შოთა ნიშნიანიძე

მოდით, რამოდენიმე წუთი დავუთმოთ პოეზიას ;)

სასწაული

გუშინ ჩემს ფანჯარასთან გოგონამ ჩაიარა
თითქოს გულში შეირხა ატმის ტოტი ბრიალა.
იმას ჰგავდა, სულ იმას…(ღმერთო რა გამიხარდა!)
მე რომ პატარობაში შეშლილივით მიყვარდა.
გულო, რისა გრცხვენია, შე სულელო, შე გლახა,
განა არ გიხარია იმ ნაღვერდლის შენახვა?
სამარიდან წამოვდექ
თუ ცის გახსნა მეფონა?
დაკარგული სამოთხე დამიბრუნდა მეგონა.
ცაო ეს რა მიყავი
შენს მგალობელ მეგობარს,
ჩემი ბებერი თავი ბიჭუკელა მეგონა.

ო. იმ ციურ სასწაულს
ხვალ, ზეგა თუ გაისად,
თუკი ვერ შემახვედრებ, – დამასიზმრე მაინცა…

***
როცა ქუჩაში ერთად მოვდივართ,
შენი თვალების მზით ვარ შემცბარი,
მე გაზაფხული თავი მგონია
და შენი სახით მომყავს მერცხალი.
როცა მარტო ვარ – ღიმილით მოდის
ერთი,
მეორე,
მერე მესამე:
– მაშინ იმ გოგოს რომ მიჰყვებოდი,
გვითხარი, რატომ არ მოგვესალმე?!

გიტარა

კივის და ტკრციალებს… კივის და ისევე
ტკრციალებს… გედივით იღერებს ყელს…
მუხლებზე ისვამენ…
კალთაში იწვენენ…
უბეში უყოფონ ხელს!…
. . .
კივის და ტკრციალებს…

***
ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც…

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენ სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე ვიწროს არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს ძვირფასო სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

***
გითხარი… გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან:
” რა ცუდი ყოფილხარ… მომეშვი… გამცილდი…
როგორ გამიბედე თქმა”.

არაო, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ –
როგორი კარგი ხარ შენ.

***
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორ ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.

***
შენ მაპატიებ –
სამაგიეროდ:
არც დაივიწყებ არასოდეს მაგ სულგრძელობას,
მე, რა თქმა უნდა, არ გაპატიებ,
სამაგიეროდ არც დაგიხსომებ…

***
მთელი დღე რაღაც მიხაროდა…
და ბოლოს მივხვდი:
ამ დილით იყო – ბრმა ქუჩაზე გადავიყვანე.

სახუმარო

ორშაბათს გოგონა გვიცანი
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი,
ოთხშაბათს წერილი გაუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი აუხსენი
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევ პასუხი მომივიდა
ვაიმე ბედო უკეთურო,
დაბერებულხარო გნოლივითა
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვართქო – დავასკვენი
ჰოდა თავის მოკვლაც დავაპირე.
გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთა ეს უღმერთო.
ელვამ დამიარა კოჭებამდი
დილა მშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?!
უნდა სხვანაირად ვსძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
. . .
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი არ უღმერთოს მგალობელი.

***
ვისაც ვუყვარდი ამ ვინც მიყვარდა,
დიდი ხანია მიწას მიბარდა,
ვისაც მოვწონდი ან ვინც მომწონდა
ახლა მიგონებს სულ სხვა კოცონთან.
წასულან ჩემი გაზაფხულები,
სულ ციტებივით გადაფრენილან
და ძველ ადგილთა მონახულება
ტკივილის გარდა არაფერია.
ასეთი განცდა, განცდა უჩვევი
სწორედ იმნაირ წუთებს მაგონებს –
ტკივილს ტკივლით რომ იყუჩებენ
და სიმწრის გემო რომ სიამოვნებთ.

***
როცა მავანი მეკამათება:
ზოგი ბუხუნებს და ზოგი ყმუის,
ზოგი ძაღლივით აღავღავდება,
ზოგიც სისინებს… არ ვამბობ ტყუილს.
რა აგანგაშებთ,
გულს რა აკლიათ
ვიცი… და
მშვიდად დავიკრეფ გულხელს:
ჩემი თვალები სუფთა სარკეა –
ყველა თავის თავს ხედავს და… უღრენს.

წვიმა და მეზობლის გოგონა

გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს,
ყველა აივანი გადმოკიდევს ჩანჩქერს
და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ,
წვიმის ასაღებად გავარდება კარში,
რომ ხვალ უფრო კარგად
თმები ზიმზიმებდეს,
რომ ხვალ უფრო კარგად
მე ვერ ვიძინებდე.
გარეთ ჩიტუნები გაფანტულან წვიმით,
მე კი ფანჯარასთან ვერ ვიკავებ ღიმილს,
რო მეზობლის გოგომ პატარა და ტყუპი
ორად ორი ჩიტი შეიფარა უბით.
გარეთ ნიაღვარი ქვებზე აქანავებს
ჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს.
მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავს
და მე შენსკენ ვატან გაუბედავ კოცნას…

***
კაცი თავის თავს რომ ვერ პოულობს,
ასე მგონია,
სხვის ადგილს იჭერს.
მოგვიანებით ანდა დროულად
ჩვენ შორის იწვევს ღიმილს და იჭვებს.
ის ეთვისება თამაშს და ნიღაბს,
ათას სიყალბეს,
ათას სიჭრელეს,
დააბრალებენ რაღაცას იღბლად
და სხვა რა გზა აქვს,
ისიც იჯერებს,
სხვის ხვედრს იჩემებს,
სხვის მოწოდებას,
სინდისისა და ტანჯვის გარეშე.

და რომ მოკდება, ღმერთო შეგცოდე,
მგონია, წვება სხვის სამარეში…

***
თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ,
შენ წყენა გრჩება და ტკივილი…
მაგრამ იცოდე:
უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე,
ნესტარს ვიტოვებ და
ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს…


ავტორი: tutiyushi

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC