არქივი

ფემინიზმი

ფემინიზმი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობაა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან  ყველა სფეროში. ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძვ. ჩინეთში გამოჩნდა. ზოგიერთ მკვლევარს პირველ ფემინისტად პლატონი მიაშნია. აღორძინების ეპოქაში შეიქმნა ქრისტინა დე ლიზანის და კორნელიუს აგრიპას პირველი ტრაქტატები, რომლებშიც აშკარად იყო საუბარი ქალის პიროვნების დათრგუნვასა და მისდამი საზოგადოების უსამართლო დამოკიდებულებაზე.

ფემინიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაკავშირებულია საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ პერიოდთან. 1792 წელს ოლიმპია დე გუჟმა შეადგინა „ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, რომელიც შეიცავდა მოთხოვნას ქალებისათვის საარჩევნო უფლებისა და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლების მიცემის შესახებ.
1jyzi

ოლიმპია დე გუჟი

ფემინისტური მოძრაობის პირველ ეტაპზე დაარსდა ქალთა ორგანიზაციები და კლუბები, რომლებიც კონვენტმა სულ მალე აკრძალა, თავად ოლიმპია დე გუჟი კი სიკვდილით დასაჯეს. მისი თეორიიის ჩამოყალიბება დაიწყო მაშინ, როდესაც გამოვიდა მერი უოლსთოუნქრაფტის წიგნი “განცხადება ქალთა უფლებების შესახებ”. უფრო ფართო აუდიტორია ფემინისტურმა იდეამ მოიპოვა 1840-1850 წლებში, როცა დასავლეთის რიგ ქვეყნებში გაიშალა სუფრაჟისტების მოძრაობა, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის სარჩევნო უფლების მინიჭებას.

ტერმინი – “ფემინიზმი”,  პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ, როგორც ქალთა მოძრაობის აქტივისტების იდეოლოგიის აღმნიშვნელი სიტყვა. ფემინიზმი, როგორც თეორია, წარმოიქმნა ქალთა მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის, ისტორიული უსამართლობის, პატრიარქალური წყობის, მამაკაცის დომინირების უალტერნატივობის კრიტიკის შედეგად.

53aq9
უდიდესმა ჰუმანისტმა მაჰათმა განდიმ თავისი რეფორმების გატარება სწორედ ქალთა უფლებების წინ წამოწევით დაიწყო. ფემინიზმის პირველი ტალღა XIX საუკუნეში აგორდა. მისი მიზანი იყო სქესთა იურიდიული უფლებების გათანაბრება. ფემინისტური მოძრაობის პირველ ეტაპებზე მიზნად იქნა დასახული ქალებისათვის საარჩევნო უფლებების მოპოვება. სუფრაჟიზმი აღმოცენდა ინგლისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მოგვიანებით კი გავრცელდა აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში. საარჩევნო უფლებებისათვის ბრძოლაში პირველად ფინელმა ქალებმა მოიპოვეს წარმატება (1905 წ.), შემდეგ ნორვეგიელებმა და დანიელებმა. სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა წინ 1918-1920 წლებში, როცა ქალებს საარჩევნო უფლება მისცეს ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში, კანადაში, აშშ-ში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. სუფრაჟიზმის წარმატებებმა დროებით შეაჩერა ქალთა პოლიტიკური მოძრაობის საერთო განვითარება და მომდევნო თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში იგი სტატიკურ მდგომარეობაში იყო.

ქალთა საპროტესტო გამოსვლა ვაშინგტონში, 1970 წელი

ე.წ.  ”ქალთა აღორძინება“, სხვანაირად ”მეორე ტალღა“  XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. მისი ეპიცენტრი გახდა აშშ, სადაც სწორედ ამ წლებში შეინიშნებოდა დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის, პირველ რიგში კი რასიზმის ლიკვიდაციისაკენ მიმართული დემოკრატიული პროცესების გააქტიურება. ქალთა მოძრაობამ ახალი, ხშირად რადიკალური ფორმები შეიძინა, რაც მის სახელწოდებაშიც – „ქალთა განმათავისუფლებელი“ მოძრაობა („Women’s Liberation“) აისახა.

pih56

ე.წ. ”მეორე ტალღა“, ა.შ.შ., 1960 წელი

ემანსიპაციისათვის ბრძოლის ახალი ტალღა განპირობებული იყო ღრმა სტრუქტურული ცვლილებებით სოციუმში, უპირველეს ყოვლისა კი, საზოგადოებრივ წარმოებაში ქალთა შრომის წილის ზრდით.ფემინიზმის განვითარების ახალი ეტაპი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ეტაპზე გამოყოფენ ფემინიზმის რამდენიმე სახე:

  1. ანარქისტული ფემინიზმი – ქალთა მოძრაობის აქტივისტების იდეოლოგია, რომლებიც გამოდიან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის, იერარქიის, ძალაუფლების წინააღმდეგ. ისინი რეფორმების გასატარებლად ქალთა რევოლუციურ ქმედებას ემხრობიან.
  2. aya8z

  3. ეგალიტარული ფემინიზმი – მამაკაცისა და ქალის პიროვნული არსის თანასწორობის მტკიცება. მისი მიმდევრები უარყოფენ ქალში ქალური საწყისის, ქალური სექსუალობის არსებობას
  4. ეკონომიკური ფემინიზმი – მიმდინარეობა, რომელიც სწავლობს ქალთა როლს ეკონომიკურ პროცესებში, შრომის გენდერული დიფერენციაციის პრაქტიკებს, ეკონომიკური კრიზისების გავლენას ქალთა მდგომარეობაზე, ქალთა დისკრიმინაციის ეკონომიკურ მახასიათებლებს
  5. ლესბოსული ფემინიზმი – ფემინიზმის მიმართულება, რომლის მიმდევრები იბრძვიან მსოფლიო ცივილიზაციაში ლესბოსელთა უფლებების დასაცავად, ლესბოსური სუბკულტურის ღვაწლის აღიარებისათვის, სოციალურ კონსტრუქციებში სპეციფიკური ქალური გამოცდილების დასამკვიდრებლად.
  6. ლიბერალური ფემინიზმი – მიზანია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევა როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ სფეროში. იგი ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის დროს აღიარებულ „ბუნებრივი უფლებების“ კონცეფციას ეყრდნობა.
  7. ნეოფემინიზმი – ფემინისტური იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება პატრიარქალურ საზოგადოებაში გაბატონებულ წარმოდგენას ქალის, როგორც მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის შემსრულებლის როლს. ნეოფემინისტები თვლიან, რომ დედობა ქალის მოვალეობა კი არა, არჩევანი უნდა იყოს. ამიტომაც ისინი იბრძვიან ოჯახის დაგეგმარებისა და შეგნებული დედობის ცნებების დასამკვიდრებლად.

ფემინიზმს, ცხადია, ჰყავდა გამორჩეული ფიგურები, ვინც მის იდეოლოგიას განსაზღვრავდა. ერთ–ერთი ასეთი გახლავთ სიმონა დე ბოვუარი, ნეოფემინიზმის დამაარსებელი, ფრანგი ფილოსოფოსი, ესეისტი და მწერალი ქალი.

0o3wh

სიმონა დე ბოვუარი

იგი 1908 წელს პარიზში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო ჟან–პოლ სარტრის თანამოაზრე და ახლო მეგობარი ( უფრო სწორად, მეგობარზე მეტი ;) ). 1949 წელს სიმონა დე ბოვუარს დიდი წარმატება მოუტანა მეორე სქესის გამოქვეყნებამ. წიგნი 22 000 ეგზემპლარად გაიყიდა პირველივე კვირაში. ნაწარმოები იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ვატიკანმა გაკიცხა კიდეც. თანამეროვე საზოგადოებაში ქალის დაჩაგრული მდგომარეობის აღწერით ბოვუარი გახდა ფემინიზმის მთავარი ფიგურა. ქალის მდგომარეობის მისეულმა ანალიზმა, რომელიც მითების, ცივილიზაციების, რელიგიების, ანატომიისა თუ ტრადიციების საფუძველზე კეთდებოდა, ბევრში აღშფოთება გამოიწვია. ყველაზე დიდი სკანდალი მოყვა დედობისა და აბორტის შესახებ მისეულ მსჯელობას. ქორწინება კი ბოვუარს მიაჩნდა საზიზღარ ბურჟუაზიულ ინსტიტუტად, რომელიც ქალს ქმრის დომინაციის ქვეშ აყენებს.

როდესაც ფემინიზმზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ერთ–ერთი გამორჩეული ფემინისტი ვირჯინია ვულფი. იგი 1885 წელს დაიბადა ლონდონში. წერის ნიჭი მას გენეტიკურად ჰქონა, მამამისი ვიქტორიანული ინგლისის ცნობილი მწერალი იყო. ვულფების პირადი ბიბლიოთეკა, იმ დროინდელ ინგლისში, ერთ–ერთი მდიდრული და უხვწიგნიანი იყო. მაშინ, როცა ამ ეპოქაში ქალს არ შეეძლო საჯარო ბიბლიოთეკით სარგებლობა ( მათ არ ჰქონდათ ამის უფლება), ვირჯინიასათვის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო.

85qb1

ვირჯინია ვულფი

ალბათ შემდგომში სწორედ ამ დიდმა ინტელექტმა და განათლებამ მიიყვანა ვირჯინია შინაგან პროტესტამდე, რაც ქალთა უუფლებობით იყო გამოწვეული. პირველად იგი ქალების უფლებების შეზღუდვის პრობლემას მაშნ გადააწყდა, როდესაც, ძმების მსგავსად, მანაც მოინდომა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ცხადია, მას ამის უფლება არ მისცეს, ის ხომ ქალი იყო. სხვათაშორის, ვირჯინიას ქალებთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო უადვილდებოდა, ვიდრე მამაკაცებთან. ის წერდა, რომ კალი, ეს არის ყოვლად დადებითი არსება და რომ ის ბოროტებას არ სჩადის. თუ ის ამას მაინც აკეთებს, ეს მას დიდ ტკივილს ანიჭებს. შეიძლება სწორედ ამანაც მიიყვანა იგი ლესბოსურ გადახრებამდე. მიუხედავად იმისა, რომ მას ქმარი ჰყავდა, რომელიც მისი უახლოესი მეგობარიც იყო, მას ვიტა სეკვილ-უესტი შეუყვარდა. გარკვეული ხნის შემდეგ მათ შორის რომანი განვითარდა, რომელმაც თითქმის მთელი 20 წელი გასტანა. ვირჯინია ვულფის ” საკუთარი ოთახი” ფემინისტური იდეოლოგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

და ბოლოს მინდა მოვიყვანო ნაწყვეტი ნინო ძანძავას სტატიიდან: “მე-19 საუკუნის ბოლოს დაბადებული ქალების მოგზაურობის ამბავს რომ ვიგებ სულ ვირჯინია ვულფის ესსე მახსენდება, ორი წლის წინ „საკუთარი ოთახი“ ქართულადაც ითარგმნა და ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტივისტი ქალების წერილებთან ერთად გამოიცა (ფონდი „ტასო“). პირველად ვულფის ესსედან გავიგე, რომ გასულ საუკუნეებში, დიდი ხნის მანძილზე ევროპელ ქალებს კაცებისგან განსხვავებით დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება არ ქონდათ. ისხდნენ სახლში და ქარგავდნენ. ჯეინ ოსტინიც ასე იჯდა თურმე და რომანებს ჩუმ-ჩუმად წერდა: როგორც კი მოახლის ნაბიჯების ხმას გაიგონებდა, ნაწერებს მალავდა. მაშინ ხომ არც წერა ითვლებოდა „ქალის საქმედ“.

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს უკვე მოძველებული თემაა და თანამედროვე მსოფლიოსათვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ, ფაქტია, რომ ძალადობას, ქალების მიმართ, პერმანენტული ხასიათი აქვს. სტატისტიკურად, ყველაზე ხშირი, სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობაა, რომელსაც როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს. მსოფლიო, დღეს-დღეობით, ნამდვილად ვერ იამაყებს გენდერული თანასწორობით.
თქვენ კი, ძვირფასო ქალებო, გახსოვდეთ თქვენი უფლებები, და ნურასდროს ნურავის ნუ მისცემით თქვენზე ძალადობის განხორციელების უფლებას (სამმაგი უარყოფით)!!!

წყარო: „გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი“ ია მერკვილაზე, ჯავახიშვილი ნინო ”ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა”, საბედაშვილი თამარი ”ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები”, ვიკიპედია, azrebi.ge,

მსგავსი ამბები

Back to top button