არქივი

იუდაიზმი

ba33eac4e0f2

მოკლედ ვაგრძელებ თქვენთვის სხვადასხვა რელიგიების  გაცნობას =))) ამჯერად იუდაიზმი

იუდაიზმი (ებრ. יהדות – იაჰადუთ) ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმანურ რელიგიათა საფუძვლებისა.

უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამოდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როცა მათ თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.

ებრაული ბიბლიის თემაა ისრაელიტთა (იგივე ებრაელთა) ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ეს გამოიხატება მათ ისტორიაში დროის დასაბამიდან მეორე ტაძრის პერიოდამდე (დაახ. ჩვ.წელთაღრიცხვამდე 350 წლამდე). ეს ურთიერთობა აღწერილია როგორც უწყვეტი ისტორია, რომლის განმავლობაში ებრაელთა სულში ერთმანეთს ეჭიდება ღმერთის რწმენა და სხვა ღმერთებისადმი მიზიდულება. ისეთი მნიშვნელოვანი ებრაელები, როგორც აბრამი, იაკობი და მოსე, ღმერთსაც შეეჭიდნენ თორაში (აბრამი და იაკობი ღმერთს ზოგჯერ გაბედულად შეეპასუხნენ, ხოლო იაკობი სიზმარში ღმერთს ფიზიკურად შეებრძოლა).

ორთოდოქსული იუდაიზმისა და მორწნუნე ებრაელთა აზრის მიხედვით ბიბლიური პატრიარქი აბრამი პირველი ებრაელი იყო. რაბინული ლიტერატურის მიხედვით მან კაცობრიობაში პირველმა უარყო კერპთაყვანისმცემლობა და მონოთეიზმი იქადაგა. შედეგად, მას ღმერთმა ურიცხვი შვილი აღუთქვა (დაბადება 15:5). აბრამის პირველი შვილი იშმაელი იყო, ხოლო მეორე ვაჟი – ისაკი. ისაკის შეძენისას ღმერთმა თქვა, რომ ის გააგრძელებდა აბრამის სულიერ შრომას, ხოლო მისი შთამომავლობა ეგვიპტეში გადახვეწისა და იქედან გამოხსნის შემდეგ ისრაელის მიწას დაისაკუთრებდა. ღმერთმა ისაკის ძე იაკობი და მისი შვილები გვალვით აიძულა ქანაანიდან ეგვიპტეში გადასულიყვნენ, სადაც მრავალი თაობის შემდეგ ებრაელები დაიმონეს. მონობისაგან გამოსახსნელად ღმერთმა ებრაელებს მოსე მოუვლინა, ეგვიპტიდან ისინი თვითონ გამოიყვანა, სინაის მთაზე მათ თორა მისცა და საბოლოოდ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. მთასთან ღმერთმა მოსეს ძმის – არონის შთამომავლობა ქოჰენების (ქურუმების) კლასად დაამტკიცა. ისინი საბოლოოდ იერუსალიმის ტაძარში მსახურებდნენ.

a3ecbf89a584

მებრძოლ ებრაელთა ისრაელის მიწაზე დასახლების შემდეგ აქამდე მოძრავი ღვთის კარავი (რომელიც ღმერთმა ქურუმობასთან ერთად დააწესა) შილოში დამკვიდრდა 300 წლით. ამ დროის განმავლობაში ღმერთმა ერს ღირსეული კაცები, ზოგჯერ კი ქალებიც მოუვლინა თავდამსხმელ მტერთა წინააღმდეგ მის ასამხედრებლად. ზოგი მტერი ღვთის გამოგზავნილი იყო ცოდვებისათვის ხალხის დასასჯელად. ეს ამბები აღწერილია ისუ ნავეს ძისა და მსაჯულთა წიგნებში. რაც დრო გადიოდა, ერის სულიერი დონე უფრო და უფრო ქვეითდებოდა, სანამ სამაგიეროს გადასახდელად ღმერთმა ფილისტიმიელებს შილოში დადგმული ღვთის კარვის ხელში ჩაგდება შეაძლებინა. მაშინ კი ებრალმა ერმა შეიცნო საკუთარი დაკნინება და სამუელ წინასწარმეტყველს სთხოვა ტომთა ბელადებისა თუ მსაჯულების ნაცვლად მისთვის მუდმივი მეფე ამოერჩია (როგორც მეზობელ ხალხებს ჰყავდათ). სამუელმა უხალისოდ შეასრულა ეს თხოვნა და ღმერთის დასტურით მეფედ აირჩია ბრწყინვალე, მაგრამ თავმდაბალი ადამიანი – საული. როდესაც ხალხის ზეგავლენით მან სამუელის განკარგულება დაარღვია, ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა, რომ მის მაგიერ მეფედ დავითი ეკურთხებინა. (ეს მოთხრობილია სამუელის წიგნებში).

როგორც კი დავით მეფემ თავისი ძალაუფლება განამტკიცა, მან ნათან წინასწარმეტყველს უთხრა, რომ ღვთისთვის მუდმივი ტაძრის აშენება სურს. მისი ღვაწლის სამაგიეროდ ღმერთი შეჰპირდა დავითს, რომ ტაძარს მისი შვილი ააგებდა, ხოლო სამეფო გვირგვინი არასოდეს გამოეცლებოდა მის შთამომავლობას. (თვით დავითმა ვერ მიიღო ტაძრის აშენების ნება, რადგან ბევრ შინა-ომებში მონაწილეობდა და ღმერთს არ უნდოდა ის მშვიდობის სიმბოლოდ ასაგები ტაძრის მშენებლად ეცნო). პირველი მუდმივი ტაძარი ღვთის ნებით მართლაც დავითის ვაჟმა – სოლომონმა ააგო იერუსალიმში, როგორც მეფეთა წიგნებშია აღწერილი.

c3ad6b408246

სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო ორად გაიყო: ისრაელის და იუდეის სამეფოებად. დაახლოებით 200 წლის შემდეგ, კერპთაყვანისმცემლობის გავრცელების გამო, ღმერთმა ისრაელის სამეფო ასურეთს დააპყრობინა და მისი ხალხი გადაასახლებინა. სამხრეთში, იუდეის სამეფო, რომლის დედაქალაქ იერუსალიმში ტაძარი იდგა, დავითის დინასტიის სამფლობელოდ დარჩა. როდესაც იუდეაში კერპთაყვანისმცემლობა ისე მომძლავრდა, როგორც ჩრდილოეთში, ღმერთმა ეს სამეფო ბაბილონს დააპყრობინა. დამპყრობლებმა დაანგრიეს ტაძარი, რომელიც 410 წელი იდგა, ხოლო იუდეველები ბაბილონში გადაასახლეს. ხალხს ნუგეშად დარჩა ღვთის აღთქმა, რომ ისინი 70 წლის შემდეგ გამოიხსნებოდნენ. ეს ამბები მოთხრობილია ისაიას წიგნში და იერემიას წიგნში.

70 წლის შემდეგ ღმერთმა სპარსელებს ებრაელები, ეზრას ხელმძღვანელობით, იუდეაში დააბრუნებინა. რეპატრიანტებმა ტაძარიც აღაგეს. ეს აღწერილია ეზრას წიგნში და ნეემიას წიგნში. მეორე ტაძარი 420 წელი იდგა, სანამ შინა მტრობისათვის დასასჯელად ღმერთმა იუდეველებს რომაელები არ შეუსია. ტაძარი რომაელმა სარდალმა (შემდეგ იმპერატორმა) ტიტუსმა დაანგრია. ის დანგრეული უნდა დარჩეს, სანამ ღმერთი მესიად არ მოავლენს დავითის თესლის ადამიანს, რომელიც ისრაელს დაუბრუნებს ძველ დიდებას და იერუსალიმის ტაძარსაც აღაშენებს.

სინაის მთაზე მიღებული თორა მოსეს ხუთ წიგნს მოიცავს. მსაჯულთა, მეფეთა, წინასწარმეტყველთა და ჟამთაღმრიცხველთა წიგნებთან ერთად, ხუთწიგნეული დაწერილ თორას შეადგენს. თორის განკარგულებათა დეტალებს და ინტერპრეტაციას, რომელიც ღმერთმა მოსეს არ დააწერინა მთაზე და მხოლოდ დააზეპირებინა, ზეპირი თორა (תורה שבעל-פה, თორა შე’ბე’ალ-პე) ეწოდება. მეორე ტაძრის დანგრევამდე, ეს თორა მართლაც ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მაგრამ მხოლოდ სასულიერო წოდების ადამიანებს (ქურუმებს, მსაჯულებს, რაბინებს). ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, როდესაც დიასპორაში ებრაელთა დევნამ იმატა, ზეპირი ტრადიციის გაწყვეტის შიშით, რაბინებმა ამ თორის ჩაწერა დაიწყეს და ასე შეადგინეს მიშნა . მომდევნო საუკუნეებში (მე-7 საუკუნემდე) თვით მიშნის რაბინული ინტერპრეტაცია მიმდინარეობდა; მიშნაში მოცემული ზეპირი თორის რაბინულ ინტერპრეტაციას თალმუდი ეწოდება. ზეპირი თორის რაბინული განხილვა სხვა წმინდა წიგნებშიცაა.

პ.ს. შემდეგი იქნება ისლამი ან ათეიზმი რომელი უფრო გაინტერესებთ???

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button