კრეატივისაკითხავისასარგებლო

ქალები მხატვრობაში (ნაწილი 2)

თავიანთი ეპოქის გამორჩეული ქალი მხატვრები… მეორე ნაწილი:

ჟოზეფა დე ობიდოსი (ნამდვილი სახელი და გვარი: ჟოზეფა დე აიალა ფიგუიერა) – ესპანური წარმოშობიოს პორტუგალიელი მხატვარი ქალი.

დაიბადა 1630 წელს. მიეკუთვნება იმ ქალ-მხატვართა მცირე რიცხვს, რომლებიც თავიან ნამუშევრებს ბაროკოს სტილში ქმნიდნენ.

ჟოზეფას მამა, ბალთაზარ გომეს ფიგუიერა, ასევე მხატვარი გახლდათგახლდათ. სწორედ მისგან გამოყვა შვილსაც ხატვის ნიჭი.

ბალთაზარ გომეს ფიურერას ნამუშევარი
თოთხმეტი წლის ჟოზეფა განათლების მისაღებად მამამ ქალაქ კოიმბრაში, წმინდა გრეისის მონასტერში წაიყვანა. გოგონასათვის მონასტერში ყოფნა სულაც არ ყოფილა ძნელი. ბალთაზარიც სწორედ ამ მონასტერის მოხატვაზე მუშაობდა იმ პერიოდში. დამწყები მხატვარი მამას ეხმარებოდა მუშაობისას, უზავებდა საღებავებს და ეუფლებოდა ხატვის ტექნიკას. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა ჟოზეფას სურვილი დამოუკიდებლად დაეწყო ხატვა.16 წლის ასაკში მან შექმნა საკუთარი პირველი ნამუშევარი – გრავიურები.


ყველა, ვინც ამ ნახატებს ეცნობოდა, გაოცებული რჩებოდა ამ პატარა გოგოს ნიჭით, ხედვით, ფერთა შეზავებით…
1653 წელს ჟოზეფას მამას, კოიმბრას უნივერსიტეტის რექტორატმა, მათი წესების წიგნის, ალეგორიული სიბრძნის, ილუსტრირება შესთავაზა. ბალთაზარმა შვილიც დაიხმარა ამ საქმეში. ისინი ერთად მუშაობდნენ და, გასაკვირი არცაა, რომ ჟოზეფა, უფრო და უფრო , განიცდიდა მამის გავლენას მხატვრობაში.
ამის შემდეგ, იგი, ძირითადად, უფრო მარტო მუშაობდა. მოხატა რამდენიმე მონასტერი პორტუგალიაში, არის ავტორი მრავალი პორტრეტისა თუ ნატურმორტის.

თანდათან მისი ნამუშევრები მეტ ინდივიდუალიზმს ამჟღავნდებდნენ. საბოლოოდ კი, ჟოზეფამ შეძლო საკუთარი სტილის შექმნა. იგი არის XVII საუკუნის პორტუგალიელი მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მიეკუთვნება ბაროკოს სტილის მხატვრობას, იმ პერიოდს, როდესაც განსაკუთრებით დომინანტი სწორედ მამაკაცები იყვნენ.

დღესდღეობით, მისი ნამუშევრები ინახება ანტიკური ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში (ლისაბონში), ასევე, სხვადასხვა ევროპულ მუზეუმებსა და პირად კოლექციებში.

ლუის ელიზაბეტ ვიგე დე ბრუნი – ფრანგი მხატვარი, დაიბადა 1755. XVIII საუკუნის ყველაზე ცნობილი მხატვარი ქალი.

ლუის ელიზაბეტ ვიგე დე ბრუნი – ავტოპორტრეტი
იყო ქალიშვილი ასევე ცნობილი ფრანგი მხატვრის, ლუის ფიგესის. ჟოზეფას მსგავსად, მანაც სწორედ მამასგან მიიღო პირველი ინსტრუქციები მხატვრობაში. 12 წლის ლუის ელიზაბეტს მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც იგი რუე სანტ-ჰონორში გადავიდა ოჯახთან ერთად.

ლუის მარიას მამა – ლუის ფიგესი
5 წლის შემდეგ იგი დაუახლოვდა ლუის მარია ადელაიდა დე ბურბონს, ფილიპ ეგალიტეს მეუღლეს. მისი მეშვეობით იგი ხვდებოდა გაბრიელ ფრანკოს დოიენს, ჯან-ბაპტისტ გრეუზას და იმ დროინდელ ცნობილ ოსტატებს. იმისათვის, რომ მას მოეწყო გამოფენა, არ ჰქონდა სპეციალური ნებართვა, ლიცენზია. ლუის მარია ამაშიც დაეხმარა მას და 1783 წელს ლუის ელიზაბეტი სამხატვრო აკადემიის წევრი გახდა. ამის შემდგომ დაწყო მისი პერსონალური გამოფენების მთელი კასკადი.

1777 წელს ლუის ელიზაბეტი დაქორწინდა ჟან-ბატისტ-პიერ დე ბრუნზე. სწორედ ამავე პერიოდში მან მიიღო მოწვევა ვერსალიდან. აქ იგი მუშაობდა უშუალოდ სამეფო ოჯახის წევრებთა პორტრეტებზე.

საფრანგეთის სამეფო ოჯახი
შექმნა საკმაოდ ბევრი ტილო დედოფალ მარია ანტუანეტას გამოსახულებით. ვერსალში ლუის ელიზაბეტმა 6 წელი დაჰყო.

დედოფალი მარია-ანტუანეტა
იგი ძალიან ბევრს მოგზაურობდა, იმყოფებოდა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში,მათ შორის, რუსეთში. ამ პერიოდში მან იმუშავა რუსული სამეფო ოჯახის პორტრეტებზე. დახატა ეკატერინე დიდი, მისი შვილიშვილები – ელენა და ალექსანდრა.

ეკატერინე დიდის შვილიშვილები
მიუხედავად ლუის ელიზაბეტის მჭიდრო მეგობრობისა სამეფო ოჯახთან, მას, პოსტ–რევულუციურ საფრანგეთში, არანაირი პრობლემა არ შეხვედრია.

ავტოპორტრეტი
იგი გარდაიცვალა 1842 წელს პარიზში. ლუისას გვამი თავისსავე მშობლიურ ქალაქში გადაასვენეს. მის საფლავს კი შემდეგნაირი ეპიტაფია „ამშვენებს“: „Ici, enfin, je repose“ (აქ მე საბოოლოოდ დავისვენებ).
მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა შედგება 660 პორტრეტისა და 200 პეიზაჟსაგან. ისინი სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებშია დაცული, ისეთებში, როგორიცაა: ლუვრი, ერმიტაჟი, ლონდონის ნაციონალური გალერია და ა.შ.

მარია–გუიელმაირ ბენოისტი – ასევე XVIII საუკუნის წარმომადგენელი ქალი მხატვარი. მართლაც ძალიან გამორჩეული საკუთარი ინდივიდუალიზმითა და თემატიკით.

მარია–გუიელმაირ ბენოისტი – ავტოპორტრეტი
დაიბადა 1768 პარიზში სახელმწიფო მოხელის ოჯახში. ხატვის ნიჭი ბავშვობიდანვე ჰქონდა. სწორედ ამიტომ მშობლებმა იგი იმ დროისათვის ძალიან ცნობილსა და გამორჩეულ მხატვარ – ლუის ელიზაბეტ ვიგე დე ბრუნს მიაბარეს. სწორედ ამიტომაც, მარიას ადრეულ ნახატებში იგრძნობა ცნობილი მასწავლებლის გავლენა. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ მარია წარმოადგენდა ფემინისტ მხატვარს. მის ერთ–ერთ ნახატზე ცდუნება წარმოდგენილია, როგორც მამაკაცი.

ეს მაშინ, როდესაც კლასიკურად, მანამდე ყოველთვის ქალი იყო ამის სიმბოლო. მისი ნახატები იმ დროისათვის მართლაც ძალიან პროგრესული იყო, სწორედ ამიტომ იგი გახდა ქალთა ემანსიპაციისა და შავკანიანი ხალხის უფლებათა დაცვის სიმბოლო.

განსხვავებით თავისი მასწავლებლისაგან, ის იყო ნამდვილი რევოლუციონერი. საფრანგეთის რევულუციაში, მარია აქტიურ მონაწილეობას იღებდა. იგი დაახლოვებული იყო ნაპოლეონთან, მის ოჯახთან, განსაკუთრებით კი – მის დასთან, ელისა ბონაპარდესთან მეგობრობდა.

ელისა ბონაპარდე
1820 წელს პარიზში დამწყები მხატვარი ქალებისათვის ჩამოაყალიბა სასწავლო ატელიე.
გარდაიცვალა 1826 წელს, პარიზში, როდესაც მისი კარიერა ზენიტში იმყოფებოდა.

მარია ბრაცკუმონდი – ფრანგი იმპრესიონისტი, დაიბადა 1841 წელს.

იგი არის ფრანგი იმპრესიონისტი ქალთა თაობის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი კასალტთან, მორისონთან და გონსალესთან ერთად.
იგი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით. სწორედ ამიტომ, იგი მიებარა მ. ვასერს, რომელზეც მარია მოგვიანებით თავის მემუარებში წერდა: „ იგი არის მოხუცი მხატვარი, რომელმაც კარგად იცის ძველი ნახატების რესტავრაცია და მშვენივრად ასწავლის ხატვას ახალგაზრდა გოგონებს.“ 16 წლისამ მან ისეთ პროგრესს მიაღწია, რომ იგი მიიწვიეს ინგრესის სტუდიაში.

კრიტიკოსი ფილიპ ბარტი მას ახალიათებდა, როგორც „ერთ–ერთ ინტელექტუალურ და გამორჩეულ სტუდენტს“. სწორედ ამავე პერიოდში მან . მიიღო თხოვნა გრაფინია დე ნიევერკერკესაგან, რომელიც ფრანგული მუზეუმის დირექტორი იყო, გაეკეთებინა ლუვრში დაცული ნახატების რეპროდუქციები.


ლუვრში მუშაობისას იგი თავის მომავალ მეუღლეს, ასევე მხატვარ ფელიქს ბრაცკუმონდს შეხვდა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ. მათ მხოლოდ ერთი შვილი ეყოლათ, ფილიპი, რომელმაც ასევე მხატვრის პროფესია აირჩია შემდგომში.

მარიამ ქმართან ერთად, ამ უკანასკნელის სალონში, დაიწყო მუშაობა. სწორედ ფელიქსის მეშვეობით იგი მოხვდა იმდროინდელ მხატვართა ელიტაში. შეხვდა დეგასა და მონეს.
იგი გარდაიცვალა 1916 წელს, პარიზში.

და ბოლოს, მართლა საკმაოდ ძნელი იყო უამრავი მხატვარი ქალბატონიდან ( მართლაც საკმაოდ დიდია მათი რიცხვი და ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო) საუკეთესოს ამორჩევა, მაგრამ მე მაინც ვეცადე :)
შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ XX-XXI საუკუნის მხატვარ ქალებს, რითიც ეს თემა, ჩემი დიდად მოკრძალებული აზრით, ასე თუ ისე, ამოიწურება ;)

წყარო: ვიკიპედია, ფრანც ბორზელო “ავტოპორტრეტები”, ვიტნი ჩედვიკი “ხელოვნება და საზოგადოება”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close