ქართველი მოგზაურები (ნაწილი I)

მსოფლიოს მოგზაურთა გალერეას არაერთი ჩვენი თანამემამულე უნდა ამშვენებდეს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ სახელებს, მიზეზთა გამო, აღიარება არ ჰქონია. ან როგორ ექნებოდა, როცა მათი მოგზაურობების ამბები სათანადოდ არ გახმაურებულა და ჩვენთანაც კი ბევრისთვის უცნობია. არადა, ისინი ტოლს არ უდებდნენ თავიანთ თანამედროვე უცხოელ მოგზაურებს და ზოგჯერ აჭარბებდნენ კიდეც.

ერთ-ერთი ასეთი გახლდათ თამარ მეფის მდივანი ჩახრუხაძე, რომელმაც 1193-1203 წლებში თავისი დროისთვის ცნობილ სამივე კონტინენტზე: ევროპაში, აზიასა და აფრიკაში იმოგზაურა. ამ მოგზაურობისას მან ევროპელთაგან პირველმა მოინახულა არაერთი ქვეყანა თუ ქალაქი და როგორც თავადვე გვაუწყებს, “არვისად სწორად წავიდის შორად, ინდოეთს იყვის მისი საზღვარი”. ასე შორს მანამდე არავინ გადგომია გზას, მაგრამ ჩახრუხაძემ მოგზაურობის “საზღვარი” ინდოეთის კიდეზე როდი გაავლო. იქიდან მან ჩინეთისკენ გააგრძელა გზა, მოინახულა პეკინი, გადავიდა მონღოლეთში, იყო ხატაეთში, ხაზარეთში, რუსეთში, იქიდან კიევის რუსეთის გავლით დასავლეთიდან შავ ზღვას დაუყვა, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით გაეცნო საბერძნეთს, იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ქვეყნებს; იქიდან წითელ ზღვას შემოუარა, მიაღწია მექას, ბასრას, ბაღდათს და თავრიზს. თავრიზიდან შინ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ კვლავ თვისი ფანტასტიკური მოგზაურობა განაგრძო…

მსგავსი მოგზაურობა ლამის საუკუნის შემდეგ, ნაწილობრივ გაიმეორა მარკო პოლომ, რომლის სახელი დღეს მთელ დუნიაზეა ცნობილი, ჩახრუხაძეზე კი, მსოფლიოს ვიღა ჩივის, მისი ბიოგრაფიის მკვლევარებმაც კი ცოტა რამ თუ იციან. და რაც იციან, ისიც თავად ჩახრუხაძის “ქება მეფისა თამარისი” წყალობით. სწორედ “თამარიანის” შესწავლის საფუძველზე გვამცნობს მისი ავტორის ვინაობას ანტონ კათალიკოსი, რომელიც თხზულებაში “წყობილსიტყვაობა” წერს: “ჩახრუხაის ძე-უცხო პიიტიკოსი თამარ დიდისა მკობი შაირებითა შოთას შაირთა, თუ სთქვა უკეთესსთაცაა, მთქმელი მესტიხე, დიდი სიბრძნის მოყვარე, ყოვლად საქები რიტორთ მესტიხთ გვირგინი”. იოანე ბატონიშვილი კი ჩახრუხაძეს ასე წარმოგვიდგენს: “ჩახრუხ ჩახრუხაძის-ძე, კაცი მეცნიერი ცერემინმეისტერი, თამარ მეფისა, მეცნიერებით სრული და რიტორ-მჭევრ-მოუბარი, რომელსა უწოდებენ ქართველნი მესტიხეთ გვირგვინად”. ჩახრუხაძეს არჩილ მეფეც მიაპყრობს მზერას და მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული სინანულითაც ამბობს: “ჩახრუხაძე ბრძენთ ვაბაძნეთ, მაგრამ სახელს გვიმალავსა”…

შესაძლოა, ჩახრუხაძეს გრიგოლი ერქვა. ყოველ შემთხვევაში, კორნელი კეკელიძე ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს გელათის მონასტრის “დიდი სჯულის კანონზე”, რომელიც სავარაუდოდ, მე-13 საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. ამ “სჯულის კანონზე” დართულ ანდერძში ნათქვამია: “…გლახაკი გრიგოლ ჩახრუხაიძე მომიხსენიეთ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა, რომელმან დიდითა გულსმოდგინებითა გადავწერე თავისითა ხელითა ქრისტიანეთა წინამძღუარი დიდი ესე სჯულის კანონი საუკუნოდ მოხსენიებულისა და ჩვენ ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავსმდებლისა არსენ იყალთოელისა თარგმნილი”… კორნელი კეკელიძის აზრით, “გლახაკი გრიგოლ ჩახრუხაიძე” და “თამარიანის” ავტორი ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს, რადგან ერთმანეთს ემთხვევა მათი ლექსიკა, მეტყველების სტილი, თხრობის მანერა, ხელნაწერის თარიღი და სხვა…

საინტერესოა ნიკო მარის მოსაზრებაც, რომლის მიხედვით ჩახრუხაძე და შოთა რუსთაველი ასევე ერთი და იგივე პიროვნებაა. ამის დასტურად ნიკო მარს მოჰყავს “თამარიანის” 75-ე სტროფიც: “მაშა, მეხელი, მაშა მეხელი, მათ ვამგებლობდე, და-ცა-ვსცე ნალი! ვინ აშენ ებრად, ვი ა შენებრად თვალთ-შეუდგამი ნათლის მფენელი?” ნიკო მარის აზრით, “მაშა, მეხელი” მოხეტიალე მესხად უნდა გავიგოთ, სხვა მკვლევართა ფიქრით კი ჩახრუხაძე მოხევეა, რაც თავად “თამარიანის” ერთი სტროფითაც დასტურდება: “მოხევის ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი”. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წინათ ხევი მხოლოდ დღევანდელ ხევს არ ეწოდებოდა და მას უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. აკი არჩილ მეფე მას მოხევესთან ერთად მთიულსაც უწოდებს: “მოხეველისმან, ჩახრუხელისამ, ლექსთა სიტკბომან ამიყოლია, მისებრ მთიელი, სიბრძნით ღვთიული, თამარის კიდე ვისცა ჰყოლია?”… თუმცა, არც “მთიელი” და “მთიულეთი” იყო საქართველოს მხოლოდ ის კუთხე, რომელსაც დღეს ვუწოდებთ, წინათ ამ სიტყვაში ხომ მთელი კავკასიონის მთიანეთი იგულისხმებოდა. მთიელი იყო, მოხევე თუ მესხი, ჩახრუხაძე “თამარიანის” ავტორია, რომლის ნიჭის შესამკობად ეპითეტებს არ იშურებენ: “თამარ დიდის მმკობი შაირებით”, “მჭევრმოუბარი”, “მთქმელი მესტიხე”, “ფილასოფოსი”, “მეცნიერებით სრული”, “რიტორტ-მესტიხით გვირგინი”, “დიდი სიბრძნისმოყვარე”, “დიდი რიტორია”… “დიდი რიტორია” და უდიდესი მოგზაურიც, რომლის მარშრუტმაც იმ დროისთვის ცნობილი ლამის მთელი მსოფლიო მოიცვა.

ჩახრუხაძის საარაკო ოდისეა მკვლევართა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ამ მხრივ ჩახრუხაძისთვის მზერა მიუპყრიათ: პავლე ინგოროყვას, ლევან კარბელაშვილს, კობა ხარაძეს… მაინც, რამ წაიყვანა თამარ მეფის კარის მეხოტბე დედამიწის კიდით კიდემდე, ქვეყნის დასალიერში? ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი თამარისადმი უიმედო სიყვარული იყო. ან იქნებ სამეფო კარზე მის წინააღმდეგ რაღაც ინტრიგები ჩაიხლართა, ან პირიქით მოგზაურობის მიზეზი ჩახრუხაძისადმი გამოცხადებული დიდი ნდობა იყო, რაც დიპლომატიურ მისიაში, პოლიტიკურ ამოცანაში, სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემის თუ სხვა რამ საკითხთა გადაჭრაში ეკისრებოდა. ვინ იცის, იქნებ არც ერთი იყო, არც მეორე, არც მესამე და ჩახრუხაძე უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო გაუდგა იმ ხიფათებით აღსავსე გზას, რომელსაც მთელი ათი წლის განმავლობაში სიცხეში, სიცივეში, ქარსა და ავდარში მიუყვებოდა უკაცრიელ ველ-მინდვრებსა თუ უდაბურ ადგილებს, სადაც ნაირგვარი მტაცებელი ნადირ-ფრინველი ბინადრობდა: “ჩემსა მოყმესა, ლომთა მოძმესა, ვის არად უჩანდის სახლი და კარი, დამეტეს მქნელად: გაიჭრეს ველად, სადგურად ჰქონდის ლომთა შამბნარი”. ამ შამბნარში შარაგზის ავაზაკებიც ჩასაფრებულიყვნენ, რომლებიც თავს ესხმოდნენ მოგზაურს და ძარცვავდნენ. და არა მხოლოდ ძარცვავდნენ. ერთ-ერთი თავდასხმისას ჩახრუხაძეს ყმებიც დაუხოცეს, მაგრამ არც ამას შეეპუა და გზა განაგრძო, რასაც თავად ასე გადმოგვცემს: “ატალას მოჰყვის, ქვეყანას მოსცვის, არვისი ჰქონდის შესაპოვარი”… ამ სახიფათო მოგზაურობისას ჩახრუხაძე მხოლოდ ფათერაკებით აღსავსე გზაზე როდი დადიოდა. პერიოდულად იგი საამურ ცხოვრებაშიც იყო და ღამ-ღამობით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ნაცვლად სასახლეებში ატარებდა დროს.

საქართველოს დატოვების მერე თავდაპირველად მან სპარსეთში იმოგზაურა, სულთანსაც შეხვდა და მის კარზე ფრიად პოპულარული პიროვნება გახდა, როგორც უაღრესად განათლებული და ნიჭიერი პოეტი: “მოვლის სპარსეთი, სხვა ქმნის ასეთი, სულთანი ნახის ცათა მცთუნარი, იგავნი უთხრნის, მეფენი უქნის, მათადვე სწორად მათი ლაშქარი. მოყვასთა წინად პირი ქმნის შინად, ჩემთვის მოჰქონდის ხმელთა ავარი'”. მერე, როცა ჩახრუხაძემ აზიის ქვეყნები მოიარა და ევროპას კიევის სამთავროდან დაუყვა, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც ორთავ მხარეს “მოვლნის ქალაქნი, ზღვისა ალაგნი, სრულად ეგვიპტე, არაბთა მხარი”, მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალა. არაბეთში, სადაც იემენიდან მეწამული ზღვით გადავიდა, მაჰმადიანობა მიიღო და იქაური ქალი ცოლადაც შეირთო. ეტყობა, სწორედ ამის წყალობით იგი გახდა პირველი მოგზაური, რომელმაც მოიარა ლამის მთელი არაბეთი, მოინახულა მექა და მუსლიმანთა სხვა წმინდა ადგილები, რაც სხვა სარწმუნოების კაცისთვის წარმოუდგენელი იყო.

ბოლოს ჩახრუხაძემ შინ დაბრუნება გადაწყვიტა და 1203 წელს ბაღდადს ეწვია. იქ მოგზაურის შესახვედრად მისი ძმა და მეგობრებიც ჩავიდნენ, მაგრამ იგი საქართველოში რატომღაც აღარ დაბრუნდა და მან კვლავ მოგზაურობა განაგრძო. ვინ იცის, იქნებ ჩახრუხაძემ ბაღდადში ახლობლებისგან რაღაც ცუდი, თავზარდამცემი ამბავი შეიტყო და შინ დაბრუნება სახიფათო შეიქმნა. ყოველ შემთხვევაში, თავად წერს: “მო-გლახ-ველოდი! დამეცის ზარი, დამტყდიან ცანი! – “კვლავ განვვლი ზღვანი – დავრჩი უსულოდ, მართ ვითა მკვდარი”. მკვლევართა ვარაუდები ჩახრუხაძის შემდგომი მოგზაურობის თაობაზე განსხვავებულია. ერთი ვერსიით, ჩახრუხაძე კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა და იერუსალიმში აღესრულა, ხოლო მეორე ვარაუდით იგი საქართველოში ჩამოვიდა, მის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები და აქვე გარდაიცვალა 1203 წელს.

სამწუხაროდ, ჩახრუხაძის მოგზაურობის ამბებს მხოლოდ მისი “თამარიანის” წყალობით ვგებულობთ, არადა, მას უთუოდ ექნებოდა თავისი ოდისეის ჩანაწერები, გეოგრაფიული აღწერილობა-დახასიათება, ხალხთა ეთნოგრაფიული დაკვირვებები, მათი ყოფა-ცხოვრების ამსახველი მასალები, რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასეა თუ ისე, ჩახრუხაძე არა მხოლოდ ქართული პოეზიის ერთ-ერთი მშვენებაა, არამედ დიდი მოგზაურიც, რომლის ჩანაწერებიც, ვინ იცის, იქნებ რომელიმე ქვეყნის მუზეუმის საცავში მტვერწაყრილი ინახება

წყარო: 24საათი. ge


ავტორი: omo

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC