უცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 6

bf0fbe4675ea

1.თოჯინა
ჩემი ქმარი რობერტი მთვარეული იყო. იგი ღამე დგებოდა და დადიოდა. დიდი სახლი გვქონდა. რამდენჯერმე მივუსწარი როგორ ადიოდა აივნის მოაჯირზე. ძალიან მეშინოდა რამე არ შემთხვეოდა. ზარი გამოვაბი ხელზე და როცა ძილში ადგებოდა ზარის ხმით ვხვდებოდი სად იყო.
ჩვენ ერთი გოგონა გვყავდა. რობერტს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბავშვთან. მასთან ერთად საათობით თამაშობდა თოჯინობანას. რობერტი ხშირად ეუბნებოდა ჩვენს პატარას, რომ თოჯინებს ძალიან უყვარდათ ის და რომ სულ მასთან იქნებოდნენ, თვითონაც თუ გაუფრთხილდებოდა და ეყვარებოდა. ბავშვსაც განსაკუთრებით უყვარდა მამა და თავისი თოჯინები.
რობერტის მდგომარეობა აუტანელი ხდებოდა. მივმართეთ ექიმებს, მაგრამ შედეგი არ იყო. ბოლოს ერთ მკითხავთანაც კი მივედით. ნათელმხილველმა რობერტის ხელი რომ აიღო და დახედა, წამოიყვირა. მან თქვა რომ რობერტი ერთ ღამეს სახლიდან წავიდოდა და აღარასდროს დაბრუნდებოდა. მე არაფრის შეცვლა არ შემიძლიაო გვარწმუნდებოდა მკითხავი. ძალიან შემეშინდა, მაშინვე წამოვედით იმ ქალისგან. რობერტი მარწმუნებდა, რომ ძალიან ვუყვარდით მე და ჩვენი გოგონა და არასდროს მიგვატოვებდა. ღამე ვცდილობდი არ დამეძინა. ხელი მქონდა ჩავლებული რობერტისთვის და ისე ვიწექი.
ერთ ღამეს გამომეღვიძა, როგორც ჩანს ჩამძინებოდა. რობერტი აღარ იწვა ჩემ გვერდით. სასწრაფოდ წამოვხტი. აივანზე გავვარდი. ბაღი, მთელი სახლი შემოვირბინე, მაგრამ რობერტი არსად იყო. მისი ზარის ხმაც არ ისმოდა.
პოლიციას რომ შევატყობინე მითხრეს, რომ ალბათ თვითონ გადაწყვიტა სახლიდან წასვლა და ჩვენი მიტოვება. მე ვარწმუნებდი მათ, რომ რობერტი არასდროს მიგვატოვებდა მე და ჩვენს შვილს. მაგრამ პოლიციას არ სჯეროდა. გავიდა დრო მაგრამ რობერტი არ ჩანდა.
ერთხელ დედას ველაპარაკებოდი ტელეფონზე, როცა ჩემმა გოგონამ დამიძახა და მითხრა, არ მეტირა, რადგან მან იცოდა სადაც იყო მამა. ტელეფონი გავთიშე. ბავშვმა მთხოვა გავყოლოდი. თავის თოჯინების სახლთან მიმიყვანა და ერთ თოჯინაზე მიმითითა. მითხრა რომ აქ იყო მამა. უცნაური ის არის, რომ ის თოჯინა მანამდე არასდროს შემინიშნავს, მე არ მიყიდია. თოჯინა ძალიან ჰგავდა რობერტს. რაც ყველაზე უცნაურია, ხელზე პატარა ზარი ჰქონდა გამობმული და ის პიჟამოები ეცვა, რაც რობერტს მისი გაუჩინარების დღეს.
მას შემდეგ რობერტი არ გამოჩენილა. არც პოლიციას შეუტყვია რაიმე მის შესახებ.

2.ბებიის სული
ეს ამბავი რომელსაც ახლა მოგიყვებით ჩემს მეგობარს შეემთხვა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ.
ჯაბა ბათუმის განაპირას ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობს. ის ძალიან კარგი ადამიანია ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს ახლა კი ამბავი.
ჯაბა: რამდენიმე კვირის წინ სიზმარი ვნახე, სიზმარში ჩემი გარდაცვლილი ბებია დამესიზმრა, ვითომ სასაფლაოზე იყო, მე მივედი. მან შემომხედა და მითხრა: “შვილო მანქანა გადააგდე“. დილით რომ გავიღვიძე, ვერაფრით მივხვდი რისი თქმა სურდა ბებიაჩემს. ჩემი მანქანა ფორდ მონდეო საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო და ცხადია მის გადაგდებას სულაც არ ვაპირებდი. მეორე ღამესაც მესიზმრა ბებია, ისევ სასაფლაოზე და კვლავ იგივე მითხრა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ დასაძინებლად დაწოლა და თვალის დახუჭვა აღარ მინდოდა. გამთენიისას თუ ჩამეძინებოდა, მაგრამ როგორც კი თვალს მოვხუჭავდი ბებია მეცხადებოდა და მთხოვდა მანქანა გადამეგდო. ჩემებისთვის არ მითქვამს, არ მინდოდა შემეშინებინა ტყუილ–უბრალოდ.
ერთ დღეს ქალაქიდან რომ დავბრუნდი დედამ მითხრა, რომ ჩვენი ხბო დაიკარგა და მომაძებნინეო. უკვე დაბინდებული იყო. მე, დედა და ჩვენი მეზობელი ჩემს მანქანაში ჩავსხედით და იქით გავემართეთ, სადაც სავარაუდოდ შეიძლებოდა ჩვენი ხბო ყოფილიყო. მეზობელსაც საქონელი დაკარგვოდა და ისიც საძებრად გამოგვყვა.
მანდარინის ბაღებთან რომ მივედით მანქანა გორაზე ზემოთ გავაჩერე, ფარები ჩართული დავტოვე რომ გაენათებინა. ყველანი საძებრად წავედით. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ უკან ვბრუნდებოდით. მეზობელმა იპოვა თავისი საქონელი, ჩვენი ხბო კი არსად ჩანდა, მაგრამ უკვე ისე ბნელოდა ძებნას აზრი აღარ ჰქონდა. მანქანისკენ რომ მივდიოდით დავინახეთ, რომ მანქანა თავისით დაიძრა და ჩვენკენ აიღო გეზი. საკმაოდ დიდი სიჩქარე განავითარა. ჩვენ გაოგნებისგან ადგილზე გავქვავდით თითქოს, ფეხიც ვერ მოვიცვალეთ. ჩვენამდე სულ რაღაც 5 მეტრი იყო დარჩენილი, რომ მანქანამ თავისით გვერდზე გაუხვია და მანდარინის ხეს შეასკდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვფხიზლდი თითქოს და მანქანას მივვარდი. მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი იყო ბუქსირის გარეშე. ძალზედ შეწუხებული და ჩაფიქრებული მივდიოდი, რომ უცებ ჩემი მეზობლის საქონელი გამოიქცა, ძლივს მოვასწარი გვერდზე გადახტომა, თითქოს რაღაცამ შეაშინაო. უკან გავიხედეთ არაფერი იყო, საერთოდ არაფერი… ეს ადგილი მეცნო.. სულ დამავიწყდა რომ აქ სასაფლაოები იყო. აქ იყო დაკრძალული ბებიაჩემიც და მხოლოდ ახლა წარმომიდგა თვალწინ ჩემი სიზმარი და ეს ადგილი. ბებიას საფლავი, სადაც მეუბნებოდა მანქანა გადააგდეო. მხოლოდ მას შემდეგ გამახსენდა, როცა ფარანი მივანათე. როგორ ვერ გავიხსენე ეს ადგილი როცა მოვედით. სიმართლე რომ გითხრა ძალიან შემეშინდა. ვერაფრით ამეხსნა რა მოხდა. რატომ დაიძრა მანქანა და ადგილიდან დაგორდა მხოლოდ 20 წუთის შემდეგ და არა მაშინვე, ან რამ შეაშინა საქონელი, ან ეს რატომ მოხდა მაინც და მიანც აქ, ამ სასაფლაოსთან.
სახლში რომ დავბრუნდი, მამამ მითხრა მანქანა დაქოქე ქალაქში მივდივართ, სასწრაფო საქმე მაქვს, რაც შეიძლება მალე უნდა ვიყო ადგილზეო. ცხადია ვეღარ წავიყვანდი მამას ქალაქში ჩემი დამტვრეული მანქანით. იმ დღის შემდეგ ბებიაჩემი აღარ მინახავს სიზმარში. ახლაც აუხსნელია ჩემთვის რა მოხდა იმ საღამოს, ახლაც მზარავს იმ წუთების გახსენება.

3.უცნაური მგზავრი
ეს ამბავი ბათუმში მოხდა, ჩემმა მეგობარმა მიამბო.
უკვე ძალიან გვიან იყო, 2 საათი ხდებოდა, როცა გოჩა (მის ნამდვილ სახელს ვცვლი) თავისი დისა და სიძის სახლიდან წამოვიდა. საკმაოდ შეზარხოშებული იყო. მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ აიღო გეზი. ტრასაზე მანქანები აღარ მოძრაობდნენ. თითო–ოროლა თუ გამოჩნდებოდა ხოლმე, თუმცა გოჩას მაინც ნელა მიჰყავდა მანქანა. მუსიკას უსმენდა და კარგ განწყობაზე იყო.
ტრასაზე უეცრად ძალიან ლამაზი, გამოპრანჭული ქალი შენიშნა გოჩამ, გაოგნებულმა ჩაუარა გვერდით. მერე იფიქრა იქნებ რამე უჭირსო. ძალზე დაინტერესდა ამ შუაღამისას ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი მარტო რატომ იყო. ნელა დახია უკან მანქანა და ქალბატონს დახმარება შესთავაზა.
ქალმა უთხრა, რომ დახმარება არ სჭირდებოდა. მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა. გოჩა კიდევ უფრო გაკვირვებული იყო. ერთი წუთით თავში გაუელვა, იქნებ „კაი სულის“ არ არის, თორემ ამ შუაღამისას ღამე მარტო რატომ ივლიდაო. ქალი ძალიან თავშეკავებული იყო და გოჩამ ვერ გაუბედა რამე უხერხული კითხვა დაესვა ან ეთქვა.
გოჩა რაღაც ანეკდოტს რომ უამბობდა ახალგაზრდა უცნობ ქალბატონს და თან სარკეში უჭვრეტდა, სიგნალის ხმა გაიგონა. წინ გაიხედა და ორი დიდი ფარის დამაბრმავებელი სინათლე დაინახა. საჭე გადაწია. უშველებელ თურქეთის სატვირთო მანქანას ძლივს აუქცია გვერდი, თუმცა მაინც მშვიდობიანად, მანქანაც დაიმორჩილა და ქალს ჰკითხა თავს როგორ გრძნობდა, ხომ არ დაშვდა. პასუხი არ იყო. უკან რომ მოიხედა მანქანის სალონში არავინ იყო.
გოჩა გაოგნებული და ძალზე შეშინებული იყო. მანქანა არ გაუჩერებია. ძლივს დაიმორჩილა, შეუძლებელი იყო ამ დროს მანქანიდან ვინმე გადამხტარიყო, არც კარის ხმა გაუგია და არც არაფერი. უცნობი ლამაზი ქალი უბრალოდ გაქრა.
სახლში მისულ გოჩას ტემპერატურამ აუწია. რამდენიმე კვირის შემდეგ გოჩა გამოჯანმრთელდა, თუმცა შიშის გამო ახლაც ებმის ენა. ნელ–ნელა გამოდის მდგომარეობიდან. მას შემდეგ მარტო აღარ მგზავრობს მანქანით და მითუმეტეს ღამით.
ვინ იყო უცნობი ქალი, რა უნდოდა შუაღამისას ტრასაზე, რისთვის ჩაუჯდა მანქანაში გოჩას, ან როგორ გაქრა, დღემდე გაუგებარი და ამოუხსნელია..

4.რკინის ყუთი
სერბი ალეკსანდერი აშშ–ში ჩავიდა იმ იმედით, რომ ბევრს იმუშავებდა ფულს დააგროვებდა და თავის ცოლსა და ორ შვილს აშშ–ში წაიყვანდა, სადაც მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებდნენ. ალეკსანდერი პატარა ქალაქში დასახლდა, სადაც მაღაზიაში მოეწყო გამყიდველად. მაღაზია პატარა იყო, ალეკსანდერი თვითონ უმკლავდებოდა ყველაფერს, ის იყო ერთადერთი გამყიდველიც, დამლაგებელიც,მოლარეც და ა.შ.
პატარა ქალაქის მცხოვრებლებმა მალე გაიცნეს ალეკსანდერი, რომელიც კეთილი და მშრომელი კაცი იყო. მეგობრულად ესაუბრებოდნენ ხოლმე მას, როცა საყიდლებზე შეივლიდნენ მაღაზიაში.
იმ დილსაც თბილად მოიკითხა ალეკსანდერი მისის რობინსონმა. კეთილმა მოხუცმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ წინა მომუშავე, ვის ადგილასაც ალეკსანდერი მუშაობდა, ბოროტი და ძუნწი მოხუცი იყო, რომელიც საკუთარი თავისთვისაც არ ხარჯავდა ფულს, არ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. ეს კაცი მოკლეს, მიუხედავად მისი სიბოროტისა მისის რობინსონს ძალზე შეცოდებია საბრალო მოხუცი, რომელსაც დამტირებელიც კი არ აღმოაჩნდა.
ალეკსანდერს უკვე 8 ათასი დოლარი ჰქონდა შეგროვებული და აპირებდა სერბეთში წასულიყო თავისი ცოლ–შვილის ჩამოსაყვანად. ამ ოცნებებში რომ იყო გართული მაღაზიის კარის ზარი ახმაურდა. ალეკსანდერმა იფიქრა ეს ალბათ ჩემი ბოლო მყიდველია. დღეს ადრე დავკეტავ მაღაზიას, გასამგზავრებლად რომ მოვემზადოო. ალეკსანდერს დახლთან მოხუცი კაცი დახვდა, რომელმაც იარაღი ამოიღო და ფული მოსთხოვა. ალეკსანდერი დაიბნა, არ იცოდა რა ექნა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მოხუცმა მოითხოვა რკინის ყუთი, სადაც ალეკსანდერი თავის მოგროვებულ 8 ათას დოლარს ინახავდა. ალეკსანდერმა რკინის ყუთი მოხუცს მისცა და თავისი ოცნებები და იმედებიც თან გააყოლა. მოხუცმა უბრძანა იატაკზე დაწოლილიყო. ალეკსანდერიც იატაკზე იწვა. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ მოესმა კარის ზარის ხმა, იფიქრა ალბათ მოხუცი წავიდაო და ადგა. მოხუცი მართლაც არსად ჩანდა,ამ დროს კი მაღაზიაში ორი ახალგაზრდა ყმაწვილი შემოსულიყო. მათ იარაღი ამოიღეს და ფულს მოითხოვდნენ ალეკსანდერისგან. საბრალო სერბი გამყიდველი გაოგნებული იყო. მძარცველებმა სალარო გაჩხრიკეს, მაგრამ ორიოდე გროშის გარდა ვერაფერს მიაგნეს, გაბრაზდნენ და მალევე დატოვეს მაღაზია.
გაძარცვულმა და გაოგნებულმა ალეკსანდერმა პოლიცია გამოიძახა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერს უყურებდნენ, სადაც ორი მძარცველის სახე კარგად ჩანდა, მაგრამ მოხუცი არ თუ ვერ დაეფიქსირებინა კამერას. ალეკსანდერი ამტკიცებდა მოხუცმა მომპარა რკინის ყუთი სადაც ფული მედოო. პოლიცია დანაშაულის ადგილას რომ მივიდა, ალეკსანდერი კვლავ თავის რკინის ყუთზე ლაპარაკობდა. ამ დროს პოლიციელმა რკინის ყუთი ამოიღო დახლის ქვემოდან. ალეკსანდერი გაოცებული იყო. ყუთში ისევ იდო მისი 8 ათასი დოლარი.
მეორე დღეს პოლიციელმა შეიარა ალეკსანდერის მაღაზიაში და აცნობა, რომ მძარცველები უკვე დააკავეს. უთხრა ისიც რომ სწორედ მათ მოკლეს წინა გამყიდველი, მოხუცი კაცი, ვის ადგილასაც ალეკსანდერი მუშაობდა. პოლიციელმა მოკლული მოხუცის ფოტო მისცა სერბს. ეს სწორედ ის მოხუცი იყო, რომელიც მძარცველების მისვლამდე მივიდა მის მაღაზიაში და მისი რკინის ყუთი მძარცველების ხელში ჩავარდნას გადაარჩინა.
ალეკსანდერმა ჩამოიყვანა აშშ–ში თავისი ცოლ–შვილი. ისინი ხშირად იხსენებდნენ და ემადლიერებოდნენ მოხუცის სულს..

5.უჩინარი კატა

ისტორია რომელსაც ახლა გიამბობთ რეალურად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ გამოქვეყნებული პოსტები ეყდნობა მხოლოდ და მხოლოდ რეალურ ფაქტებს.
7 წლის ჯენის ჰყავდა კატა მიკი, რომელიც ძალიან უყვარდა, მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა, აჭმევდა, ასეირნებდა.
ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა, კატა მანქანამ გაიტანა. ჯენი ძალზე დასევდიანდა. მშობლებიც წუხდნენ ჯენის გამო და გადაწყვიტეს ახალი კატა ეჩუქებინათ პატარა გოგონასთვის, თუმცა იმ დღეს როცა მშობლები ჯენის წაყვანას აპირებდნენ ახალი კატის საყიდლად, ჯენიმ თქვა რომ მისი მიკი დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი იყო. ძველებურად თამაშობდა მიკისთან. საჭმელსაც აჭმევდა. რაც ყველაზე უფრო მეტად აწუხებდათ მის მშობლებს ის იყო, რომ კატის საჭმელი და რძე მართლაც ქრებოდა. მშობლები შიშობდნენ რომ მიკის დაკარგვამ ჯენიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ამის გამო გოგონა თვითონ იღებდა კატის საჭმელს და ცდილობდა მშობლებიც დაერწმუნებინა რომ ის მართლაც დაბრუნდა. ჯენი უჩინარ კატას ისევე ეფერებოდა როგორც მანამდე, სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა.
ამ ამბით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართათ. ბავშვთა ფსიქოლოგს ჯენი უნდა დაერწმუნებინა, რომ მიკი მართლაც აღარ არსებობდა, ამის ერთადერთი საშუალება კი იყო ფოტო გადაეღო ჯენისა და მისი წარმოსახვითი კატისთვის და შემდეგ ჯენისთვის ეჩვენებინა ფოტო, რომელზეც მის გარდა არავინ და არაფერი იქნებოდა გამოსახული.
ფსიქოლოგმა მალევე დაითანხმა ჯენი ამ წინადადებაზე და გოგონამაც სიხარულით გადაიღო ფოტო მიკისთან.
მეორე დღეს სახეშეშლილი ფსიქოლოგი ესტუმრა ჯენის მშობლებს და მისცა ფოტო, სადაც ჯენი კატასთან ერთად იყო გამოსახული.

6.უცნაური ბედისწერა
ამბავი რომელსაც ახლა გიამბობთ გასულ საუკუნეში რუსთავში მოხდა. სახელებს შეგნებულად შევცვლი იმ ადამიანების ახლობლების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებზეც უნდა მოგითხროთ.
რუსთავის ერთ–ერთ ძველ უბანში დაიბადა და გაიზარდა ლაშა. ის წარმატებული იურისტი იყო, კარგი ოჯახის შვილი, სიმპათიური და ზრდილობიანი ახალგაზრდა. ლაშას ბავშვობიდან უყვარდა თავისივე უბნელი გოგო ლიკა, თუმცა მისი ოჯახი ამ სიყვარულის წინააღმდეგი იყო, რადგან პერსპექტიული და შეძლებული ოჯახის შვილი არ ემეტებოდათ არც ისე ლამაზი და განათლებული ლიკასთვის. ლიკას და ლაშას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ლაშას ოჯახის წინააღმდეგობის გამო ვერ ქორწინდებოდნენ.
ლაშას კარგი საძმაკაცო ჰყავდა, იგი სპორტსმენი იყო მოცურავე. ერთხელ უბედური შემთხვევის შედეგად მისი ძმაკაცი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მთელი საძმაკაცო ყოველ შაბათ–კვირას მიდიოდა საფლავზე და თავისი დაღუპული მეგობრის შესანდობარს სვამდნენ.
ერთ ღამეს ლაშამ სიზმარში ნახა თავისი გარდაცვლილი მეგობარი, რომელმაც უთხრა, დღეს ჩემთან ერთად იქნებიო. დილით ცუდ ხასიათზე გაიღვიძა ლაშამ. ცრუმორწმუნე არ იყო, მაგრამ მასზე მაინც იმოქმედა ამ სიზმარმა. გადაწყვიტა იმ დღეს სამსახურში აღარ წასულიყო და საჭესთან არ დამჯდარიყო. საღამომდე იწრიალა სახლში. თავს მოუსვენრად გრძნობდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ბოლოს იფიქრა სათევზაოდ წავალო. აიღო ანკესი, თევზაობისთვის საჭირო მოწყობილობები და არხისკენ გაემართა. გზად თავისი მეზობელი პატარა ბიჭი შხვდა, რომელმაც რომ გაიგო ლაშა სათევზაოდ მიდისო, თვითონაც გაჰყვა საყურებლად და დასახმარებლად.
არხზე მისულმა ლაშამ ანკესი გადააგდო და მშვიდად თევზაობდა. პატარა ბიჭი აქეთ–იქით დარბოდა. უცებ ფეხი აუსხლტა და არხში ჩავარდა. დინებამ წაიღო. ლაშამ რომ დაინახა, ტანსაცმლის გაუხდელად გადაეშვა არხში. ბიჭი ხეებს მოეჭიდა. ლაშამ ჩაყვინთა. გავიდა ერთი, ორი, სამი და 10 წუთზე მეტიც, მაგრამ ლაშამ არ ამოყვინთა. ახლომახლო მეთევზეები იყვნენ, რომლებიც დაეხმარნენ პატარა ბიჭს არხიდან ამოსვლაში და გადაარჩინეს. ლაშა კი არსად ჩანდა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს მისი გვამი, როცა მტკვარი გადაკეტეს რათა არხში წყალი დამშრალიყო.
აღმოჩნდა რომ მთელს არხში ზუსტად იმ ადგილას იყო ბეტონის არმატურა, რაღაც შვერილი, სადაც ლაშა გადაეშვა, მან თავი ძლიერად მიარტყა ბეტონს და გონება დაკარგა, შემდეგ კი დაიღრჩო.
ეს ამბავი საზარელი აღმოჩნდა ლაშს ნათესავებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, განსაკუთრებით კი ლიკასთვის, რომელმაც შავები ჩაიცვა, ქვრივივით გლოვობდა თავის გარდაცვლილ სატრფოს.
ლიკამ სიზმარი ნახა. ლაშამ უთხრა ბეჭდები იყიდე და ვიქორწინოთ რაღას ელოდებიო. მეორე დღეს ლიკამ დედას უთხრა თავისი სიზმარი და სახლიდან გავიდა.
ლიკა დიდი ხანი რომ აღარ გამოჩნდა, შეშფოთებულმა მშობლებმა ძებნა დაუწყეს. იგი სასაფლაოზე იპოვეს, ლაშას საფლავზე მკვდარი ეგდო, ხელზე ბეჭედი ეკეთა, მეორე ბეჭედი კი იქვე ლაშას საფლავზე ეგდო. ექიმებმა ვერ დაადგინეს ლიკას გარდაცვალების მიზეზი.. ლიკა ლაშას გვერდით დაკრძალეს, მეორე ბეჭედიც თან ჩაატანეს.

წყარო: facebook-ის გვერდი: იდუმალი და საშიში ისტორიები

sali

me var salome
Back to top button