უსახელაური (უსახელოური, ოყურეშული)
ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ ვაზის უნიკალური ჯიში
საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა. ერთხანს, ღვინის კულტურის ძეგლად შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა და აღმოჩენილმა უნიკალურმა მასალამ საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსი მიანიჭა.
ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. საუკეთესო ღვინო, თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია. ოდითგანვე ქართული ოჯახი ღვინის ღირსშესანიშნაობით განისაზღვრებოდა.
უნიკალური და უცნაური ღვინო უსახელოური, თავისი დამახასიათებელი თვისებებით პირველად ახალ წელს დავაგემოვნე…
უსახელაური გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ბუნებრივად ნახევრადტკბილია და სუფრის წითელ ღვინოდ გამოიყენება. ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ისტორიული ხასიათის წერილობითი მონაცემები შემონახული არაა, მაგრამ ჩვენმა მხცოვანმა მეცნიერ-აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა გამოთქვა შეხედულება იმის შესახებ, რომ უსახელოურს თავისი სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს ლეჩხუმის მდ. ლაჯანურას მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოდან.
ჯიშის ადგილობრივ წარმოშობას უდავოდ ადასტურებს ის ფაქტი, რომ უსახელოური მხოლოდ ცაგერის რაიონში, იქ არსებული ჰავისა და ნიადაგურ პირობებთან კარგად შეგუებით გვაძლევს საუკეთესო შედეგს.
არსებობს მოსაზრება, რომ უსახელაური თავისი ბოტანიკური ნიშნებით და ბიოლოგიური თვისებებით, შედარებით გრძელი და სქელი პწკარით, თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით, საშუალო მტევნებით, საკმაო წვრილმარცვლიანობით წააგავს გარეულ ვაზს, ამიტომ ამტკიცებენ რომ უსახელაური არც ისე შორეული წარსულიდან ვაზის კულტურაში უშუალოდ ტყიდან არის შემოტანილი.
ამ ყურძნის ნაკლებობა საგძნობლად მეტყველებს მის ფასზე. ერთი ლიტრი უსახელოურის ღვინო 145 ლარად ფიქსირდება დღევანდელი საქართველოს ღვინის ბაზარზე.
ვენახების ზუსტი 1953 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით მთლიანად საქართველოში უსახელაურს სულ 60,3 ჰექტარი უჭირავს. ამ ფართობიდან 55,4 ჰექტარი მარტო ცაგერისა და ამბროლაურის რაიონზე მოდის, 3,42 ჰექტარამდე ფართობი უსახელაურს იმერეთში: ქუთაისის და წულუკიძის ტერიტორიებს მიეკუთვნება, ხოლო 1,45 მას საქართველოს სხვა რაიონებში უჭირავს.
ცაგერის რაიონის ფარგლებშიაც ჯიში მხოლოდ განსაზღვრულ სოფლებშია გავრცელებული. ყველაზე დიდი ფართობი უსახელაურს ოყურეშში, შემდეგ-ლაცეფიტაში, ზუბში და ისუნდერში უჭირავს. დანარჩენ სოფლებში ჯიში პატარა ვენახებისა და ნარევი ყურძნის სახით არის წარმოდგენილი.
წყარო: www.winemaking.ge
ძალიან დიდი ხანია ამ საიტს თვალს ვადევნებ მაგრამ ეს ჩემი პირველი პოსტია. მადლობა. :)