საქართველოს უმაღლესი მწვერვალები


საქართველოს 9 უმაღლესი მწვერვალი


შხარა – ცხრა თავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 5068 მ. აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან – მყინვარი შხარა. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს.

(სურათი ვერ მოვიძიე)
ჯანღა, ჯანგითაუ – მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე, საქართველოსა (ყაზბეგის რაიონი) და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე. სიმაღლე 5058 მ. აგებულია გრანტებისაგან. ამ რაიონში იღებს სათავეს კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარი ბეზენგი.


მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი (რუს. Казбек) – მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის რაიონში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით . მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუატისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა.

მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დუგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ თეკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეთის მყინვარის მხრიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.

იოანე ბატონიშვილი, თავის ენციკლოპედიურ თხზულება კალმასობაში (“ხუმარსწავლი” 1813-1830) (გვ. 541), წერს:იოსებ მოხევე, მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთსცა არვინ აღსრულარს მთასა მას, და მოართო მეფისა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ-მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა.

მყინვარწვერთან დაკავშირებულია ბევრი ძველი ლეგენდა. დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე 80 მეტრიანი კლდოვანი კედლის შიგნით მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული. ”ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ეს მონასტერი წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეების და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბეებით ადიოდნენ. მონასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ლეგენდა პოეტურად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს. სხვა ლეგენდის მიხედვით, მყინვარწვერზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. დარიალის ხეობის მთავარი მშვენება და სიმბოლოა წმინდა სამების მონასტერი, სადაც ერთ დროს ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. მონასტერი მდებარეობს მყინვარწვერის ფონზე, პირდაპირ დაბა სტეფანწმინდის თავზე, ხოლო 3900 მეტრის სიმაღლეზე დგას თანამედროვე პატარა ეკლესია.

(სურათი ვერ მოვიძიე)
გისტოლა, მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზემო სვანეთში, მდინარეების წანერის (მდ. ენგურის აუზი) და ბეზინგის ჩერეკის (მდ. თერგის სისტემა) წყალგამყოფზე. სიმაღლე 4860 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი.


თეთნულდი – მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდ. ენგურის სათავეებში, მესტიის რაიონში. სიმაღლე 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები: წანერი, ადიში და სხვა საერთო ფართით 46 კვ. კმ.

თეთნულდზე პირველად 1930 წელს ავიდნენ (ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე). თეთნულდზე ალპინისტ სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს “ჯაფარიძის მოწმეები” ეწოდა.


ჯიმარა, ჯიმარაი-ხოხი, გიმარაი-ხოხი – მწვერვალი ყაზბეგის რაიონში, ხოხის ქედზე, მდებარეობს მყინვარწვერიდან დასავლეთით 9 კმ-ზე. სიმაღლე 4780 მ. აგებულია თიხის ფიქალის, მეტამორფული ქანებისა და დიაბაზისაგან. დაფარულია თოვლით და ყინულით – გამყინვარების ფართობი 37 კვ.კმ-ს შეადგენს. ჯიმარას ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: დასავლეთით – მიდაგრაბინი, აღმოსავლეთით – სუატისი.


უშბა – ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. სიმაღლე 4700 მ. აგებულია გრანიტებით. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: გულის, უშბის. განვითარებულია ალპინიზმი.მასზე პირველი ასვლა განხორციელდა 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. .


ტებულოსმთა, დაქუეხი – აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი, ანდის ყოისუსა და არღუნის სათავეებს შორის. მდებარეობს ახმეტის რაიონში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. სიმაღლე 4493 მ. აგებულია იურული თიხის ფიქალისა და ქვიშაქვისაგან. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები 3 კვ.კმ საერთო ფართობით.


ჭანჭახი, ჭანჭახისწვერი, მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 4462 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კლდოვანი, ციცაბოკალთებიანია. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალის სამხრეთ კალთაზე განლაგებულია მყინვარი ჭანჭახი.

წყარო: ვიკიპედია

:cool:


ავტორი: YobermaN

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC