არქივი

რენესანსი

ef4573820f44

რენესანსი, ასევე აღორძინება გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას.ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.

db559b149aa8

აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი “ხელახალი დაბადება”, რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.
ტერმინი “აღორძინება” გვხვდება უკვე იტალიელ ჰუმანისტებთან XVI საკუნეში (მაგ. ჯორჯო ვაზარი). თანამედროვე მნიშვნელობით ეს ტერმინი შემოიღო XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ. ამჟამად ტერმინი “აღორძინება” გადაქცეულია კულტურული აყვავების მეტაფორად.
იტალიური რენესანსი XV საუკუნეში წარმოადგენდა დასავლეთის კლასიკურ ანტიკურობასთან დაახლოებას, ცოდნის აბსორბციას, ყურადღების გადატანას ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვნებაზე ამწყოში (რელიგიური საიქიოს ნაცვლად). მის სწრაფ გავრცელებას სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება, რამაც ცოდნის გავრცელებაზე ჯაჭვური რეაქცია მოახდინა. ამასთან ხელოვნებაში, პოეზიაში და არქიტექტურაში ახალი ტექნიკის შექმნამ თავისდა წილად განაპირობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სტილისა და შინაარსის რადიკალური შეცვლა (ან ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, შემობრუნება კლასიციზმისკენ). იტალიური რენესანსი ხშირად გაიგივებულია “თანამედროვე” ეპოქის დასაწყისთან.

81d078f31422

რენესანსის წინა ეტაპია “პროტორენესანსი”. ეს არის გარდამავალი საფეხური შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე. პროტორენესანსი ჩაისახა მეცამეტე საუკუნის 60-იან წლებში. სხვანაირად მას უწოდებენ “დუჩენტოს” და “ტრეჩენტოს”.
რენესანსის ხანის კულტურაში დიდი ადგილი უჭირავს არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებას. რენესანსის ხანის მხატვრულმა პრინციპებმა მეტნაკლები ძალით იჩინა თავი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ ხანას მიეკუთვნება მხატვრული კულტურის უამრავი შესანიშნავი ძეგლი. ახალი ხელოვნება ყალიბდება შუა საუკუნეების ფეოდალურ მხატვრულ კულტურასთან ბრძოლაში. იგი თავს აღქევს შუა საუკუნეების რელიგიურ დორმატიზმსა და სქოლასტიკას. ჩნდება ღრმა ინტერესი რეალური სამყაროსადმი, ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანისადმი, რწმება ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობისა. ხელოვნების უმთავრეს საგნად იქცევა ადამიანი, მისი ფიზიკური სილამაზე, სულიერი ცხოვრების სიმდიდრე. ჰარმონიულად განვითარებული, ჰეროიზებული ადამიანი ეპოქის იდეალია.
რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ანტიკური თეატრალური ხელოვნების გავლენით. რენესანსული თეატრის ყურადღების ცენტრში მოექცა ძლიერი პიროვნება, მისი სულიერი სამყარო. მსახიობის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო ძლიერი ვნებები, ეპიკური ძალა. ახალი თეატრალური ესთეტიკა შემსრულებლისაგან მოითხოვდა დრამატული ნაწარმოების აზრის წვდომას, რთული და მრავალმხრივი ხასიათების წარმოსახვას. ყოველივე ამან განაპირობა რენესანსის ეპოქის თეატრალური ხელოვნების რეალიზმის თავისებურებანი: სინამდვილის წინააღმდეგობათა ასახვა, ხალხური ხელოვნების ტრადიციების განვითარება, სიცოცხლის დამამკვიდრებელი პათოსი, ტრაგიკულისა და კომიკურის, პოეტურისა და ბუფონურის გაბედული შერწყმა.

წყარო:wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button