არქივი

ვინ არიან სალოსები?

8e0c40e2a84f

სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის. სალოსი ქრისტესთვის სულელი , ღვთის გლახა, ანუ ადამიანი, რომელიც უფლის სადიდებლად და საკუთარი ცოდვებისა და ვნებების დასაძლევად იქცევა და ცხოვრობს ისე, როგორც სულელი. წმინდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, სალოსი შინაგანად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველანაირ ნორმას უგულებელყოფს. სწორედ ამიტომ, ისინი ხალხისაგან ვერანაირ კეთილგანწყობას, თანაგრძნობას, პატივისცემას, დაფასებას ვერ იღებენ და უკიდურეს ცოდვილებადაც კი მიიჩნევიან. ეს იმის გამო ხდება, რომ მათი ღვაწლი, წმინდა და ღვთის სათნო ცხოვრება დაფარულია გარშემომყოფთათვის.

ნებისმიერ პიროვნებას აქვს პრეტენზია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ხშირად ადამიანური “ღირსების” დასაცავად ჭეშმარიტ ღირსებას – ღვთის ხატებას შეურაცხვყოფთ. სალოსი კი არაფრად აგდებს ხალხის ქება-დიდებასა თუ ლანძღვა-გინებას. მისი ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი წმინდად ცხოვრება და უფალთან დაახლოებაა.

შესაძლებელია გაგიჩნდეთ კითხვა: რა საჭიროა ყოველივე ამისთვის თავის მოსულელება? პასუხი მარტივია: ისინი ამით უმძიმეს ცოდვას – ამპარტავნებას თრგუნავენ, საკუთარ სათნოებებს ფარავენ. სულელი და არასერიოზული ადამიანის ნიღბით მათ ცოდვებისა და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალებები ეძლევათ, რაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ.

ასეთი დაფარული ღვაწლისა და უანგარობისათვის უფალი სალოსებს სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭს უბოძებს ხოლმე. ისინი ხშირად წინასწარმეტყველებენ, კურნავენ. მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ სალოსობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ადამიანი, რომელიც ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, მოსალოდნელია, დაიღუპოს. ამ შემთხვევაში საშიშროებაა იმისა, რომ არა თუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს და მოღვაწე ხიბლში ჩავარდეს. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გვმართებს. მათთან კავშირი მოძღვართან უნდა შევათანხმოთ, რომ არც ჩვენ გავხდეთ მსხვერპლი და არც მათ შევექმნათ დაღუპვის საშუალებად.

“სალოსობა იმდენად იშვიათი, მძიმე და ამავ დროს მაღალი ქრისტიანული გმირობაა, რომ მხოლოდ განგების რჩეულთა – სულითა და ხორცით უძლიერესთა ხვედრია: – ამბობდა მამა გაბრიელი. მოგეხსენებათ, ისიც სალოსი იყო. საინტერესოა ბერის მეზობლის, რაფიელ კობაჩიშვილის მოგონება: “ჩვენ მამა გაბრიელის მეზობლად ვცხოვრობდით. პატარა ბიჭებს აგვიყოლიებდა ხოლმე, დაგვირიგებდა ჯვრებს და წმინდა ბარბარეს ეკლესიის გარშემო გვატარებდა. ერთხელ რაღაც საოცარი გამომეტყველებით თვალებში ჩამხედა და მითხრა: გახსოვდეს მუდამ, ღმერთი არს! თქვა თუ არა ეს სიტყვები, წაიქცა და თავი დაარტყა მიწას. ხელებს იქნევდა, სულელურად იქცეოდა. მიუხედავად მისი ასეთი საქციელისა, მე მაშინვე მივხვდი, რომ იგი სულაც არ იყო სულელი. მან რწმენით ნათქვამი ორი სიტყვით ღმერთის სიყვარული სამუდამოდ დაამკვიდრა ჩემში”. იმისათვის, რომ სალოსობის ღვაწლის სიძლიერეზე უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, მაგალითად მოვიყვანთ ორი ბერის – წმინდა პიმენ სალოსისა და ნატარი ანდრიას ცხოვრებას:

წმინდა პიმენ სალოსი

b155d3cbf165

მინდა პიმენ სალოსი XIII საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო. ბავშვობიდან ღვთისმოშიშებით იზრდებოდა. საერო და სასულიერო მეცნიერების მცოდნე წმინდა პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ის თავის სულიერ წარმატებას მოგონილი სისულელით მალავდა “და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს”. წმინდანი მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესობას უშიშრად ამხელდა.

მამა პიმენმა მთელი სიცოცხლე ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ ცხოვრებას შეალია. წმინდანის დროინდელი ქვეყანა საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით განაწამებ მოსახლეობაში ურწმუნოება სუფევდა. თავად წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული ადამიანების უწესო ქცევის თანამონაწილე გახდა. საღვთო მადლით სავსე მამა პიმენმა იცოდა, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, ხალხიც მიბაძავდა მათ, ამიტომ ერზე ზრუნვა ხელმწიფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყო.

წმინდა პიმენმა მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატა. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმინდანმა “ნათესავი ლევთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა”.

ღვთის ნებითა და წმინდანთა ლოცვით წმინდა პიმენ სალოსის დიდი სურვილი აღსრულდა: მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ სიცოცხლე მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა. წმინდა პიმენის ხსენების დღეა 16(29) მარტი.

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი

34b26d312e60

ეტარი ანდრია სლავი იყო. სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებაში განსწავლა. ნეტარი თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა. წმინდანთა ცხოვრებებს გულმოდგინედ კითხულობდა და ბოლოს მათი ღვაწლის მიბაძვის სურვილით აენთო.

ერთხელ სიზმარში მამა ანდრიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა: “შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში”. იმ დღიდან ნეტარმა ქალაქის ქუჩებში ძონძებით სიარული დაიწყო. ღამე ლოცულობდა და უფალს ავედრებდა თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის წმინდა ანდრიას წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის ნიჭი უბოძა. ქრისტესთვის სალოსმა პირუთვნელი მხილებით მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული დაღუპვისაგან იხსნა. მათ შორის იყო ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარეობამ შეიპყრო, მამა ანდრიას წყალობით კი კვლავ წმინდა ცხოვრებას დაუბრუნდა.
ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღვთისმშობლის ხილვის ღირსი გახდა. იქ შეკრებილ მლოცველებს წმინდა ქალწულმა თავისი თავსაბური გადააფარა. უფლის რჩეული 936 წელს აღესრულა.

ამგვარი უანგარო და დაფარული ღვაწლის გამო სალოსები ადამიანებისათვის ღვთის წინაშე მეოხნი ხდებიან. მათ შორის ბევრი წმინდანადაა შერაცხული.

წყარო: http://www.ambioni.ge/?s=ვინ+არიან+სალოსები&x=0&y=0

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button