მისტიკასაკითხავიუცნაური

გოლემი


გოლემი, პრაღის იდუმალი ბინადარი…
ულამაზეს პრაღაში მოგზაურობა შესანიშნავი ლუდის ბარების მონახულების გარდა ბევრი სხვა რამითაც დაგამახსოვრდებათ. ევროპის მისტიკურ დედაქალაქში ზოგი სპეციალურად იმ მიზნით ჩადის, რომ ქალაქის ვიწრო ქუჩებში ძველ სინაგოგას მიაგნოს, სადაც, ლეგენდის მიხედვით, დღემდე შეიძლება თიხის ადამიანის – გოლემის ნარჩენების ნახვა. ბევრი ამტკიცებს, რომ ის საკუთარი თვალით ნახა. ამის ოფიციალურად დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ ლეგენდები იმდენად ბევრი და მრავალფეროვანია, რომ ძნელია ეს მხოლოდ ადამიანის ფანტაზიას მიეწეროს, ამიტომ “გოლემზე მონადირეთა” ნაკადი დღემდე არ იკლებს.

გადმოცემის თანახმად, პიროვნებას, რომელმაც შექმნა და გააცოცხლა თიხის ადამიანი, იეჰუდა ბენ ბეცალელი ერქვა. იგი მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა. იმ დროისთვის პრაღაში ებრაელები სასტიკი მეთყვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რადგან გავრცელებული ანტისემიტური ჭორების მიხედვით, ისინი იტაცებდნენ და კლავდნენ ქრისტიან ბავშვებს და შემდეგ მათ სისხლს ტრადიციული მაცას მოსამზადებლად იყენებდნენ. ეს ხმები, ცხადია, უკიდურესად აღიზიანებდა ადგილობრივ ქრისტიან მოსახლეობას და მათ ებრაელთა წინააღმდეგ განაწყობდა, რომელთა დარბევამაც თანდათან მასობრივი ხასიათი მიიღო. ეჭვით გონგადასული ქრისტიანები სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, არ ინდობდნენ არც ქალებს, არც ბავშვებს და არც მოხუცებსაც კი.

ლეგენდის თანახმად, როდესაც მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა და ებრაელები ერთიანი განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რაბინმა იეჰუდა ბენ ბეცალელმა პრაღელ ებრაელთა დასაცავად “გოლემი” შექმნა.

ამ იდეის განსახორციელებლად აუცილებელი იყო უფლის ჭეშმარიტი სახელის ამოცნობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა რაბინი ცოცხალი ადამიანის შექმნას, რომელიც მის ყველა სურვილს შეასრულებდა.

ლეგენდის მიხედვით, იეჰუდამ შეძლო უფლის სახელის ამოცნობა, თავის ორ შეგირდს გაუმხილა ეს საიდუმლო და თან დახმარებაც სთხოვა. მათ უნდა შეექმნათ ისეთი არსება, რომელიც ებრაელებს დაიცავდა. ამ იდეით ანთებული იეჰუდა შვიდი დღე ლოცულობდა და ღმერთს შემწეობას სთხოვდა. საბოლოოდ, დათქმული დღეც დადგა,. შუაღამით რაბინმა თავის ორ თანაშემწესთან ერთად ვლატვის სანაპიროს მიაშურა და წითელი თიხისგან ადამიანის ფიგურის ძერწვას შეუდგა, მისი შეგირდები კი მთელი ამ პროცესის განმავლობაში მხურვალედ ლოცულობდნენ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას, რომ შეგირდებიდან ერთი ცეცხლის ნიშნით იყო დაბადებული, მეორე – წყლის, ხოლო თავად ბენ ბეცალელი ჰაერის სტიქიას განეკუთვნებოდა. გოლემის შესაქმნელად აუცილებელი იყო ამ სამი სტიქიის შერწყმა მეოთხე – მიწის სტიქიასთან.

მაგიური რიტუალის პროცესში იეჰუდამ სთხოვა ცეცხლის ნიშნის შეგირდს შვიდჯერ შემოევლო ფიგურისთვის მარცხნიდან მარჯვნივ და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ლოცვები წაეკითხა. როდესაც შეგირდმა მეშვიდე წრის ბოლო ნაბიჯი გადადგა, თიხა, რომლითაც გოლემი იყო გამოძერწილი, მთლიანად გაწითლდა და ცეცხლის ფერი მიიღო. ახლა იეჰუდამ მეორე, წყლის ნიშნის ქვეშ დაბადებულ შეგირდს სთხოვა იგივე პროცედურის გამეორება, ოღონდ მარჯვნიდან მარცხნივ. ამჯერად ფიგურამ წყლის ფერი მიიღო. ამ რიტუალის შემდეგ გოლემი ჩვეულებრივ ადამიანს დაემსგავსა – თავზე თმები ამოუვიდა, თითებზე ფრჩხილები გაეზარდა. მისთვის მხოლოდ სული უნდა ჩაებერათ. იეჰუდამ მას შვიდჯერ შემოუარა მარცხნიდან მარჯვნივ, შემდეგ კი პირიქით – მარჯვნიდან მარცხნივ და გოლემს პირში დახვეული პერგამენტი ჩაუდო, რომელზეც საიდუმლო სიტყვა იყო დაწერილი. რაბინმა მოკლედ წარმოთქვა: “ლიშუისხო კივისი, ადოშემ !” – შენგან მოველი ხსნას, უფალო! სული შთაბერა და თიხის ადამიანიც გაცოცხლდა.

ერთი თქმულების თანახმად, გოლემს რაბინმა შუბლზე დააწერა სიტყვა – “ემეტ” (სიმართლე) შემდეგ, მოგვიანებით როცა მისი შეჩერება გახდა საჭირო, პირველი ასო წაშალა და დარჩა სიტყვა “მეტ” – მოკვდი, და გოლემი ქვიშად იქცა.

დავანებოთ სხვა ვერსიებს თავი და ისევ ახალგაცოცხლებულ გოლემს დავუბრუნდეთ. მან თვალები გაახილა და წინ მდგომი სამი ადამიანი დაინახა. “ადექი !” – უბრძანა იეჰუდამ. გოლემი წამოდგა. რაბინმა მოწაფეების დახმარებით შემოსა იგი. “შენ მხოლოდ მე დამიჯერებ და ყველა ჩემს სურვილს უსიტყვოდ შეასრულებ !” – გააფრთხილა იეჰუდამ. გოლემს ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ პატრონის ყოველი სიტყვა კარგად ესმოდა.

რაბინმა გოლემს იოსები უწოდა. სახლში დაბრუნებისას, თავის ცოლს, ფერელს აუწყა, რომ თან მუნჯი ნაცნობი მოიყვანა. სხვა გადმოცემის თანახმად იეჰუდამ გოლემი იმავე ღამით გაუშვა და ისიც შეუდგა ქრისტიანთა რბევას. პრაღის ქუჩები გვამებით ივსებოდა. ასე გრძელდებოდა ორი დღე – ოთხშაბათი და ხუთშაბათი. პარასკევს, შუადღისას, როცა გოლემი კვლავ ხოცვა ჟლეტას განაგრძობდა, იეჰუდასთან თხოვნით მივიდნენ ქალაქის მამები: “გოლემმა ნახევარი ქალაქი გაწყვიტა, მალე პრაღაში ერთი ქრისტიანიც არ დარჩება ცოცხალი. ამასთან, ხვალ წმინდა შაბათია”. იეჰუდა წამოდგა და შაბათის ლოცვების კითხვას შეუდგა. გოლემმა მაშინვე შეწყვიტა თავისი სისხლიანი კალო და ებრაელთა გეტოში დაბრუნდა.

შემდეგ რა მოხდა? როგორც ამბობენ, შემქნელმა თვითონ მოუღო ბოლო თავის ქმნილებას. დარჩა მხოლოდ გოლემის თიხის სხეული. ზოგიერთის მტკიცებით, იგი დღემდე ინახება პრაღის ძველ სინაგოგაში. მასთან მიახლოება ყველას ეკრძალება, რადგანაც ვინც მას შეეხება, სიკვდილი ელის. სიტყვა რომელსაც გოლემის გაცოცხლება შეუძლია, სამუდამოდაა დაკარგული…

სხვა ვერსიის მიხედვით, ერთმა ადამიანმა ტაბუ დაარღვია და გოლემის განსასვენებელში შეაღწია. მან განცვიფრებულმა აღმოაჩინა, რომ თიხის გოლიათი ცოცხალი იყო და იმ დროს ელოდებოდა, როცა მისი გამოჩენა კვლავ გახდებოდა საჭირო…

ბევრს მიაჩნია რომ ლეგენდა გოლემზე მხოლოდ ზღაპარია, და მის უკან ღრმა აზრი იმალება. საინტერესოა, ისიც რომ ამ ლეგენდამ, ბევრ სხვა ლეგენდას დაუდო სათავე. ასე მაგალითად, ავსტრიელი მწერალი გუსტავ მაირინკი, თავის ცნობილ რომანში “გოლემი” ასეთ ამბავს გადმოგვცემს: ეს ისტორია მეჩვიდმეტე საუკუნეში მოხდა. კაბალას მივიწყებული წესების მიხედვით, ერთმა რაბინმა, რომელმაც კაბალა ხუთი თითივით, გეტოში თიხისგან გამოძერწა ხელოვნური ადამიანი გოლემი. იგი რაბინს უნდა დახმარებოდა სინაგოგას ზარების რეკვაში და ასევე შავი სამუშაო უნდა შეესრულებინა.

მაგრამ ის ვერ იქცა ნამდვილ ადამიანად, როგორც ამბობენ, ცხოვრებას მიაჩანჩალებდა, მოქმედებდა შეუგნებლად და ავტომატურად. ცოცხლობდა მხოლოდ დღის განმავლობაში, როდესაც რაბინი პირში უდებდა პერგამენტს მაგიური სიცოცხლის ნიშნებით, რაც ათავისუფლებდა სამყაროს იდუმალ ძალებს. საღამოს ჟამს რაბინი პირიდან უღებდა პერგამენტს და გოლემის თიხის უსულო კერპად იქცეოდა.

და როდესაც ერთ საღამოს, დაძინებისას, ლოცვის წინ რაბინს დაავიწყდა გოლემის პირიდან პერგამენტის გამოღება, და გოლემი გაცოფდა, ღამის წყვდიადში გარეთ გავარდა და ყველაფერს ანადგურებდა, რაც გზად შეხვდებოდა, სანამ რაბინი არ დაედევნა და პირიდან პერგამენტი არ გამოუღო.

და მაშინ კერპი მკვდარივით დაენარცხა მიწაზე. მისგან აღარაფერი დარჩა თიხის უსულო სხეულის გარდა. მას დღესაც უჩვენებენ ძველ სინაგოგაში…

არსებობს ისეთი თქმულებაც, რომ ყოველ 33 წელიწადში ერთხელ გოლემი კვლავ ჩნდება პრაღის ქუჩებში და მის გამოჩენას მრავალი უბედურება მოჰყვება. ასე აფრთხილებს ლეგენდა ყველას მის მოსალოდნელ გამოჩენასთან დაკავშირებით…

მგონი საინტერესო და იდუმალი იყო.
BY ბერო
პ.ს იმდედია ადმინისტრაცია გამომიქვეყნებს ამ პოსტს, იმიტომ რომ მთელი დღე ვიჯექი და ვცდილობდი რაც შეიძლება საინტერესოდ გადმომეცა ეს ლეგენდა თქვენთვის.

თეგები

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close