არქივი

მისტიკოსი გიორგი გურჯიევი

nullz

ჩემი პოსტებმა მიუკაკუნეს 200–ს და გადავწყვიტე, რომელიმე მნიშვნელოვან, ბლოგისთვის შესაფერის ადამიანზე გამეკეთებინა თემა. რადგანაც ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ გიორგი გურჯიევზე ჯერ არაფერი დაწერილა, სტატიის თემად ეს სუბიექტი ავიღე. ვფიქრობ, საჭიროა იცნობდეთ ამ ადამიანს, რადგან მისი ნიჭი მსოფლიომ აღიარა, მის ზემოქმედებას განიცდიდა თავად იოსებ სტალინიც. გურჯიევს ბევრი რამ აკავშირებდა საქართველოსთან. ერთ–ერთი ვერსიით კი, ის ვოლანდის პროტოტიპია ბულგაკოვის ნაწარმოებიდან. დანარჩენი გაგრძელებაში ..

ბიოგრაფიული ცნობები

ცნობილი მისტიკოსისა და მედიუმის გიორგი გურჯიევის წარმომავლობა და ბიოგრაფიული მონაცემების ნაწილი დაზუსტებით არაა ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1866-დან 1877-მდე წლებს. პასპორტის მიხედვით, ის დაბადებული იყო 1877 წლის 28 ნოემბერს, თუმცა მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ამას უტყუარ ფაქტად ვერ მივიღებთ (უფრო კონკრეტულად ქვემოთ შეიტყობთ). აზრთა სხვადასხვაობაა მის ბიოგრაფებს შორისაც. მაგალითად, ჯეიმს მური 1866 წელს მიიჩნევს უფრო შესაფერისად, უილიამ პეტერსონი – 1872-ს. ოჯახის შესახებ ტრადიციულად მიჩნეულია, რომ პონტოელი ბერძენი მამისა და სომეხი დედის ოჯახში დაიბადა. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ქართველებს “გურჯებს” ეძახიან, ამიტომ გვარის გამო მის ქართულ ფესვებზეც არის ეჭვები.

hgfh0
გურჯიევის ოჯახი

ამერიკელი მისტიკოსი და ოკულტური წიგნების ავტორი დევიდ ალან ჰულსი წიგნში “ენციკლოპედიური მეგზური წმინდა ენებისკენ” საუბრობს ქართულ ენაზე (გვ.218) და იქვე აყოლებს: ქართულ დამწერლობაში ძირითადად ორი სტილია გავრცელებული: ხუცური, რომელიც მრგვალი ფორმებით გამოირჩევა და მხედრული. მხედრული დამწერლობა ძალიან ჰგავს იმ საიდუმლო ანბანს, რომელსაც გურჯიევი იყენებდა წერისას. შეიძლება სწორედ ეს დამწერლობა დაგვეხმარება, გავშიფროთ მისი სიმბოლოები (ე.წ. “ენაგრამები”), რომლებსაც ნაშრომებში რთავდა.

გურჯიევი გაიზარდა ყარსში და მსოფლიოს მრავალი ადგილი მოიარა – ცენტრალური აზია, ეგვიპტე, ევროპა.. 1912 წელს რუსეთში დაბრუნდა და თქვა: “დავიწყე რუსეთით და დავასრულე რუსეთით.” 1912 წელს მოსკოვში მას უკვე გამოუჩნდა მოწაფეები. ამავე წელს იქორწინა პოლონელ ჯულია ოსტროვსკაზე და გადავიდა სანკტ-პეტერბურგში. მის მოწაფეებში ირიცხებოდნენ ფილოსოფოსი პიოტრ უსპენსკი, კომპოზიტორი ტომას დე ჰარტმანი და მისი მეუღლე ოლგა. 1916 წელს კი უკვე 30 მიმდევარი ჰყავდა.

1917 წელს სომხეთში, ალექსანდროპოლში დაბრუნდა. ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდში თავის სწავლებებს ავრცელებდა ესენტუკში, ტუაფსეში, მაიკოპში, სოჭაში, ფოთში. 1918 წელს უსპენსკი მას გამოეყო. 1919 წელს გურჯიევი ყველაზე მეტად დაახლოებულ მოწაფეებთან ერთად ტიფლისში (თბილისში) ჩამოვიდა. აქვე გახსნა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”, რომელსაც შემდგომში ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მალე მას ოჯახის წევრებმა ჩააკითხეს და შეატყობინეს, რომ თურქებმა მამამისი დაჭრეს სომხების გენოციდის დროს, დედა და რამდენიმე ნათესავი კი ტიფმა იმსხვერპლა. 1920 წელს სიტუაცია აირია და ჯერ ბათუმში, შემდეგ კი სტამბულში გადაინაცვლა. აქ მოწაფეებთან ერთად გაეცნო დერვიშების ადათ-წესებს, დაინტერესდა სუფისტური ცერემონიით ‘სამა’. სტამბულშივე შეხვდა ბრიტანელ მეცნიერს, მკვლევარსა და მწერალს ჯონ ბენეტს, რომელიც მალევე გახდა მისი და უსპენსკის მიმდევარი.

1921-22 წლებში მისტიკოსმა შემოიარა დასავლეთ ევროპა, ლექციებს ატარებდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი და ლონდონი. აქ შეძენილი მოწაფეებიდან აღსანიშნავია ბრიტანელი ინტელექტუალი ალფრედ რიჩარდ ორეგი.

1924 წელს პარიზიდან ბრუნდებოდა, როცა ავარიაში მოყვა და მძიმედ დაიმტვრა, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. არის ვარაუდი, რომ ეს ავარია თავიდან მოსაშორებლად მოუწყეს. თავისი ცოდნის დახმარებით მას ექიმი არც დასჭირვებია, ისე გამოჯანმრთელდა. ამავე წელს დაიწყო წერა წიგნისა “ყველა და ყველაფერი”. 1925 წელს მისი ცოლი კიბოთი დაავადდა. სამწუხაროდ, ვერც რადიოთერაპიამ უშველა და ვერც გურჯიევის მკურნალობამ და 1926 წლის ივნისში გარდაიცვალა. ფრიც პიტერსის წიგნი “გურჯიევი ამერიკაში” გვამცნობს, რომ მისტიკოსი 1925-26 წლებში აქტიურად სტუმრობდა ნიუ-იორკს და თავისი ქონება დაახლოებით 1 მილიონი დოლარით გაზარდა (გაითვალისწინეთ, როდის ხდება მოქმედება და მცირე თანხად არ მოგეჩვენებათ).

სწავლებას და ქადაგებას გიორგი მეორე მსოფლიო ომის დროსაც აგრძელებდა. ამ პერიოდში ის პარიზში ცხოვრობდა.

9vmmh
გურჯიევი პარიზში, თავის “სიტროენში”.

გარდაიცვალა 1949 წლის 29 ოქტომბერს საფრანგეთში, ამერიკულ საავადმყოფოში. დაკრძალულია ფოტენბლოს სასაფლაოზე.

itkqv
გურჯიევი დაკრძალვისას

პიროვნული თვისებები

მისი თანამედროვეები არცთუ ისე დადებითად ახასიათებდნენ გიორგის. მათი აღწერით, მისტიკოსი ფრიად ცბიერი და საშიში ადამიანი იყო. მისი ქარიზმა ვერავის დატოვებდა გულგრილს. ჰქონდა ადამიანის დაჰიპნოზებისა და მისტიფიკაციის საოცარი უნარი. მასთან საუბრისას ყველა კარგავდა დროის შეგრძნებას. ბევრ მათგანს ეგონა, რომ საუბარი სულ ახლახანს დაიწყეს, არადა უკვე 6 საათი იყო გასული. როცა ევროპელ ინტელიგენტებს მათივე ისტორიიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელ საინტერესო ამბებს უყვებოდა, ისეთ წვრილმანებს ახსენებდა, რომ ტოვებდა შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. ადამიანებთან კონტაქტისას სიფაქიზეს ავლენდა, ყველას სხვადასხვანაირად ესაუბრებოდა. სადაც კი ჩადიოდა, ყველას თავიანთ მშობლიურ ენაზე უსაუბრებოდა, არასდროს სჭირდებოდა თარჯიმანი.

ფილოსოფია, იდეოლოგია და პრაქტიკა

გურჯიევი ამტკიცებდა, რომ მის მიერ შემუშავებული ინფორმაციის ათვისება ადამიანს ჭეშმარიტების კარს გაუღებდა. ეს ინფორმაცია კი დამყარებული იყო უძველეს რელიგიებზე, სხვადასხვა ხალხების ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე. მისი მოწაფეები სულიერ ლიდერად მიიჩნევდნენ, ასევე ეზოთერიკოსად და ოკულტისტად.

ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას, რადგან ისინი იმყოფებიან ერთგვარ “ფხიზელი ძილის” მდგომარეობაში. “ადამიანი ცხოვრობს ძილში და ძილშივე კვდება”. გურჯიევის მტკიცებით, ადამიანები რომ უფრო გააზრებულ მდგომარეობაში იყვნენ, არ მოხდებოდა ისეთი საშინელებები, როგორიც მაგალითად ომია. ადამიანები ერთფეროვანი ყოველდღიურობის გამო ერთგვარად დაჰიპნოზებულნი არიან და გაუცნობიერებლად ემგვანებიან მექანიკურ სათამაშოებს.

მისტიკოსი ამბობდა, რომ რელიგიები და უძველესი ტრადიციები ერთ დროს დიდ ცოდნას ინახავდა, მაგრამ ადამიანებმა ზოგჯერ თავიანთი პატივმოყვარეობის გამო, ზოგჯერ კი უნებლიედ დაამახინჯეს და არსი დაუკარგეს, ამიტომ მათ აღარ ჰქონდათ ის ძალა, რაც უწინ. ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი, გაერჩია კარგი და ცუდი, ჩასწვდომოდა ჭეშმარიტებას. ამის ნათელი შედეგი იყო 1914-18 წლებში მიმდინარე I მსოფლიო ომი.

5cf16
გურჯიევი მოწაფეებთან ლექციისას

ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან – სხეული, გონება და ემოციები. ჰარმონიისთვის საჭიროა სამივე მათგანი განვითარდეს. ამიტომაც გურჯიევმა შეიმუშავა სისტემა “მეოთხე გზა”, რომლის შესრულებაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა იმდროინდელი საშუალო ევროპელისა და ამერიკელისთვის. თუმცა ამ ტერმინს თავად არ ხმარობდა, “მეოთხე გზა” მისმა მოწაფეებმა უწოდეს, სალაპარაკო ენაში კი გავრცელდა უსპენსკის წიგნის “მეოთხე გზის” შემდეგ, რომელიც მისტიკოსის ლექციებზე იყო დაფუძნებული. სწავლებას ასევე უწოდებენ “გურჯიევის ნაშრომს”, “სისტემას”, “საკუთარ თავზე მუშაობას” და ა.შ.

მეოთხე გზა ასწავლის ადამიანს, როგორ მოახერხონ ყურადღებისა და ენერგიის მართვა თავიანთ სასარგებლოდ, განავითარონ ფარული უნარები, ნაკლები დრო დაუთმონ ოცნებებს და იყვნენ მობილიზებულნი. ადამიანი არ იბადება სულით, არამედ თავისი ცხოვრება უნდა წარმართოს ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული, თუ არადა “მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება, მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.

გურჯიევს შემუშავებული ჰქონდა მოძრაობების სისტემა, რომელსაც “წმინდა ცეკვებს” ეძახდა. მას მოწაფეებთან ერთად ასრულებდა. ამ ცეკვების სისტემას მოგვიანებით “გურჯიევის მოძრაობები” ეწოდა. მათი საწყისები იმალება სხვადასხვა რელიგიებში, ასევე ტრადიციებში, რომლებიც სათავეს იღებენ ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, ტიბეტში, შორეულ აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

ცეკვები შედგებოდა 39 მოძრაობისგან:

1. ავტომატი
2. ლოცვა სამ ნაწილში
3. ოთხი თვალწარმტაცი სანახაობა
4. ლოცვა სწავლებისთვის
5. დერვიშის მითითება
6. მოძრაობა კანონით
7. ეზოთერიკა
8. ტრიადები წყვილებში. სირთულეები სიმარტივეში
9. ‘ოლბოგმეკი’, ანუ ორმაგი გამრავლება
10. ნათელი ცეკვა
11. უფალო შეგვიწყალენ
12. ალილუია
13. მოძრაობის ლოცვა
14. წმინდა წიგნის კითხვა
15. ტიბეტური დღეები
16 – 17. ცხრაკუთხედის გამრავლება
18 – 19. ვარჯიშის შეწყვეტა
20. ექვსი გადააადგილება. დერვიშების ვარჯიში
21. სინდისის ქენჯნა
22. მეზოთერიული სერიები
23 – 24. ჩაძე ვაძე (უფალო, შეგვიწყალენ!)
25. შავი და თეთრი მაგია
26. გამრავლება
27. კანონი
28 – 29 – 30. კოსმიური ცეკვა
31. თხუთმეტი რიტმი
32. ავტომატი
33. ვარჯიში ‘ამერიკაში დაბრუნება’
34. გამრავლება
35 – 36. დერვიშების მოძრაობა
37 – 38. კანონი
39. ფიქრი, შეგრძნება, ემოცია

გურჯიევი ასწავლიდა, რომ სულიერი განვითარება შედგებოდა სამი ნაწილისგან, სამი გზისგან:

  • ფაკირის გზა
  • ეს ნაწილი მოიცავდა რთული ფიზიკური ვარჯიშებისა და პოზების შესრულებას, ემსახურებოდა სხეულის განვითარებას. დაფუძნებული იყო ფაკირების, ანუ მუსლიმი სუფისტი ასკეტების პრაქტიკაზე.

  • ბერის გზა
  • ბერის, იგივე მონაზვნის ვარჯიშები მიმართული იყო ემოციური წონასწორობის განვითარებისკენ. ყურადღება ექცეოდა ბილწი ვნებების დათრგუნვას და სულიერი, ჭეშმარიტი შეგრძნებების განვითარებას. დაფუძნებული იყო ქრისტიანი და ბუდისტი ბერების პრაქტიკაზე.

  • იოგის გზა
  • დაფუძნებული ინდუისტი და სიქჰისტი იოგების პრაქტიკაზე, იოგის ვარჯიშები ემსახურებოდა თვითშემეცნებას, ავითარებდა გონებრივ შესაძლებლობებს და ფარულ ნიჭებს.

    5zwhc

    ეს სამი ნაწილი მთლიანობაში ადამიანს წარუძღვებოდა ჰარმონიისა და სრულყოფისკენ, რაც იყო კიდეც ნებისმიერი რელიგიის ძირითადი არსი. სამი გზა იკვრებოდა ერთ მთლიანობად, ჭეშმარიტ სწავლებად, რომელსაც სიმბოლურად ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მაგრამ ეს ცოდნა არ იყო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ის არ წარმოადგენდა დაფარულ საიდუმლოს, მაგრამ ბევრს უბრალოდ არ აინტერესებდა. მხოლოდ მცირედნი, ვინც აღმოაჩენდნენ მასში ხსნის გზას, მიჰყვებოდნენ კიდეც. გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანების მხოლოდ 20% დაფიქრებულა ერთხელ მაინც მაღალ ღირებულებებზე. მათგან მხოლოდ 20%-ს გადაუწყვეტია რამის გაკეთება ამ მხრივ, და ამ მცირედის 5% აღწევდა რაიმე შედეგს. ანუ საბოლოო ჯამში, 0.002%, იგივე 500-დან ერთი ადამიანი აღებდა კარებს რეალობაში.

    ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლებისა იყო ის, რომ გურჯიევის აზრით, სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში. თუკი ადამიანი ერთი რამის შესწავლას მიჰყოფდა ხელს, ის მისდაუნებურად აითვისებდა სხვა რამესაც და შეიძენდა ახალ უნარ-თვისებებს.

    გავლენა

    თავისთავად ცხადია, გურჯიევი ეხვეოდა ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში. ბევრი მას მიიჩნევდა შარლატანად, რომელსაც ეს ყველაფერი საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა. თუმცა აშკარაა, რომ მან გავლენა მოახდინა უამრავ მისტიკოსზე, მოაზროვნეზე, მწერალზე, ლიდერზე. მაგალითისთვის საკმარისია ორი პიროვნება, რომლებზეც ამ ბლოგზე ცალ-ცალკე პოსტებია: ოშო და კარლოს კასტანედა. მისი წიგნები ბესტსელერი იყო, თავად გურჯიევზე კი რამდენიმე ათეული წიგნი დაიწერა.

    “ღმერთის მოსვლის მაცნე”. დაიბეჭდა 1933 წელს.

    ტრილოგია “ყველა და ყველაფერი”
    * ნაწილი I – “ბელზებუბის ამბები, რომელსაც შვილიშვილს უყვებოდა”. დაიბეჭდა 1950 წელს
    * ნაწილი II – “შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან”. დაიბეჭდა 1963 წელს
    * ნაწილი III – “ცხოვრება მხოლოდ მაშინაა რეალური, როცა ‘მე ვარ’ “. დაიბეჭდა 1974 წელს

    “ხედი რეალური სამყაროდან”. დაიბეჭდა 1973 წელს

    ასევე გადაღებულია ფილმი შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან.

    როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გურჯიევი ერთ-ერთი ვერსიით ითვლება ვოლანდის პროტოტიპად. რუსული გაზეთი “Ставропольская правда” 2006 წლის 4 თებერვლის ნომერში წერს:

    – არ გვაქვს დაზუსტებული ცნობები იმის შესახებ, მისტიკოსი მართლა შეხვდა თუ არა ბულგაკოვს, თუმცა ის რომ მწერლის შთაგონების წყარო გურჯიევია, აშკარაა. ამასთან, 1917 წელს ორივე ესენტუკში ისვენებდა და ეს კიდევ უფრო ზრდის ალბათობას. ასევე ცხადია, რომ მეოცე საუკუნის მთელი რუსული ინტელიგენცია ამ საოცარი ადამიანის გავლენის ქვეშ იყო.

    გაზეთი ასევე საუბრობს გურჯიევისა და სტალინის ურთიერთობაზე. ისინი საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და არის ვარაუდი (არცთუ ისე საფუძველს მოკლებული), რომ ერთად სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა ამ დროს მისტიკოსს იმხელა ცოდნა ჰქონდა, გასაკვირია, სემინარიაში სწავლა რაში სჭირდებოდა. მაგრამ დადასტურებულია ის, რომ ეს ორი მეგობარი ამ პერიოდში ერთ ბინაში ცხოვრობდა თბილისში. თავის მხრივ, გურჯიევიც განიცდიდა სტალინის გავლენას და მასთან ერთად მონაწილეობდა აჯანყებებში. მოგვიანებით, ის იხსენებდა, როგორ დაჭრეს კავკასიაში ყოფნის პერიოდში – მას ტყვია მოხვდა 1904 წელს ჭიათურაში, როცა ის და იოსები საფოსტო ეტლის გაძარცვას ცდილობდნენ.

    მკვლევარების დიდმა ნაწილმა გურჯიევის გავლენა აღმოაჩინა სტალინის რიგ ნაშრომებში. გურჯიევისვე გავლენით შეიცვალა სტალინმა დაბადების თარიღი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისას: ის დაბადებული იყო 1878 წლის 18 დეკემბერს, მისტიკოსმა კი შეაცვლევინა და 1 წლითა და სამი დღით წინ გადააწევინა – 1879 წლის 21 დეკემბერი. ამით დიდ ბელადზე მაგიურ-ოკულტური გავლენის მოხდენა შეუძლებელი გახდა. ამ ფაქტის გამო რეალობას არაა მოკლებული აზრი, რომ იგივე მიზეზით თავად გურჯიევსაც შეცვლილი ჰქონდა დაბადების თარიღი.

    v2k29

    ციტატები ნაშრომებიდან

  • შეუძლებელია მიხვდე, რომელია მცდარი გზა, თუკი თავდაპირველად არ შეიცნობ სწორ გზას.
  • ყოველდღიურობაში ჩვენ ხშირად ზედმეტ, უსარგებლო რამეებზე ვსაუბრობთ. რომ შევამციროთ ჩვენი საუბრის ხანგრძლივობა და მხოლოდ სასარგებლო რამეები ვთქვათ, ძირითადად ჩუმად მოგვიწევს ყოფნა. იგივე ეხება ძილს, ჭამას და სხვა ხორციელ სიამოვნებებს.
  • ადამიანის ევოლუცია ეს იგივე შემეცნების ევოლუციაა.
  • შეუძლებელია ადამიანის პიროვნული “მე” იყოს მუდმივი. ის ყოველ წუთს იცვლება მისი ფიქრების, აზრების, ქცევების, განწყობის გამო. ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ ჩამოყალიბებული, უცვლელი პიროვნებები არიან, მაგრამ რეალურად მათი “მე” ყოველდღე იცვლება და ახლდება. ჩვენ ისიც კი არ ვართ, რაც ვიყავით თუნდაც ნახევარი საათის წინ.
  • საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ადამიანი ვერ გათავისუფლდება, ვერ იქნება საკუთარი თავის მმართველი (ანუ თავის-უფალი) და სამუდამოდ მონად დარჩება.
  • შემეცნების ერთგულება თავისუფლებაა, გრძნობების ერთგულება სისუსტე, სხეულის ერთგულება კი სისულელე.
  • შემეცნების იმედად ყოფნა ძალაა, გძნობების იმედი მონობა, სხეულის იმედი კი ავადმყოფობა.
  • რწმენას ადამიანს ვერ მისცემ, ის თავისთავად უნდა აღმოცენდეს სწავლისა და შემეცნების ხარჯზე.
  • ცოდნა და შეცნობა სხვადასხვა რამეა. მხოლოდ შეცნობა გაგიძღვება თავისუფლების არსისკენ, რაშიც ცოდნა მხოლოდ პატარა როლს თამაშობს.
  • ყველა რელიგია საუბრობს სიკვდილზე, რომელიც დედამიწაზე არსებობის დასასრულია, არადა სიკვდილი ხელმეორედ დაბადებამდე უნდა დადგეს. მაგრამ საკითხავია, რა უნდა მოკვდეს? პირველ რიგში, მცდარი აზრები, უსარგებლო ფიქრები და ეგოიზმი. ამის შემდეგ იშვება ხელახლა ადამიანი. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ძალიან რთული მანქანები ვართ, ამიტომ ეგოიზმის მსხვრევა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
  • გულწრფელობა ის გასაღებია, რომელიც ახალ სამყაროში გაგიხსნით კარს. სამყაროში, სადაც ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენთ. ნელ-ნელა უნდა მოიშოროთ ის ნიღაბი, რომელსაც ყოველდღე ატარებთ ხალხთან ურთიერთობისას.
  • დაეხმარე მხოლოდ მას, ვინც შორსაა სიზარმაცისგან.
  • პატივი ეცი ყველა რელიგიას.
  • ნუ განსჯი კაცს სხვისი მონათხრობით.
  • ასწავლე სხვას და ისწავლი შენც.
  • აქ (იგულისხმება ლექციაზე) არ არიან არც რუსები და არც ინგლისელები, არც ქრისტიანები და არც იუდაისტები, არამედ მხოლოდ ისინი, ვისაც აქვს ერთი მიზანი – იცხოვროს სწორად.
  • და ბოლოს, რა თქმა უნდა, ზი ენდ :mamao:

    მსგავსი ამბები

    Back to top button