საკითხავისასარგებლოსაქართველო

როგორ დაიწყო ტურიზმმა განვითარება საქართველოში

მოგზაურობის განვითარების ისტორია დაკავშირებულია ვაჭრობის განვითარებასთან. უძველეს დროში ყველაზე უფრო ცნობილი ვაჭრები ფინიკიელები იყვნენ, რომლებიც აგებდნენ დიდ და მცირე ხომალდებს ღია ზღვაში სამოგზაუროდ. მიწების, რესურსების ფლობისა და ვაჭრობის სურვილი ყოველთვის უბიძგებდა კაცობრიობას სხვა ადგილებში, ქვეყნებსა და კონტინენტებზე მოგზაურობისაკენ. ვაჭრობის შემდგომი გაფართოება მოითხოვდა უფრო მეტ ცოდნას სხვადასხვა ქვეყნისა და მათი მოსახლეობის, აგრეთვე ამ ხალხების წეს-ჩვეულებების შესახებ. ამ მიზნით შორეულ მოგზაურობაში მიემგზავრებოდნენ ძველბერძენი მეცნიერები. ევრაზიის დერეფნის ბუნებრივი ფუნქციით საქართველო წარმოადგენდა „დიდი აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვან მონაკვეთს, ქართლის სამეფოს აღწერისას ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ. წ. 64-63, ახ. წ. 23-24) ამბობს, რომ ოთხი გზა თავს იყრიდა ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში. მისივე ცნობით, ხალხი მეურნეობასა და მრეწველობას მისდევდა და მარტო თავის მოსახმარად კი არ აკეთებდა, არამედ უცხოეთში გასაყიდადაც. როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს: „ეტყობა აღებ-მიცემობას ფეხი მაგრად ჰქონდა მოკიდებული. კოლხეთში რამდენიმე განთქმული სავაჭრო ადგილი იყო“.

დიდი სავაჭრო გზა, აბრეშუმის გზად ცნობილი, კვეთდა მთელი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს, დაწყებული ჩინეთიდან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით, აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ. ეს იყო საქონლის, ადამიანებისა და იდეების ტრანსპორტირება ევრაზიის ქვეყნებს შორის. 12 000 კილომეტრზე გადაჭიმული გზა, წარმოადგენდა დამაკავშირებელ არტერიას მსოფლიოს უდიდეს ცივილიზაციებს შორის – ჩინური, მონღოლური, ინდური, სპარსული, რომაული, ბერძნული, ბიზანტიური, მესოპოტამიური და ეგვიპტური. იგი ერთმანეთთან აკავშირებდა თანამედროვე მსოფლიოს 16 სახელმწიფოს: იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, პაკისტანს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ირანს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, საბერძნეთს, ეგვიპტეს. 

ამ დროიდან იწყება საქართველოში სასტუმროების ტიპის სახლების მშენებლობა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო საქართველოს მდებარეობით. უამრავ ვაჭარს თუ უბრალოდ, მოგზაურს უხდებოდა საქართველოში და საქართველოს გავლით გადაადგილება. საქარავნე გზებზე ყოველი ერთი დღის სავალზე შენდებოდა სასტუმროს ტიპის სახლები. სახლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდებით ფუნქციონირებდნენ: იამი, მანძილი, ასპინძა, მილიონი, ფუნდუკი, ქარვასლა, სასვენია, ხანი, სამადლო. აქედან ქართულია სასვენია, ხანი და სამადლო, ფუნდუკი _ ბერძნული, იამი _ მონღოლურ-თურქული, მანძილი _ არაბული, ქარვასლა _ სპარსული.

1795 წელს ერეკლე II-მ რაფიელ დანიბეგაშვილი სპეციალური დავალებით მიავლინა ინდოეთში, ქ. მადრასში, სადაც ცხოვრობდა ერთი სომეხი დიდვაჭარი;  მას კომერციული ურთიერთობა ჰქონდა თბილისთან. დანიბეგაშვილმა მოგზაურობას 18 წელი მოანდომა და დაწერა თხზულება “მოგზაურობა ინდოეთში”. XIX საუკუნეში საქართველოსა და მთელი კავკასიის სავაჭრო ცენტრი იყო თბილისი. ამ დროს თბილისში იყო ორი მთავარი ბაზარი, 704 დუქნით, რომლებიც უმთავრესად სომეხ, თათარ და ქართველ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. რუს ვაჭართაგან ძალიან ცოტას ჰქონდა საკუთარი საწყობი ბაზარშივე. შუა ბაზარში გამართული იყო სხვადასხვანაირი სახელოსნო: ერთი ქუჩა ეჭირა მხოლოდ მეწუღეებს, მეორე – მექუდეებს, მესამე – მჭედლებს, მეოთხე – ზეინკლებს და ა.შ. ოქრომჭედლები, აბრეშუმის მქსოველნი, მესაჭურვლენი (მეიარაღენი) – ყველა სხვა ხელობის ოსტატები აქ ხალხის თვალწინ მუშაობდნენ.

საქართველოში საშინაო ტურიზმის განვითარების დასაწყისად უნდა ჩაითვალოს 1921 წლის შემოდგომაზე გ. ნიკოლაძის საერთო ხელმძღვანელობით მოწყობილი მასობრივი ორდღიანი წრიული ლაშქრობა მარშრუტით: თბილისი-კოჯორი-კიკეთი-წყნეთი-თბილისი 145 კაცის მონაწილეობით. იმავე წელს, 85 კაცის მონაწილეობით, მოეწყო ერთდღიანი ლაშქრობა მარშრუტით: თბილისი-კოჯორი-კოჯრისციხე-კაბენის მონასტერი-თბილისი. გ. ნიკოლაძის ინიციატივით დამკვიდრდა ყოველ შაბათ-კვირას ერთი-ორი ან რამდენიმე დღიანი ხალხმრავალი ლაშქრობა სხვადასხვა მიმართულებით. ასეთ შეკრება-გასვლებს “გაფრენს” უწოდებდნენ. 1931 წელს შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაციის პროლეტარული ტურიზმისა და ექკურსიების საზოგადოება, მასვე ჰქონდა თავისი ბეჭდვითი ორგანო, ჟურნალი “ამიერკავკასიის ტურისტი”, რომელიც ქ. თბილისში გამოდიოდა. 1940 წელს გამომცემლობამ “ფიზკულტურა და სპორტი” გამოსცა (ავტორთა ჯგუფის მიერ დამუშავებული) სახელმძღვანელო ტურიზმში, ე. წ. “ტურისტის თანამგზავრი” რუსულ ენაზე, სადაც ტურისტისათვის განკუთვნილ ფრიად საჭირო საკითხებთან ერთად, მოცემული იყო ტურიზმის სახეების მიხედვით რეკომენდირებული მარშრუტები. ამავე წელს შემოიღეს გემით ტურისტული მოგზაურობა შავი ზღვის აუზში, სანაპირო ქალაქების გაცნობა-დათვალიერებით. გამოიცა ტურისტული ბუკლეტი “მზიური საქართველო” ისტორიული ადგილებისა და ძეგლების აღწერითი დახასიათებით ტურისტთა ფართო მასებისთვის. XX საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოში მოქმედება 65 ტურისტული ობიექტი 20 ათასი საწოლის ტევადობით, რომლებიც განლაგებული იყო 21 ადმინისტრაციული რაიონის ტერიტორიაზე და 800 ათასზე მეტ ტურისტს ემსახურებოდა. საერთაშორისო ტურიზმის ხაზით კი “ინტურისტის” 21 დაწესებულება (სასტუმროები, კემპინგები, მოტელები) 300 ათას უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა. საქართველოზე გადიოდა 87 ტურისტული მარშრუტი (მათ შორის 61 საკავშირო მნიშვნელობის). XX საუკუნის 80-იან წლებში ყოველწლიურად საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა და სამკურნალოდ ჩამოსულ დამსვენებელთა რიცხვი შეადგენდა 4 მილიონ კაცს, მათგან კურორტებზე სამკურნალოდ ჩამოსულთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევდა.

ადრე არსებული სისტემის პირობებში ტურიზმისა და ექსკურსიების ცენტრალური კავშირი ემსახურებოდა ე. წ. “საშინაო” ტურიზმს. ეს კავშირი დაფუძნებული იყო მოსკოვში. აქ მუშავდებოდა და მზადდებოდა სხვადასხვა პაკეტი ან “სალაშქრო მარშრუტი” ტურისტებისათვის, რომელიც მოიცავდა მთელი სსრკ-ის გეოგრაფიულ სივრცეს და წარმომადგენლობები ჰქონდა სსრკ-ის ყველა მნიშვნელოვან ქალაქში, სადაც იყიდებოდა საგზურები საბჭოთა ტურისტებზე. ტურიზმისა და ექსკურსიების კავშირის მომსახურება მოიცავდა საჰაერო ბილეთების უზრუნველყოფას საქართველოსა და სსრკ-ს სხვა ქალაქებისათვის, ექსკურსიების განხორციელების პროგრამებს, ავტობუსების რეზერვირებას, პროდუქტით მომარაგების ორგანიზაციას, მუზეუმებისა და სხვა საინტერესო ადგილების დათვალიერებას. საბჭოთა ტურისტები საქართველოში ჩამოდიოდნენ არა მარტო კულტურული და ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად, არამედ, უფრო მეტად, დასასვენებლად და სამკურნალოდ. საგზურები იყიდებოდა ცენტრალიზებულად მოსკოვში და ნაწილი ეგზავნებოდა თბილისს, ნაწილი კი ნაწილდებოდა საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში, დიდი მოთხოვნა იყო ცენტრალური აზიისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების საგზურებზე. ძირითადად, სწორედ ამან განავითარა ჯგუფური ტურიზმის ფორმა.

წყარო: nplg.gov.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close