არქივი

კაციჭამია ცხოველები #2

Image.geotorrents.com

მტაცებელი ცხოველებიდან ბევრია საშიში ადამიანისთვის, მაგრამ ისეთები, რომლებიც აქტიურად ნადირობენ ადამიანებზე და ჩვენი ხორცი ურჩევნიათ ცხოველებისას, იშვიათია. წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ შემთხვევას, როცა მხეცებმა სახელი ადამიანებზე ნადირობით გაითქვეს.

პანარის ლეოპარდი
Image.geotorrents.com
ლეოპარდი “დიდი კატებიდან” ყველაზე პატარა ზომისაა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, გახდეს მის უფრო დიდ მონათესავე კატებზე არანაკლებ საშიში მტაცებელი. სხვათაშორის ლეოპარდი ადამიანებზე მონადირე ერთ-ერთ უძველეს მტაცებლად ითვლება. ნამარხებმა აჩვენა, რომ ლაქებიანი კატები ჩვენს წინაპრებზე ჯერ კიდევ 3 მილიონი წლის წინ ნადირობდნენ. თუმცა მაინც ძალიან იშვიათია ლეოპარდი, რომელიც აქტიურად დაიწყებს ადამიანზე ნადირობას ხორცის მიზნით.

“ლეოპარდი რომ ლომის ზომისა იყოს, ათჯერ უფრო საშიში იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ეს არსება ადამიანის ხორცს გემოს უსინჯავს, მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება.” – ჯონ ტეილორი, პროფესიონალი მონადირე.

ერთ-ერთი ასეთი მტაცებელი იყო XX საუკუნის ინდოეთში, პანარის პროვინციაში. მასზე მცირეოდენი ცნობებია შემორჩენილი. მთლიანობაში 400 ადამიანი დახოცა. როგორც ირკვევა, ლეოპარდი ერთ-ერთმა მონადირემ დაჭრა, მაგრამ მოკვლა ვერ მოახერხა. ლეოპარდი გამოჯანმრთელდა და ადამიანებზე ნადირობა დაიწყო. ის მოკლა მონადირე ჯიმ კობერტმა 1910 წელს.

მისორის დათვი
Image.geotorrents.com
იმის მიუხედავად, რომ ინდოეთში დათვები ადამიანებს ხშირად ტორავენ (კვირაში ერთს), კაციჭამიები მათ შორის იშვიათია. საერთოდაც, ისინი იშვიათად ჭამენ ხორცს, უფრო მეტად ტერმიტები და ხილი ურჩევნიათ, ყველაზე მეტად კი თაფლი უყვართ. მაგრამ დათვი, რომელზეც მოგითხრობთ, მისი თანამოძმეებისგან განსხვავდებოდა.

ამ დათვის შესახებ უცნაური ლეგენდა არსებობს: თითქოს მან გოგონა მოიტაცა და ტყეში წაიყვანა თავისთან, უნდოდა მასთან ოჯახი შეექმნა. მაგრამ სოფლელები დაირაზმნენ, მიუვარდნენ და გოგონა წამოიყვანეს. დათვის შურისძიებაც აქედან დაიწყო. მეორე ლეგენდა ამბობს, რომ ეს დათვი დედალი იყო და მონადირეებმა ბელები მოუკლეს. ამან კი ისე იმოქმედა მასზე, რომ ადამიანების დახოცვა გადაწყვიტა. დღევანდელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დათვს რაღაც შეტაკება მოუვიდა ადამიანებთან, ადამიანებმა მას ფიზიკური ტკივილი მიაყენეს და ამის გამო აგრესიული გახდა.

ინდოეთის შტატ მისორში დათვი 40-მდე ადამიანს დაესხა თავს. ის მსხვერპლს ჩუმად ეპარებოდა უკნიდან და რომ შემოტრიალდებოდა, ბრჭყალებითა და კბილებით სახეს უკაწრავდა და ქსოვილებს აგლეჯდა. თუ ვინმე გადარჩებოდა, სახე საშინლად დამახინჯებული ჰქონდა. 12 მსხვერპლი დაიღუპა, მათგან სამი დათვმა ნახევრად შეჭამა. ამასთან, მათი სხეულები უჩვეულოდ იყო დასახიჩრებული. დათვზე სამი წყება ნადირობა მოაწყვეს და საბოლოოდ, სახელგანთქმულმა ადგილობრივმა მწერალმა და მონადირემ, კენეთ ანდერსონმა მოკლა.

გევაუდენის მხეცი
Image.geotorrents.com
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე მხეცი, რომელიც ადამიანებით იკვებებოდა. ზოგიერთი გადმოცემით, რეალურად ორნი იყვნენ. ის ატერორებდა საფრანგეთის პროვინციას გევაუდენს 1764 წლიდან 1767 წლამდე. ამბობენ, რომ ეს იყო მსხვილი ნაცრისფერი მგელი, თუმცა იდენტურობის საკითხი ეჭვქვეშ დგას. მას მოწითალო შეფერილობა დაჰკრავდა, ამასთან არაბუნებრივად დიდი კბილები ჰქონდა.

პირველად მან ახალგაზრდა გოგონა მოკლა 1764 წლის ივნისში. მხეცის უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ საქონელს არ ერჩოდა, მხოლოდ ადამიანებით იყო დაინტერესებული. სულ თავს დაესხა 211 ადამიანს, 113 უბრალოდ მოკლა, 98 კი გამოშიგნა და შეჭამა. თავდასხმები ისეთი ხშირი და სასტიკი იყო, რომ ზოგმა ღმერთის მიერ მათ დასასჯელად გამოგზავნილ დემონად მიიჩნია, ზოგმა კი მაქციად.

მხეცმა მოახერხა და თავი დააღწია მონადირეების რამდენიმე პარტიას, შემდეგ შეიარაღებულ არმიასაც კი, მაგრამ საბოლოოდ 1767 წელს ადგილობრივმა მონადირემ ჯინ ჩესტელმა მოკლა. ლეგენდა ამბობს, რომ ჯინმა მის მოსაკლავად ვერცხლის ტყვიები გამოიყენა. მხეცის გამოფატვრისას მის მუცელში ადამიანის გადამუშავებული ორგანოები იპოვა, რითაც დადასტურდა, რომ ის მხეცი იყო.

ფაქტია, რომ მხეცის აღწერილობა არ ჯდება ტრადიციული ევროპული მგლის გარეგნობაში, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო და ხალხიც ცნობდა. ზოგი ფიქრობს, რომ ეს აფთარი იყო, რომელიც სამხეცედან გამოიქცა. ზოგისთვის აფთარი ტყის მშიშარა სანიტარია, მაგრამ აფრიკასა და აზიაში ხშირად ნადირობს ადამიანზე. მალავის მხეცშიც, რომელზე ამ პოსტში გესაუბრეთ, აფთარი მოიაზრება. მათი კბილებიც უფრო დიდია და ყბებიც გაცილებით ღონიერი, ვიდრე მგლებისა.

ჩამპავატის ძუ ვეფხვი
Image.geotorrents.com
XIX საუკუნის მიწურულს, ნეპალის რეგიონში ჰიმალაებთან ახლოს მოსახლეობა შიშმა მოიცვა. საშინელი მხეცი მოკლე პერიოდში ათობით ადამიანს ხოცავდა. თავდასხმები იმდენად ხშირი და სისხლიანი იყო, რომ დემონებსა და ღმერთების სასჯელზე ალაპარაკდნენ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამ ამბის გმირი იყო ბენგალური ძუ ვეფხვი, რომელსაც მონადირემ ესროლა. ვეფხვი არ მოკვდა, მაგრამ ორი ეშვი ჩაემტვრა და ტკივილი გამუდმებით ტანჯავდა, რამაც ადამიანების ზიზღი ჩაუნერგა.

მსხვერპლის რაოდენობამ მალე მიაღწია 200-ს. უამრავი მონადირე დაირაზმა მის შესაჩერებლად, მაგრამ მხეცი საკმაოდ მოქნილი იყო და თვალის შევლებასაც ვერ ახერხებდნენ. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყო და საჭიროებდა საქმეში არმიის ჩარევას. თუმცა მათი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მალე ვეფხვმა ინდოეთის საზღვარი გადაკვეთა და ამჯერად ჩამპავატის რეგიონის დატერორება დაიწყო. ყოველი ახალი მსხვერპლის შემდეგ ის უფრო უშიშარი და თავხედი ხდებოდა. მალე კი ზღვარს გადავიდა და დღისით დაიწყო თავდასხმები. გლეხი კაცები ქოხის მიტოვებას ვერ ბედავდნენ, რომ სამუშაოდ წასულიყვნენ, რადგან ტყიდან გამუდმებით ღრიალი ესმოდათ. თუმცა ადამიანის მჭამელი ცხოველების ხვედრი საბოლოოდ ერთია და 1911 წელს ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ჯიმ კობერტმა მოკლა. ჯიმი გაყვა ვეფხვის ბოლო მსხვერპლის, თინეიჯერი გოგონას სისხლისა და ნაწლავების კვალს. რასაც გზაში ხედავდა, გამოცდილი მონადირეც კი შეაძრწუნა. ადგილობრივებს ისე გაუხარდათ, რომ ჯიმი წმინდა ადამიანად აღიარეს. ამ პერიოდისთვის, ვეფხვის მსხვერპლთა რაოდენობა 436-ს შეადგენდა. მაგრამ ეს მხოლოდ აღწერილთა რაოდენობა იყო, გამორიცხული არაა, რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. როგორც ამბობენ, სერიული მკვლელი ადამიანებიდან მას მხოლოდ ელიზაბეთ ბეტორიმ აჯობა (600-ზე მეტი). ბედის ირონიით, მომავალში ჯიმი გახდა გარეული ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე დამცველი.

გუსტავი
Image.geotorrents.com
გუსტავი იმის გამო მოექცა სათავეში, რომ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორით ჯობნის დანარჩენ ცხრას – ის ჯერ კიდევ ცოცხალია. 6 მეტრი სიგრძისა და 1 ტონამდე წონის ნიანგი აფრიკის სახელმწიფოში, ბურუნდიში ბინადრობს ნილოსის ტერიტორიაზე. დღესდღეობით არსებული ნიანგებიდან ის ყველაზე მსხვილი ზომისაა. ამჟამად მისი მსხვერპლის რაოდენობა 300-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალია, ის უკვე იქცა ლეგენდად აფრიკის ბევრ რეგიონში.

აბორიგენები ამბობენ, რომ ის ადამიანს კლავს არა საკვების, არამედ სიამოვნების გულისთვის. ერთი შეტევისას რამდენიმე ადამიანს ერთად იმსხვერპლებს, მერე კი რამდენიმე თვით იკარგება, შეიძლება 1 წლითაც. არავის შეუძლია იმის განსაზღვრა, ამ პერიოდში სად მიდის ან როდის დაბრუნდება უკან. მას აქვს არაბუნებრივი მადა და ამბობენ, რომ ერთხელ ზრდასრული ბეჰემოთიც მიირთვა (როგორც წესი, ძლიერი ყბების გამო ნიანგები ერიდებიან, ყოფილა შემთხვევები, რომ ბეჰემოთს ნიანგი შუაზე გადაუმტვრევია). გუსტავის ჯავშნისებრ კანზე უხვადაა დანისგან, ტყვიისგან და შუბისგან დარჩენილი ნაიარევები. ერთი ასეთი ნაიარევი თავზეც აქვს, უკანა მხარეს.

ერთხელ წყალქვეშ უზარმაზარი მახეც დააგეს, მაგრამ გუსტავმა უბრალოდ გვერდი აუარა და გაცურა. სავარაუდოდ, მისი ასაკი 60 წელია და უკვე საკმაოდ გამოცდილია, რის გამოც ყველა მონადირე პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. ფრანგი ნატურალისტი პარკი ფეი წლების განმავლობაში დასდევდა ნიანგს. მას სურს ცოცხლად დაიჭიროს და ადამიანებს გაარიდოს. ბურუნდის ნაციონალური პარკის ტერიტორიის ნაწილი უკვე შემოღობეს და გუსტავის დაჭერას ელოდებიან, რომ საცხოვრებლად გადაიყვანონ. გუსტავი რამდენჯერმე 2010 წელსაც შენიშნეს.

_________________________________________

წინა ნაწილი კაციჭამია ცხოველებზე იხილეთ აქ

მსგავსი ამბები

Back to top button