საკითხავისასარგებლოუცნაური

და მაინც, რატომ მოკლეს ჯონ ლენონი?


ყველამ იცის, რომ ჯონ ლენონი მოკლეს, თუმცა ცოტას თუ სმენია, როგორ და რატომ მოხდა ეს. ამ პოსტში გაიგებთ მკვლელობის დეტალებს და მოტივაციებს.

სანამ უშუალოდ ჯონ ლენონის მკვლელობაზე ვიტყოდეთ რამეს, ჯერ მოკლედ გაგაცნობთ მკვლელის ბიოგრაფიას.

მარკ ჩეპმენი 1955 წელს აშშ-ს შტატ ტეხასის ქალაქ ფორტ-უერთში დაიბადა. ბავშვობა მძიმე ჰქონდა. საკმაოდ პატარა ასაკიდან დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება. იგი ბავშვობაში ჯგუფ “ბითლზის” დიდი თაყვანისმცემელი იყო.

16 წლის ასაკში ჩეპმენი მოინათლა ქრისტიანად და მალევე დაიწყო მუშაობა. როცა სწავლა დაამთავრა, საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა. ამ პედიოდში მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, სწავლასაც გული ვერ დაუდო და ამას ისიც დაემატა, რომ იგი მისმა შეყვარებულმა მიატოვა. ჩეპმენმა თვითმკვლელობაზე დაიწყო ფიქრი.

ცოტა ხნის შემდეგ მუშაობა დაცვაში დაიწყო. მან ხელახლა სცადა კოლეჯში სწავლის დაწყება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ისევ დაიწყო თვითმკვლელობაზე ფიქრი. მან თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ამის შემდეგ იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც იგი მცირე ხნით დარჩა და მკურნალობის დასრულების შემდეგ სხვა პაციენტებისთვის გიტარაზე უკრავდა.

ჩეპმენმა ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელა. ამ დროს მისი მშობლები დაშორდნენ და დედამისი მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ჰავაიზე.

მალე ჩეპმენი დაქორწინდა და საავადმყოფოში მბეჭდავად დაიწყო მუშაობა. თუმცა მცირე ხნის შემდეგ ამ სამსახურიდან წამოსვლა მოუწია და კვლაც დაცვაში დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში იგი სასმელს მიეძალა.

1980 წლის ოქტომბერში მარკ ჩეპმენი ნიუ-იორკში გაემგზავრა ჯონ ლენონის მოკვლის მიზნით. მოგვიანებით გადაიფიქრა და ნიუ-იორკიდან ისევ სახლში დაბრუნდა. იგი მკურნალობას აპირებდა. თუმცა 6 დეკემბერს ისევ გაემგზავრა ნიუ-იორკში. 8 დეკემბერს იგი სასტუმროდან გამოვიდა, ისე, რომ პირადი ნივთებიც არ წამოუღია. ეს დღე მან დაკოტას შენობასთან გაატარა, სადაც ჯონ ლენონი და იოკო ონო ცხოვრობდნენ შვილთან, შონთან ერთად. ჩეპმენმა იმ დილით ლენონის მოკვლა ვერ მოახერხა და ლოდინი განაგძრო მის სახლთან. დღის 5 საათზე ჯონ ლენონი მეუღლეთან ერთად სახლიდან გამოვიდა. ისინი ხმის ჩამწერ სტუდიაში აპირებდნენ წასვლას. მათ გარეთ რამდენიმე თაყვანისმცემელი დახვდათ, მათ შორის იყო მარკ ჩეპმენი. მან ლენონს მის ახალ ალბომზე ავტოგრაფი სთხოვა. იქვე იყო ფოტოგრაფიც, რომელმაც დააფიქსირა, როგორ აძლევდა ლენონი მას ავტოგრაფს.

ჩეპმენი მოგვიანებით ამბობდა, რომ იგი დიდ ხანს ებრძოდა თავს, დალოდებოდა ლენონს, თუ სასტუმროში დაბრუნებულიყო.

დაახლოებით 22:50-ზე ჯონ ლენონი და იოკო ონო დაბრუნდნენ. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და დაკოტას შენობის შესასვლელისკენ გაემართნენ. ამ დროს ლენონს მარკ ჩეპმენის ხმა მოესმა. “Mr. Lennon”, ეს იყო ის ორად-ორი სიტყვა, რომლითაც მან ჯონ ლენონს მიმართა. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მან რევოლვერი ამოიღო და ლენონს ხუთი ტყვია ესროლა, საიდანაც მას მხოლოდ ერთი ასცდა. ერთ-ერთმა ტყვიამ ლენონს აორტა დაუზიანა. ამის შემდეგ ჩეპმენი არ გაქცეულა. მან საყვარელი რომანი გადაშალა და პოლიციის მოსვლამდე კითხულობდა. პოლიციამ იგი ზედმეტი გართულებების გარეშე აიყვანა. მომაკვდავი ჯონ ლენონი კი პოლიციის მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ცოტა ხანში საავადმყოფოსთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, სადაც 23:07-ზე გადმოსცეს, რომ ჯონ ლენონი გარდაიცვალა.

სასამართლო პროცესზე ჩეპმენის ფსიქიკური მდგომარების შესახებ აზრები გაიყო, თუმცა იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მხოლოდ იმ მიზეზით არ მოათავსეს, რომ ჯონ ლენონის თაყვანისმცემლების შენობაზე მოსალოდნელი თავდასხმა აეცილებინათ თავიდან. ამიტომ ჩეპმენი საპყრობილეში გადაიყვანეს. 1981 წელს მისმა ადვოკატმა ითხოვა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო ჩეპმენი უდანაშაოლოდ ეცნოთ. თავად ბრალდებულმა არ მოისურვა, რომ იგი შეურაცხადად ეცნოთ. სასამართლომ მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ამასთან ერთად მკურნალობის კურსიც დაუნიშნა.

ჩეპმენმა New York Times-ში შეტყობინება გაგზავნა, სადაც ყველას მოუწოდებდა წაეკითხათ რომანი “The Catcher in the Rye”. იგი ამტკიცებდა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ბევრ კითხვაზე მიიღებდნენ პასუხს.

ჩეპმენმა პატიმრობისას მრავალჯერ ითხოვა შეწყალება და ამბობდა, რომ თუ მის თხოვნას დააკმაყოფილებდნენ, იგი ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, სამსახურს იშოვიდა, გააგებინებდა ყველას, რა მოხდა მის თავს და ქრისტესკენ მიმავალ გზას უჩვენებდა.

ჩეპმენს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. იგი ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო და მშობლების აგრესიამ მასზე ცუდი ზეგავლენა მოახდინა, იგი ნორმალურად ვერ განვითარდა. მას ბევრ სხვადასხვა ფსიქიატრთან გულახდილად უსაუბრია. იგი აღნიშნავდა, რომ მამამისზე ძალიან გაბრაზებული იყო და რომ იგი დედამისს სცემდა.

თავად ჩეპმენი თავს შიზოფრენიით დაავადებულად თვლიდა (როგორც ზიგიერთი ფსიქიატრი). ფსიქიატრთა ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ იგი ფსოქოზით იყო დაავადებული. ერთ-ერთი ჟურნალისტის აზრით იგი სოციოპატი იყო.

ფსიქიატრებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ჩეპმენი სხვა ცნობილი ადამიანების მოკვლასაც გეგმავდა.

მარკ ჩეპმენს ჯონ ლენონის მკვლელობის მოტივაციაზე ბევრი უსაუბრია. იგი ამბობდა, რომ სასტიკად გაბრაზებული იყო ჯონ ლენონზე, იმიტომ, რომ იგი თავის სიმღერებში სიყვარულს და მშვიდობას ქადაგებდა და იდეალურ სამყაროს სახავდა, სადაც არ არსებობს არანაირი საკუთრება. მუხედავად ამისა კი, იგი მილიონერი იყო და ამასთან მრავალი სახლისა, თუ იახტის მფლობელი.

ჩეპმენი ამტკიცებდა, რომ მილიონობით ადამიანი (მისი ჩათვლით) ლენონის სიმღერებში გამოხატულ მსოფლმხედველობებს მთავარ იდეალად ისახავდა და ამ სიმღერების მოსმენის შემდეგ ცვლიდა საკუთარი ცხოვრების წესს, მაშინ, როდესაც ლენონი ამ ადამიანებს მასხრად იგდებდა.

ჩეპმენმა გაიხსენა, რომ მკვლელობიდან რამდენიმე კვირით ადრე იგი უსმენდა ჯონ ლენონის პირველ სოლო ალბომს “John Lennon/Plastic Ono Band”. ეს ალბომი 10 წლის წინ იყო გამოსული, მაგრამ მარკ ჩეპმენი მისმა მოსმენამ განსაკუთრებით გააცოფა. იგი ამბობდა, რომ საშინლად გააბრაზა ჯონ ლენონის შეხედულებებმა ღმერთზე და მისმა სიტყვებმა, როდესაც იგი ამბობს, რომ “ბითლზის” შემოქმედების არ სწამდა. ჩეპმენის თქმით, ამ სიტყვებმა მას გონება დაუბნელა, რადგან მისი აზრით, ლენონს არ ჰქონდა უფლება, ასეთი რამ ეთქვა.

წიგნი, რომელმაც მარკ ჩეპმენი სერიოზულად დააფიქრა ჯონ ლენონზე, იყო “The Catcher in the Rye”. ამ წიგნის პერსონაჟი, ჰოლდენ კაულფილდი მისთვის მისაბაძი ადამიანი იყო. ჩეპმენმა თქვა, რომ წიგნში აღწერილია ჰოლდენ კაულფილდის მსოფლმხედველობები, მის ფანტაზიაში იგი კლდის პირას დგას და ბავშვებს იჭერს, რომლებიც უფსკრულში ცვივიან. ჩეპმენი ფიქრობდა, რომ ჯონ ლენონის მოკვლა მას ჰოლდენ კაულფილდად აქცევდა.

ჩეპმენმა ისიც აღნიშნა, რომ განსხვავებით მისგან, ჰოლდენ კაულფილდს არ შეეძლო ვინმე მოეკლა და რომ თვითონ ხშირად უჩნდებოდა სურვილი ტყვია დაეხალა მათთვის, ვინც მას ცუდად მოექცეოდა, თუმცა მან ისიც დაამატა, რომ რეალობა, ხანდახან განსხვავდება წიგნში გადმოცემული ამბისგან.

2000 წელს, შეწყალების თხოვნისას მარკ ჩეპმენმა აღიარა, რომ იგი ხედავდა ჯონ ლენონს, უკვე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, მიხვდა, რომ ჯონ ლენონიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო.

ჩეპმენმა ისიც აღიარა, რომ როცა ეს დანაშაული ჩაიდინა, იგი ახალგაზრდა და სულელი იყო და ისიც დაამატა, რომ მას ჰქონდა არჩევანი და ძალიან ნანობდა თავის საქციელს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close