გასართობისაკითხავისასარგებლო

მედიცინა ძველ ეგვიპტეში (ნაწილი 2)

ძველი ეგვიპტის მედიცინა ძალიან საინტერესო და გასაკვირიცაა, რადგან ზედმეტად განვითარებულია ძველი ცივილიზაციისათვის. გთავაზობთ მისი ისტორიის მეორე ნაწილს.

ძველ ეგვიპტელებს ღრმა ცოდნა გააჩნდათ ადამიანის ორგანოების შესახებ. მათ შორის მნიშვნელოვანია ჩვენამდე მოღწეული ტრაქტატი თავის ტვინის აღწერილობით. მათი აზრით, თავის ტვინის დაზიანება სხვა ორგანოების დაავადებას იწვევდა. განსაკუთრებულ როლს ანიჭებდნენ გულს. ებერსის ეტრატში ნათქვამია, რომ ყველა ექიმის ოსტატობის საიდუმლო გულის მუშაობის ცოდნაშია.

დაავადებების უმნიშვნელოვანეს მიზეზად ძველ ეგვიპტეში არაჯანსაღი საჭმელი ითვლებოდა. ჰეროდოტეს მიხედვით ძველი ეგვიპტელები კუჭს ისუფთავებდნენ თვეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ადამიანის დაავადების მიზეზად თვლიდნენ გარდაცვლილთა სულებს, რომელთა გამოდევნას ორგანიზმიდან ისინი ცდილობდნენ წამალში არასასიამოვნო გემოს მქონე და საჭმელად უვარგისი ნივთიერებების დამატებით.

ძველეგვიპტური რელიგიის მიხედვით მთავარი ღვთაება, რომელიც მკურნალობასთან იყო დაკავშირებული, იყო ისიდა. ხოლო ექიმების მფარველი ღვთაებად ლომისთავიანი სოხმეტი იყო მიჩნეული. ისიდა მაგიური მკურნალობის სულისჩამდგმელად და ამავე დროს ბავშვების მფარველად ითვლებოდა. ის დედობისა და ნაყოფიერების სიმბოლო იყო. მან შესძლო გველისაგან დაკბენილი შვილის გაცოცხლება. ისიდამ გადარჩენილი შვილიც აზიარა მკურნალობის საიდუმლოებებს. წამლები, რომლებიც ისიდას სახელს ატარებდნენ, ძველ რომშიც იყო ცნობილი და ჰალენის წიგნებშიც არის მოხსენიებული.

ძველ ეგვიპტეში გავრცელებული ყოფილა ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, მალარია, და ჭირი. ძველი ეგვიპტე ჭიებით მძიმე დაავადებების, შარდსასქესო და ნაწლავური შისტოსომოზების დიდი კერა იყო. ეს დაავადებები აღწერილია ებერსის, ხერსტის, ბერლინისა და ლონდონის პაპირუსებში. ეს უძველესი ტექსტები გვამცნობენ, რომ ამ დაავადებების დამახასიათებელი ნიშნები იყო ჭიების არსებობა ორგანიზმში, სისხლი შარდში (“ეგვიპტური ჰემატურია”), სწორი ნაწლავის დაზიანება და ფაღარათი. XX დინასტიის (XI საუკ. ჩვ. ერამდე) ეგვიპტური მუმიების მიკროსკოპულმა გამოკვლევებმა დაადასტურა მათ თირკმელებში შარდსასქესო შისტოსომოზების გამომწვევის გაქვავებული კვერცხების არსებობა. ამ დაავადების გავრცელებას ძველ ეგვიპტეში და მოგვიანებით ძველ მესოპოტამიაში, ასევე აზიის, აფრიკისა და ამერიკის ქვეყნებში ხელი შეუწყო სარწყავი სისტემის ნაგებობებში მოლუსკების არსებობამ, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს ეგვიპტეში.

კბილის ექიმის პროფესია უხსოვარი დროიდან არსებობდა ეგვიპტეში. მუმიების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძველ ეგვიპტეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული ძვლისაზრდელას მძიმე ფორმის ანთებები, რომელებიც იწვევდა ყბის ფორმის ცვლილებას და კბილების დაცვენას ავადმყოფის სიცოცხლეში. კბილის მკურნალობა ძველ ეგვიპტეში კონსერვატორულ ხასიათს ატარებდა და კბილზე ან დაავადებულ ღრძილზე სამკურნალო ხსნარებისა და პასტების გამოყენებით ამოიწურებოდა. ებერსის პაპირუსში მოყვანილია აღწერა 11 წამლისა, რომლებიც ხელს უწყობენ პირის ღრუს გაჯანსაღებასა და კბილების გამაგრებას, კურნავდნენ ღრძილების ანთებას და უამებდნენ კბილის ტკივილს. პაპირუსში აღწერილია ამოვარდნილი ქვედა ყბის ჩასმის შემთხვევა.

ბერძნები ეგვიპტელებს მდიდარი სამედიცინო ტრადიციების გამო მედიცინის “გამომგონებლებს” უწოდებდნენ.

წყარო:www.medportal.ge

თეგები

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Close
Close