გასართობისაკითხავისასარგებლო

დედამიწის ცისფერი თვალები


დედამიწაზე ბევრია თავისებური ტბა, რომელიც რაღაცით გამოირჩევა სხვებისგან. გაგაცნობთ რამდენიმე უცნაურ ტბას, რომლის შესახებაც ინფორმაციის მოპოვება შევძელი..

სიკვდილის ტბა

სიკვდილის ტბა სიცილიაშია. იგი ჩვენს პლანეტაზე ყველაზე უფრო მკვდარ ტბად ითვლება. მის ნაპირებზე არ არის მცენარეულობა, წყალში კი ცოცხალი არსებანი. უფრო მეტიც: მასში ჩავარდნილი ცოცხალი არსება, თევზიც კი, მაშინვე იღუპება.
რატომ არის ეს ტბა ასეთი უსიცოცხლო?
აღმოჩნდა რომ ტბის წყალში დიდი რაოდენობის გოგირდმჟავაა. როგორ მოხვდა ის ტბაში?
გამოირკვა, რომ მჟავა წყალში ორი ცხელი წყაროდან შედის, რომელიც ტბაში ჩაედინება.

————

ტბაში იზრდება… ქვები!

ალტაის მხარეში, კულუნდის ველზე არსებობს ტბა, რომელშიც იზრდება ქვები.
ვთქვათ ადრე აქ ქვები არ იყო, ახლა კი არის, აქ კი პატარების ნაცვლად უზარმაზარი ლოდები აწყვია.
ხალხს მიაჩნდა, რომ ქვები ჯადოქრული ძალის წყალობით იზრდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წყალი გაჯერებულია მაგნიუმის მარილით, ტბაში შემოსულ მიწისქვეშა წყლებში კი არის სოდა. ამ ორი ხსნარის შერევით მიიღება მყარი მასა. რომელიც ქვების ზედაპირზე ილექება. ასე ზრდის ქვებს ტბა.

————

ზვიგენის ტბა

არსებობს მთის ერთი პატარა ტბა, სადაც ბინადრობენ ზვიგენები და ხერხთევზები.
ეს ტბა მდებარეობს ახალ გვინეაზე. როგორ მოხვდნენ მასში ეს ცხოველები?
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ეს ტბა ადრე ზღვის ყურე ყოფილა. შემდეგ გამოჰყოფია მას მთაგრეხილით და ტბად ქცეულა. ეს მტაცებლებიც დარჩენილან ტბაში, შეგუებიან მტკნარ წყალს და ახლაც მშვენივრად გრძნობენ თავს.

————-

ყინულის სვეტები ტბაში

ეს ტბა მდებარეობს იაკუტიაში. ზამთრობით ამ ტბაში საოცარი მოვლენა შეიმჩნევა: წყლის ზედაპირზე აქა-იქ იზრდება ყინულის სვეტები.
გაზაფხულზე კი ეს სვეტები ჩამოიქცევა და მათ ადგილზე რუხ-ყვითელი ფოროვანი ყინულის გროვა რჩება რომელსაც გოგირდის სუნი უდის.
ტბის ფსკერზე შლამის სქელი ფენაა. შლამში ბლომად იხრწნება ორგანული ნივთიერებები, რასაც ახლავს გაზის გამოყოფა. გაზი ზედაპირისკენ მიეშურება, თან მიჰყვება წყლის ნაწილაკები, გააღწევს ყინულის ბზარებში და აქროლდება ჰაერში. ცივ ჰაერში რომ მოხვდება წყალი იყინება და წარმოიქმნება ყინულის ღრუ სვეტი, რომელიც იზრდება,  რადგან გაზი მუდმივად ამოიფრქვევა.
გასულ  საუკუნეში ეს ტბა ორჯერ დაშრა და ფსკერი ბალახმა დაფარა. ტბა რომ ხელახლა აივსო, ეს ბალახი გაიხრწნა და გამოიყო გაზი, რომელიც ზემოთ მიისწრაფვის და სვეტებს წარმოქმნის.

————–

ნამარხი ტბა

ბელორუსიაში, გროდნოში აღმოაჩინეს ნაშთი მყინვარული ტბისა, რომელიც არსებობდა 400 ათასი წლის წინათ. შეგახსენებთ რომ  გამყინვარება 14 000 წლის წინ დასრულდა. ტბის ფსკერზე არსებულ დანალექებში აღმოჩნდა ორასზე მეტი სახეობის წყალმცენარე. ნაპირებზე იზრდებოდა არყისხე, დრიადი, ტირიფი, ბრაზენია.
ტბის გარშემო არსებობდა ურთხელის, ცაცხვის, მუხის ნეკერჩხლის და ზოგიერთი გადაშენებული მცენარის ტყე, რომელთა ნაყოფი და თესლიც შემონახულია.

——————–

ტბა, რომელიც… ფეთქდება

განას ჯუნგლებში არის ერთი  წესიერი წრეწირის ფორმის ტბა,  რომელიც ფორმითაც საოცარია და თანაც დროდადრო ”ფეთქდება”. უცბად სიღრმიდან გაისმება გრუხუნი, თითქოს უზარმაზარი საპნის ბუშტი გასკდაო. ზედაპირზე აიქოჩრება ტალღები, ბუშტუკები გაჩნდება, მერე კი უცბად დაწყნარდება. ამ აფეთქებისას უამრავი თევზი იღუპება. ვარაუდობენ რომ ტბის ფსკერზე ორგანული ნივთიერებების სქელი ფენაა. დროდადრო აქედან გამოიყოფა გაზები და ზედაპირზე ამოსვლისას ხმას გამოსცემს.
მაგრამ რატომაა ტბა ასეთი მრგვალი?
ზოგს მიაჩნია რომ ეს ტბა მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, მეტეორიტი 3 კილომეტრის დიამეტრის მაინც უნდა ყოფილიყო და 30კმ სიჩქარით უნდა ეფრინა წამში. მაგრამ ასეთი მეტეორიტის შესახებ არავის სმენია.
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამ ადგილას დედამიწას ანტინივთიერება დაეჯახა. მომხდარა გიგანტური აფეთქება, რააც კვალი არ დაუტოვია.
მაგრამ უფრო სარწმუნოა მესამე ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ტბა ვულკანის ჩანგრეულ კრატერში მდებარეობს. ეს ტბა და მისი შემოგარენი ჯერ კიდევ გამოსაკვლევია და ბევრ საიდუმლოს ინახავს.

ახლა კი შემოგთავაზებთ ლამაზი ტბების სურათებს…


ესეც ასეე..

მერიემ შენგელია

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close