არქივი

კაციჭამია ცხოველები #1

Image.geotorrents.com

მტაცებელი ცხოველებიდან ბევრია საშიში ადამიანისთვის, მაგრამ ისეთები, რომლებიც აქტიურად ნადირობენ ადამიანებზე და ჩვენი ხორცი ურჩევნიათ ცხოველებისას, იშვიათია. წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ შემთხვევას, როცა მხეცებმა სახელი ადამიანებზე ნადირობით გაითქვეს.

ტანზანიელი ლომები
Image.geotorrents.com
ეს მოხდა 1932 წელს, ტანზანიის ქალაქ ნიომბეში. კანიბალი ლომების ჯგუფმა ადგილობრივი ტომები პანიკაში ჩააგდო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ლომებს მართავდა ჯადოქარი ექიმი მატამულა მანგერა, რომელიც ამ გზით შურს იძიებდა იმის გამო, რომ მისი მომსახურება აღარ ისურვეს. ლომებზე ლაპარაკსაც კი ვეღარ ბედავდნენ, ეგონათ, რომ ესეც საფრთხეს მოუტანდათ.

ტომის რამდენიმე წევრი ბელადთან მივიდა და მატამულას დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა. ერთ-ერთმა მონადირემ, ჯორჯ რეშბიმ იარაღი აიღო და 15 ლომი მოკლა, რამაც დანარჩენები დააფრთხო და იქაურობას გაშორდნენ. თუმცა ადგილობრივებს სჯეროდათ, რომ მშვიდობის დამყარება ბელადის საბოლოოდ დარწმუნების გამო მოხდა, დაებრუნებინათ ექიმი თავის ადგილას. თხუთმეტი წლის განმავლობაში ლომებმა დაახლოებით 1500 ადამიანი იმსხვერპლეს, ზოგი მონაცემით 2000-მდე.

ორთითა ტომი
Image.geotorrents.com
დღეს უკვე ძნელია იმის თქმა, ამ ამბავთან დაკავშირებული მოსაზრებიდან რომელია რეალობა და რომელი სიცრუე. ეს უზარმაზარი ალიგატორი 20-იან წლებში ატერორებდა ალაბამა-ფლორიდის მიდამოებს, ჭაობიან ტერიტორიებს. სახელი იმის გამო ეწოდა, რომ ერთხელ რკინის მახიდან თავის დახსნისას მარცხენა “ხელზე” ორი თითი დაკარგა. სიგრძეში 4,5 მეტრი იყო და ხალხი ირწმუნებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ალიგატორი კი არ იყო, არამედ ჯოჯოხეთიდან მათ შესაშინებლად გამოგზავნილი დემონი. ტომმა სახელი გაითქვა ძროხების, დედალი ცხენების და რა თქმა უნდა, ადამიანების შესანსვლით. განსაკუთრებით ქალებს ეტანებოდა, როცა ტანსაცმლის გასარეცხად მდინარესთან მიდიოდნენ.

ბევრმა ფერმერმა სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ტყვიები ვერაფერს აკლებდა. ერთ-ერთი მათგანი 20 წელი დასდევდა ტომს. ერთხელაც 15 დინამიტი შეკრა, ცეცხლი მოუკიდა და ტბაში ისროლა, რის შემდეგაც სიმშვიდემ დაისადგურა. აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ტბაში ყველა ცოცხალი არსება განადგურდა. ფერმერმა ღრიალი გაიგო და ხმას რომ მიყვა, ტომი დაინახა, რომელმაც თავისი ცეცხლოვანი თვალები შეანათა და შემდეგ ჩაყვინთა. თითქოს ყველაფერი დამთავრდა და მსხვერპლიც აღარ იყო, მაგრამ ხალხი ისევ ყვებოდა, რომ ტომი დაინახეს, მისი ღრიალი ყოველ დილას ესმოდათ. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ 20-იან წლებში მობინადრე ალიგატორი 80-იანებშიც იხილა ზოგმა. რადგანაც ორი თითი აკლდა, მისი ამოცნობა ადვილი იყო. აფეთქების შემდეგ ათეულობით წლების განმავლობაში მონადირეთა ბევრი რაზმი ეძებდა მას, მაგრამ ტომი ვერასდროს იპოვეს.

კესაგაკე
Image.geotorrents.com
იაპონიაში ყველაზე საშიშ არსებად ითვლება გიგანტური კრაზანა, რომელიც წელიწადში საშუალოდ 40 ადამიანს კლავს. თუმცა ხმელეთზე ყველაზე ძლიერი მტაცებელი მურა დათვია, მისი განსაკუთრებული აქტიურობა კი შეინიშნებოდა 1915 წელს ჰოკაიდოს სოფელ სანკებეცუში. ეს სოფელი მაშინ დაუსახლებელი იყო და საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე ცოტა ხალხი ცხოვრობდა. არეალი ძირითადად გიგანტურ მურა დათვებს ეკავათ, რომლებსაც კესაგაკეს ეძახდნენ. ერთ-ერთი კესაგაკე ნათესებში გადადიოდა ხოლმე და მარცვლეულს მიირთმევდა. ეს რომ დაინახეს, ორმა მონადირემ ესროლა და ისიც დაჭრილი მთებში გაიქცა. სოფლელებს სჯეროდათ, რომ ამის შემდეგ ჭკუას ისწავლიდა და ადამიანების შეეშინდებოდა, მაგრამ მწარედ შეცდნენ.

1915 წლის 9 დეკემბერს მხეცი ისევ გამოჩნდა. მან ამჯერად ოტა-ების სახლში შეაბიჯა, სადაც ფერმერის ცოლი მარტო იყო ჩვილ ბავშვთან ერთად. დათვი ჯერ ბავშვს ეცა და ნაწილებად დაფლითა, შემდეგ ცოლს მიადგა. ქალი თავის დაცვას შეშის სროლით ცდილობდა, მაგრამ ამაოდ – დათვმა ის ტყისკენ გააქანა. როცა ხალხი სახლში შევიდა, ჭერი და კედლები სისხლითა და ნაწლავებით იყო დასვრილი. დათვის მოკვლის მიზნით 30 მამაკაცი გაეშურა ტყეში, სადაც მალევე წააწყდნენ მისი მსხვერპლი ქალის ნარჩენებს. კესაგაკეს გამოჩენისას სროლა ატეხეს, თუმცა მოკვლა ვერ შეძლეს. მის კვალზე გაყოლისას თოვლში ქალის სხეულის დანარჩენი ნაწილებიც აღმოაჩინეს, რომელიც დათვს მომავლისთვის ჰქონდა გადანახული.

დათვი მოგვიანებით ისევ დაბრუნდა ოტას სახლში, სადაც შეიარაღებული რაზმი დახვდა. მაგრამ ამას ცუდი შედეგიც მოყვა – მეზობელი მიიოკეს სახლი დაუცველი იყო. მხეცი შევარდა მიიოკეს სახლში და იქ მყოფებს ეცა. რამდენიმემ გაქცევა მოახერხა, მაგრამ ორი ბავშვი და ორსული ქალი მის ხახაში აღმოჩნდა. თვითმხილველების მონაყოლით, ქალი მოახლოებულ დათვს ევედრებოდა, შეებრალებინა მისი ჯერ არდაბადებული შვილი და არაფერი დაეშავებინა, რაც, რა თქმა უნდა, უშედეგო იყო. როცა მცველები თავიანთ შეცდომას მიხვდნენ, მიიკოეს სახლში შევარდნენ, სადაც ბავშვების დაფლეთილი სხეული დახვდათ. იქვე ეგდო მუცელგაპობილი ქალი, გვერდზე კი დანაწევრებული ნაყოფი. მათ სისხლს იატაკი მთლიანად შეეღება. ორ დღეში კესაგაკემ კიდევ 6 ადამიანი მოკლა. მთელი სოფელი შიშმა მოიცვა და აკანკალებულმა მცველებმაც პოსტი დატოვეს. ხალხის დასახმარებლად მეზობელი სოფლიდან ჩამოვიდა გამოცდილი მონადირე და სხვებთან ერთად, 14 დეკემბერს მისი მოკვლა მოხერხდა. დათვი სიმაღლეში 3 მეტრი იყო, წონით 380 კგ. გაჭრისას მის მუცელში ადამიანის ორგანოები იპოვეს. მაგრამ უბედურება ამით არ დასრულებულა – ვინც კესაგაკეს ცოცხალი გადაურჩა, ჭრილობებით დაიღუპა. ერთ-ერთი კი მდინარეში დაიხრჩო. რეგიონი მალე მიატოვა ხალხმა და დღეს ის ქალაქი-მოჩვენებაა.

ნიუ ჯერსის ზვიგენი
Image.geotorrents.com
ეს ამბავი მოხდა 1916 წელს, როცა ძალიან ცოტა იყო ცნობილი ზვიგენების შესახებ და ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ისინი საშიში არ იყვნენ. თავდასხმებს ადგილი ჰქონდა ნიუ ჯერსის სანაპიროზე. პირველი მსხვერპლი იყო ჩარლზ ვანსანტი, რომელსაც ზვიგენი ძალიან დაბალ წყალში დაესხა თავს, როცა ის ძაღლს აბანავებდა. თავდასხმა ბევრმა იხილა, მათ შორის ჩარლზის ოჯახის წევრებმა და სანაპიროს დაცვა დასახმარებლად გაეშურა. მათ ზვიგენის მოგერიება შეძლეს, აი ჩარლზი კი ცუდ მდგომარეობაში იყო. ზვიგენის კბილებმა მას არტერია გადაუჭრა, ფეხებიდან კი ქსოვილები მოეგლიჯა. ჩარლზი საავადმყოფომდე მიყვანაში გარდაიცვალა სისხლდენისგან.

5 დღის შემდეგ იმავე სანაპიროზე იგივე ზვიგენი დაესხა თავს ჩარლზ ბრიუდერს. თვითმხილველებმა დაცვას შეატყობინეს, რომ გადაბრუნებულ წითელ კანოეს ხედავდნენ, ეს კანოე კი რეალურად ჩარლზის სისხლის გუბე აღმოჩნდა. ზვიგენს მისთვის ორივე ფეხი მოეგლიჯა. გარდაცვლილი ჩარლზის დაჩეხილი სხეული სანაპიროზე გამოათრიეს. ამის დანახვაზე ქალებს გული შეუღონდათ.

მომხდარის შესახებ ამცნეს მეცნიერებს, რომლებმაც დაიწყეს მტკიცება, რომ ზვიგენი დამნაშავე არ იქნებოდა. რეალურად ადამიანები ალბათ ვეშაპმა ან ზღვის კუმ იმსხვერპლაო. ხალხი ზვიგენისგან დაცვას ითხოვდა, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია. რამდენიმე დღის შემდეგ 12 ივლისს 11 წლის ბიჭი ნებივრობდა წყალში, როცა ზვიგენი ეცა და ჩაითრია. ერთ-ერთი თვითმხილველი, სტენლი ფიშერი მიჰყვა მას გადასარჩენად, მაგრამ ისიც ზვიგენმა იმსხვერპლა. 30 წუთის შემდეგ კიდევ ერთ ბიჭს დაესხა თავს ზვიგენი, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა, მხოლოდ მცირედი დაზიანებები ჰქონდა.

14 ივლისს გიგანტური თეთრი მდედრი ზვიგენი დაიჭირეს, რომლის მუცელშიც მრავლად იპოვეს ადამიანის ნარჩენები. დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეიძლება მხოლოდ ეს ზვიგენი არ ყოფილიყო დამნაშავე და სხვებიც მოქმედებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ მისი მოკვლის შემდეგ თავდასხმები შეწყდა.

მოჩვენება და წყვდიადი
Image.geotorrents.com
1898 წელს ბრიტანეთმა სარკინიგზო ხიდის მშენებლობა დაიწყო კენიაში, ცავოს მდინარეზე. 9 თვის მანძილზე, მშენებლობის მუშები ორი ლომის სამიზნეები აღმოჩნდნენ (შემდგომში გაირკვა, რომ ეს ლომები ძმები იყვნენ). ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ეს ლომები უზარმაზარნი იყვნენ, სიგრძეში 3 მეტრამდე და უფაფრონი. თავდაპირველად მუშები საძილე კარვებიდან გადმოჰყავდათ, ბუჩქებში მიჰქონდათ და ნახევრად მძინარეებს იქ ხარბად შეექცეოდნენ. მაგრამ მალე ისე გათავხედნენ, რომ ბუჩქებში აღარ მიჰქონდათ და პირდაპირ კარვებთან იწყებდნენ ჭამას. მათი ზომა, მრისხანება და მოხერხებულობა იმდენად არაბუნებრივი იყო, რომ ადგილობრივები დემონად მიიჩნევდნენ. ზოგის აზრით კი, ისინი იყვნენ ძველი კენიელი მეფეების რეინკარნირებული სულები, რომლებიც მათი ხალხის გათავისუფლებას ცდილობდნენ დამპყრობლებისგან. ამ ორ ლომს უწოდეს “მოჩვენება” და “წყვდიადი”. მუშები ისე დაიზაფრნენ, რომ იმ ადგილიდან გადაიკარგნენ. სარკინიგზო ხაზის მშენებლობა შეჩერდა. “დემონი ლომების” ხახაში მოხვედრა აღარავის უნდოდა.

რკინიგზის მთავარმა ინჟინერმა, ჯონ ჰენრი პეტერსონმა გადაწყვიტა რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ლომების დახოცვა იყო. ის მარტოდმარტო გაეშურა ლომებზე სანადიროდ და 1899 წლის დეკემბერში ერთი მათგანი მოკლა, თუმცა მანამდე კინაღამ მისი მორიგი მსხვერპლი გახდა. ორი კვირის შემდეგ მეორე ლომიც წინას გზას გაუყენა. ამ დროისთვის, მსხვერპლთა რაოდენობა 140-ს აღწევდა. ჯონმა ლომების ბუნაგიც იპოვა მდინარესთან ახლოს, სადაც ადამიანების კიდურები და ორგანოები აღმოაჩინა, ასევე ტანსაცმლის ნაკუწები და პირადი ნივთები. ეს ბუნაგი დღესაც ხელუხლებელია და იმის მიუხედავად რომ ბევრი ჩონჩხის ექსჰუმაცია მოხდა, ამბობენ რომ შიგნით კიდევ საკმაოდაა. სხვა კანიბალების მსგავსად, ეს ლომებიც ხშირად კლავდნენ ადამიანებს მაშინ, როცა მშივრები არ იყვნენ. ლომების ფიტული ამჟამად ინახება ჩიკაგოს მუზეუმში (იხ. სურათი), თუმცა კენიის მხარემ გამოთქვა სურვილი, ააშენოს მუზეუმი, რომელიც ამ ტრაგედიას მიეძღვნება და ამ შემთხვევაში ფიტულები ისევ კენიაში გადაინაცვლებენ.

მსგავსი ამბები

Back to top button