ს-ის პირველ მეოთხედში ქვეყანაში უკვე 50-მდე ბუდისტური ტაძარი იყო. ფერადი ტაძრები მორწმუნეებს გარეგნული დიდებულებით ხიბლავდა. ბუდიზმის გავლენა კიდევ უფრო გაფართოვდა და გაძლიერდა ჰეიანის ეპოქაში, XII ს-ში კი ქვეყანაში ჩამოყალიბდა ბუდიზმის ოთხი ძირითადი ტრადიციული სკოლა: ძენი, ნირიჩენი, ჯიოდო და შინშიუ. შემდგომ საუკუნეებში ძირითადად ამ ოთხმა სკოლამ მოახდინა უდიდესი გავლენა იაპონელთა ეროვნული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე.

ბუდიზმთან ერთად დღემდე მთელს იაპონიას აერთიანებს შინტოისტური წეს-ჩვეულებები.

20b585af1a66

შინტოისტურ ღვთისმსახურებას დღესაც VIII-IX სს-ის სამოსის ნიმუშების მიხედვით შეკერული კიმონოებით ასრულებენ.

8751463e36b0

უფლისწული შოტოკუ ტაიში (574-622 წწ.) ძველი იაპონიის თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე იყო. ტაიშიმ უდიდესი როლი ითამაშა იაპონიაში ბუდიზმის გავრცელებაში. მან შემოიღო 12 რანგის ტიტული (კუროდო), მანამდე ეს თანამდებობები შთამომავლობით გადაეცემოდათ, ამ დროიდან კი უპირატესობა მომავალი მოხელის ნიჭსა და ცოდნას ენიჭებოდა; მანვე შეადგინა 27-მუხლიანი კოდექსი, რომელიც პრაქტიკულად იმდროინდელი “კონსტიტუცია” იყო. კოდექსში იგრძნობოდა კონფუცის დიდი გავლენა. ამით ტაიშიმ დააჩქარა და ხელი შეუწყო ტაიკას რეფორმების გატარებას და ადრეფეოდალური ფენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნას. შოტოკუ ტაიშის დახე XX ს-ის ბოლომდე იყო გამოსახული ფული კუპიურაზე (1000 იენი).

განათლება

პირველი სკოლები იაპონიაში VI ს-ში გაჩნდა ბუდისტურ მონასტრებთან ერთად, რომლებიც კულტურისა და სოხიალური ცენტრების როლს ასრულებდნენ. VIII ს-ის დასაწყისში მიიღეს პირველი საკანონმდებლო აქტი განათლების შესახებ, რომლის ტანახმადაც დედაქალაქსა და პროვინციებში სახელმწიფო სკოლები გაიხსნა. წარჩინებულთა შვილებს ასწავლიდნენ ჩინურ კლასიკურ ლიტერატირას, ფილოსოფიას, კანონებს, ისტორიასა და მათემატიკას. IX ს-ში უდუდესმა მწერალმა, კალიგრაფმა და განმანათლებელმა კობო დაიშიმ (კუკაი) ამ სასწავლებლების პარალელურად გახსნა სკოლები უბრალი ადამიანების შვილებისთვის. ეს სკოლები XII ს-ის ბოლომდე, ჰეიანის ეპიქის დასასრულამდე შემორჩა

დამწერლობა

იაპონური დამწერლობა ძირითადად ჩინურ იეროგლიფებს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, მას დამსახურებული ადგილი უკავია მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის. ჩინური იეროგლიფები იაპონიაში პირველად V-VI სს-ში გამოჩნდა და საბოლოოდ დამკვიდრდა VIII ს-ში. იეროგლიფებით დაიწყეს იაპონური სიტყვების ფუძეთა ჩაწერა. ასე გაჩნდა იეროგლიფების წმინდა იაპონური წაკითხვა, კუნიომი. იეროგლიფურმა დამწერლობამ შეინარჩუნა იაპონურად ადაპტირებული ძველჩინური წაკითხვაც – ონიომი, რომელიც ასევე ამ სიტყვის ფუძეს შეესაბამებოდა.

იაპონურ ენაზე ერთი იეროგლიფი რამდენიმენაირად შეიძლება წაიკითხო.

იმის გამო, რომ ჩინური და იაპონური ენები გრამატიკულად ძალიან განსხვავებულია, გაჩნდა ახალი ნიშნების ჩაწერის აუცილებლობა. უკვე VIII ს-ში ზოგიერთ იეროგლიფს ფონეტიკურ ნიშნად იყენებდნენ, მაგრამ ესეც არაერთ გაუგებრობას იწვევდა.  IX ს-ში იეროგლიფების შემოკლებული ჩაწერით, “ჯოხების” (ხაზების) რაოდენობის შემცირებით, შეიქმნა მარცვლოვანი ანბანი – კანა.  კანას სხვადასხვა სისტემიდან უპირველესი მნიშვნელობა მიენიჭა და X ს-იდან დღემდე უცვლელია ორი: ჰირაგანა და კატაკანა.

კატაკანა და ჰირაგანა ერთმანეთისგან მხოლოდ მოხაზულობით განსხვავდება – ორივე ერთნაირად იკითხება, ორივე სისტემას აქვს 46-46 ძირითადი ნიშანი, ხოლო წერტილებისა და ორი მძიმის დამატებით ამ ნიშნების რაოდენობა იზრდება.

df1af1b0369f

ჰირაგანას საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის IX ს-ის ცნობილ მწერალსა და კალიგრაფს, უდიდეს განმანათლებელს კობო დაიშია (კუკაი), კატაკანას შექმნა კი კიბი მაკიბის სახელს უკავშირდება.

03a02533dfd9

დღეს კატაკანას მხოლოდ უცხოურიდან შემოსული სიტყვების (“გაირაიგო”), საკუთარი და საზოგადო სახელების, აგრეთვე, ტელეგრამის ტექსტების ჩასაწერად იყენებენ. ბოლო ათწლეულებში სულ უფრო ფართოდ გავრცელდა კანა.

ჰეიანის ეპოქა

794 წელს იაპონიის დედაქალაქი გახდა ჰეიანი, დღევანდელი კიოტო. 794-1184 წლებს ჰეიანის ეპოქას, ანუ იაპონური რენესანსის ხანას უწოდებენ. ჰეიანი, ნარის მსგავსად, ჩინური დაგეგმარებით იგებოდა, მაგრამ არა ბრმა მიბაძვით – ცდილობდნენ,  ყველაფრისთვის იაპონური იერი მიეცათ.

დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე იმპერატორის სასახლე საერო არქიტეკტურის კლასიკური ნიმუშია. ჰეიანის არქიტექტურა ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო იაპონიაში, არამედ Mტელს აღმოსავლურ კულტურაში.

წინა საუკუნეებმში შექმნილმა საგანმანათლებლო სკოლებმა ხელი შეუწყო კულტურის განვითარებას. პოეზიამ და პროზამ იმაღლეს მწვერვალს მიაღწია.

ამ ეპოქაში მოღვაწეობდა დღემდე სახელგანთქმული ოცამდე პოეტი. პროზაულ ნაწარმოებებს ძირითადად ქმნიდნენ ქალები: სეი-შიონაგონი, მირასაკი შიკიბუ და იძუმი. შიკიბუს შემოქმედება დღესაც პროზის მწვერვალად ითვლება. ამ ეპოქაში კიდევ უფრო განვითარდა 770 წელს დაწყებული ბეჭდვიტი საქმიანიბა. ამასთან, განვითარდა ასტრომონია, გეოგრაფია, ისტორია, მათემატიკა და სხვა დარგები. როგორჩ ჩინური და კორეული წყაროები მოწმობენ, იაპონიაში საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია მედიცინამ.

პირველი იაპონური წერილობითი ძეგლი “კოჯიკი” გვაცნობს უძველეს მითებს ამომავალი მზის ქვეყნის მკვიდრთა ტრადიციული მედიცინის შესახებ. რაც შეეხება იაპონური პანთეონის მედიცინია და მკურნალობის ღმერთს – ბჰაიშაჯიაგურს – იგი ინდური მითოლოგიიდან შემოსული ღმერთია (ინდ. ბჰაიშაჯიარაჯა და ბჰაიჯია-სამუდგატა), თუმცა მას შეერწყა უფრო ადრეული შინტოიტური მკურნალობის ღვთაებათა ნიშან-თვისებები. აქედან მოყოლებული უფრო ინტენსიურია ცნობები იაპონური მედიცინის თაობაზე. მედიცინის შესახებ მოგივთხრობს “ნიჰონგიც”. 808 წელს შეიქმნა სამედიცინო ენციკლოპედია, რომელშიც აღწერილია ნემსის ჩხვლეტოთ, მოცვით, წტლით და ბალახებით კმკურნალობის იაპონური მეთოდები. ერთ-ერთი უძველესი მეთოდია ცხელი წტაროებით მკურნალობა, რაც დღესაც ფართოდ არი გავრცელებული იაპონიაში. მრავალი ასწლეულის განმავლობაში იაპონელები იყენებენ კორეული და ჩინური მედიცინის უმდიდრეს გამოცდილებას.

ჰეიანის ეპოქის თითქმის ბოლომდე (XII ს-ის შუა წლებამდე) სასახლის კარზე უმაღლესი საფეხურები ეკავათ ფუჯივარას გვარის წარმომადგენლებ (დაინაგონი, ჩიონაგონი). თუ იმპერატორი არასრულწლოვანი იყო, პრაქტიკულად ისინი განაგებდნენ ქვეყანას, ფლობდნენ სამემკვიდრო მამულებს. დედოფლებიც, უმეტესად ფუჯივარას გვარიდან იყვნენ. იმპერატორს დედა და ერთ-ერთი ბებია ან პაპა თითქმის ყოველთვის ფუჯივარა ჰყავდა. ამ გვარის აღზევების ეპოქა (ფუჯივარა ჯიდაი) გაიგივებულია იაპონურ რენესანსთან. 1156 წლიდან შიოგუნატის (სამხედრო მმართველობა) დადგომამდე ფუჯივარებს მმართველობა გაირას გვარმა ჩამოართვა

ტაირა ფეოდალური დინასტია X-XII საუკუნეებში ძირითადად იმდროუნდელი იაპონიის სამხრეტ-დასავლეთ რაიონებს ფლობდა, ხოლო 1156 წლიდან, კიომორი ტაირას (1118-1181 წწ.) დროს, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. XII ს-ის ბოლოს ბრძოლა ჰქონდა აღმოსავლეთის ფეოდალების ჯგუფთან, რომელსაც სათავეში ედგა მინამოტოს დინასტია. 1185 წელს მათ ტაირას დინასტია გაანადგურეს. მინამოტოს დინსატიამ სათავე დაუდო შიოგუნების მმართველობას (შიოგუნატი).

b671ec8422dcჰეიანის ეპოქის (X ს.) გამოჩენილი მოღვაწე იყო იოშიშიგე იასუტანე. იგი დაიბადა წარჩინებული გვარის ოჯახში. ეკავა დიდი სახელმწიფოებრივი თანამდებობა. ბერად აღკვეცის შემდეგ ცნობილი გახდა თავისი ბუდისტური თხზულებით.X ს-ის ბოლო მეოთხედი ჰეიანური კულტირუს აყვავებისა და ამავე დროს, გვაროვნული არისტოკრატიის კავლენის თანდათანობითი შესუსტების ხანაა. არისტოკრატიის დაცემის ერთ-ერთი ნიშანი იყო თუნდაც იოშიშიგე იასუტანეს სასულიერო წიდების რიგებში გადასვლაც. “იოშიშიგე იასუტანე იყო უსათნოესი ბუდისტი ბერი, ღირსახსენებელი თვით ნეტარ კუის (მუდისტი ეპისკოპოსი, 972 წ.) მოწაფეთა შორის”, – წერს დიდი იაპონელი მწერალი აკუტაგავა რიუნოსკე თავის “როკუნომიელ ქალში”.

ლიტერატურა

შუა საუკუნეებში იაპონია დიდ სულიერ-კულტურულ და სოციალურ პოლიტიკურ აღმავლობას განოცდის. ამ პერიოდს კლასიკურ ხანასაც უწოდებენ. ეკონომიკასთან ერთად ვითარდება რელიგია, ფილოსოფია, ლიტერატურა. ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის პოეტური ჟანრის – ტანკას გვერდით IX – XII სს-ში ტრადიციული იაპონური რელიგიის, შინტოიზმისა და ძენბუდიზმის გავლენით ხელოვნებაში ყალიბდება ეთეტიკური კატეგორია “მონო ნო ავარა” ანუ “საგანთა სევდიანი მომხიბვლელობა”. ამ მიმართულებას ლაიტმოტივად გასდებს რეალობის ემოციური აღქმის პრინციპები, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია შემდგომი პერიოდები მთელ იაპონურ ხელოვნებაზე, ფერწერაზე, ხუროთმოძღვრებასა თუ ლიტერატურაზე.

2990bb4045c5

ტანკა იაპონური პოეზიის ერთ-ერთი უძველესი ჟანრია. ეს არის მოკლე, 5-სტრიქონიანი, 31-მარცვლიანი ლექსი. ტანკა გამოირჩევა პოეტური ენის დახვეწილობითა და ორიგინალურობით. ამ ჟანრის თითქმის ყველა ნიმუშში გადმოცემული ავტორისეული ფილოსოფიური განსჯა ყოფიერების ამაოებასა და წუთისოფლის წარმავლობაზე. მთავარი სათქმელი პირველ სამ სტრიქონშია გადმოცემული, მომდევნო ორი კი ავტორისეული დასკვნაა.ტანკა იყო საკარო პოეზიის ერთ-ერთი სავალდებული ჟანრი. ადრეული ტანკებისთვის დამახასიათებელია პარალელიზმი, ეპითეტების ხშირი გამეორება, წლის, დროის აუცილებელი მითითება.

უკვე უძველეს ანთოლოგიაში – “მანიოშიუში” (VIII ს.) ტანკა რაოდენობით პირველ ადგილზეა, შემდგომ კი XV ს-მდე, არისტოკრატთა წრეში დამკვიდრებულ პოეტურ ჟანრებში ის, ფაქტობრივად, გაბატონებულია.

XV ს-იდან ეს ჟანრი ადგილს უთმობს ჯერ რენგას, შემდეგ მისგან აღმოცენებულ ჰოკკუს, ანუ ჰაიკუს (XVI – XVIII ს.ს). XVIII ს-იდან კვლავ ჩნვდება ინტერესი IX-XI სს-ის კლასიკური ლიტერატურისადმი. ცდილობენ, გააცოცხლონ ტანკა.

“კოჯიკი”, იაპონური ლიტერატურის უძველესი ძეგლი, სასახლის კარზე მოღვაწე ო-ნო იასუმაროს 712 წელს ჩაუწერია. ეს არის კოსმოგონიურ-გმირული მითების და ისტორიული თქმულებების კრებული, რომელსაც ერთვის ჩამწერის წინასიტყვაობა. იგი სამი ნაწილისგან შედგება: პირველი – კოსმოგონიური თქმულებები; მეორე – ამბები მეითურ იმპერატორებზე და მესამე – ამბები ისტორიულ იმპერატორებზე. ბოლო ჩანაწერი იმპერატორ ქალს, სუიკოს (592-628 წწ.) ეხება. ტექსტი შეიცავს იამრავ ლექსსა და სიმღერას რომლებიც უმთავრესად იმპერატორის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება.

VIII ს-იდან იაპონური ლიტერატურა ორიენტირებულია ისტორიული ჟანრის თხზულებების შექმნაზე. ისტორიული ქრონიკებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “ნიჰონგი” (720 წ.), რომლის შედგენაში აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელი საიმპერატორო კარის სახელმწიფო მოღვაწე ტ. ფიჯუვარა. “ნიჰონგი”, ანუ “ნიჰონ შიოკი” – იაპონური ანალები – 30 ტომისაგან შედგება. აქ მოთხრობილ ამბებს მითებში აღწერილი პერიოდიდან უკანასკნელ ისტორიულ მოვლენებამდე მოვყავართ. დამატებით ტომში მოცემულია იმპერატორთა გენეალოგია. ქრონიკები მდიდარია მითებით, რეალური ისტორიული მასალებით, ფართოდ არის გამოყენებული ჩინური და კორეული წყაროები.

“ფუდოკი” VIII საუკუნის წერილობითი ძეგლია, რომელშიც მოცემულია იაპონიის პროვინციების ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერილობა. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ხუთი აღწერილობა., რომლებშიც შესულია პროვინციების ადგილმდებარეობა, ტობონიმები, იაპონური ადათ-წესები, ფოლკლორული ჩანაწერები, ცნობები იაპონურ ფლორასა და ფაუნაზე.

“მანიოშიუ” ამ წიგნის სათაური ითარგმნება, როგორც “უთვალავი ფოტლის ნაკრები” ან “მრავალი საუკუნის სიმღერების კრებული”. იგი VIII ს-ის პირველი იაპონური პოეტური ანტოლოგიაა, რომელიც 20 ნაწილისაგან შედგება. შეიცავს 4500 ლექსსა და სიმღერას, რომლებიც ოთხი საუკუნის განმავლობაში გროვდებოდა. აქ გვხვდება სასიყვარულო და პეიზაჟური ლირიკა, ბალადები ხალხურ გადმოცემებზე, ოდები, ელეგიები, ლექსები სოციალურ თემებზე და სხვ. ფართოდ არის წარმოდგენილი VIII ს-ის პოეტების – კიკინოტო ჰიტომაროს, ამაბეს, კაკჰიტოს, იამანოე ოკურას, ოტომო ტაბიტოს, იაკამოჩის და სხვების შემოქმედება. ლექსების უმეტესობა ტანკას ფორმისაა, მაგრამ გვხვდება სხვა ფორმებიც – ნაგაუტა (გრძელი სიმღერა) და სედოკა. ანთოლოგიაში ზეპირსიტყვიერების ნიმუშები ნაკლებად არის შესული.

პოეტური ანთოლოგია “კოკინშიუ” შედგება 20 გრაგნილისგან (20 ნაწილი, 1100 ლექსი). დალაგებული თემების მიხედვით. 6 გრაგნილი შეიცავს ლექსებს წელიწადის დროების შესახებ, 5 – ლექსებს სიყვარულზე, 1 – მოგზაურობა-ხეტიალზე და სხვ. ანგოლოგიის ავტორი-შემდგენელი კი-ნო ცურაიუკი. ის არის იაპონური ლიტერატურის ისტორიაში პირველი წინასიტყვაობის ავტორიც, რომელიც წინ უძღვის ამ ანთოლოგის. “კოკინშიუ” შედგენილია 922 წელს.

შუა საუკუნეებში მთელი სისრულით გამოვლინდა იაპონური პოეზიისა და პროზის სისადავე და დიდებულება. ამპერიოდში მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი შემოქმედი.

არივარა–ნო ნარიჰარა (825–880 წწ.) უფლისწული იყო. წერდა ტანკას ჟანრის ნაწარმოებებს. განთქმული სასიყვარულო ლირიკით. მისი ბევრი ტანკა შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში. დაცულია ნარიჰარას ლექსების კრებული “არივარა–ასონშიუ”. მისი გარეგნობა და თავგადასავალი აღწერილი “ისე–მონოგატარში”, რომლის სავარაუდო ავტორი თვით არივარა–ნო ნარიჰარაა.

პოეტი კი–ნო ცურაიუკი (859–946 წწ.) წერდა ტანკას ჟანრის ლექსებს. მსახურობდა საიმპერატორო კარზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა 44 ლექსმა. ის არის პირველი იაპონური პოეტური ანთოლოგიის “კოკინშიუს” შემდგენელი, იაპონური პოიზიის პირველი კრიტიკოსი და თეორეტიკოსი. მან ანთოლოგიას წარუმძღვარა წინასიტყვაობა, სადაც მხატვრული სიტყვის როლსა და აზრზე მსჯელობს. მასვე ეკუთვნის ლირიკული ჟანრის ნაწარმოები “მგზავრის ჩანაწერები ტოსაიდან” (936 წ.), რომელშიც მოცემულია ბუნების აღწერაც. კი–ნო ცურაიუკი იაპონურ პოეზიაში ლირიკული ჟანრის დამიძნებელია,

ჰეიანის ეპოქის, X ს-ის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი ქალია სეი შიონაგონი. დაიბადა განათლებულ ოჯახში, კარგად შეისწავლა იაპონური და ჩინური ლიტერატურა, ამ ხალხების კულტურა. მსახურობდა იმპერატორის კარზე და ახლოს იყო იმპერატორის ოჯახთან. სიცოცხლე დაასროლა, როგორც ბუდისტმა მონაზონმა. მას ეკუთვნის ესეების კრებული “მაკურანო სოოში” – “სასთუმალძე შექმნილი ჩანაწერები”. მისი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში.

უდიდესი მწერალი ქალი მურასაკი შიკიბუ (978-1012 წწ.) ერთ-ერთი პროვინციის მმართველის ქალიშვილი იყო. მსახურობდა ფუჯივარის სასახლის კარზე, იყო ერთ-ერთი დედოფლის მასწავლებელი და სასახლის სეფექალი. მას ეკუთვნის იაპონური ლიტერატურის მწვერვალადა აღიარებული “გენჯი მონოგატარი” (გენჯის ამბავი). ნაწარმოები 54 თავისგან შედგება და მოგვითხრობს უფლისწულ გენჯის თავგადასავალს. ავტორს ერთნაირად ღრმად ესმის მუსიკა, პოეზია, მხატვრობა, ფილოსოფია და სხვ. ნაწარმოები დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერტ საპატიო ადგილს მსოფლიო ლიტერატურაში.
მურასაკი შიკიბუს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო ჰეიანის ეპოქის, არამედ მთელ შემდგომ ოაპონურ ლიტერატურაზე.

წყარო: ჩემი ამჟამადა დაქანცული ხელები და გამომცემლობა “დილის” საყმაწვილო ენციკლოპედიის მეოთხე ტომი.

მსგავსი ამბები

Back to top button