საკითხავისასარგებლოსურათები

ამომავალი მზის ქვეყანა – იაპონია (ნაწილი მეორე)


განვაგრძობ ამ პოსტის პირველ ნაწილს. იხილეთ გაგრძელებაში!

არქიტექტურა, ხუროთმოძღვრება

ტოდაიჯის კომპლექსი VII ს-ის შუა ხანებშია აგებული. იგი ყველაზე დიდებული ძეგლია იმ დროის ნარის შინტოისტურ და ბუდისტურ არქიტექტურულს კომპლექსში.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტოდაიჯი ქვეყნის უმთავრესი სამლოცველო იყო. თვით სახელწოდება – “ტოდაიჯი” სიტყვასიტყვით “დიად აღმოსავლურ ტაძარს” ნიშნავს. ამ ტაძარში დგას “დიდი ბუდას” (დაი ბუცუს) ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება.


იაპონიისა და, საერთოდ, ბუდისტური სამყაროს ამ ერთ-ერთი უდიდესი ქანდაკების შექმნას 447 ტ ბრინჯაო, 150 კგ ოქრო, 7 ტ ცვილი, 70 კგ ვერცხლისწყალი და რამდენიმე ათასი ტონა ხის ნახშირი დასჭირდა. სიმაღლით ქანდაკება პიედესტალიანად 22 მეტრია, თვით მჯდომარე ბუდა კი – 16 მეტრი. სახე სიგრძით 5 მეტრია, სიგანიდ – 3. თვალთა ბუდეებში, რომელთა სიგრძეა 1 მ, თავისუფლად გაძვრება ადამიანი. ტახტ-ლოტოსის დიამეტრია 20 მ, ხოლო ლოტოსის ფოთლის სიმაღლე – 3 მ (წონით ორჯერ აღემატება 11 საუკუნით გვიანდელ ნიუ-იორკის თავისაფლების ქანდაკებას).

კოლოსალური ფიგურა 779 წელს გამოუკანდაკებია კორეელ ოსტატს, რომელსაც იაპონელები კიმიმაროს სახელით მოიხსენიებენ.

ბუდა, “ყოვლად ძლიერი და ყველგან მსუფევი”, დიადი სიმშვიდით ზის გაფურჩქნილი ლოტოსის ტახტზე, რომელსაც 56 ფოთოლი აქვს. ლოტოსი აქ სულიერი სიბრძნის, უბიწობისა და უმანკოების განსახიერებაა, რაც ასე საჭიროა ნირვანაში დასანთქმელად და ნეტარების მისაღწევად. ბუდსა წინ გაწვდილი მარჯვენა ხელი კურთხევის ჟესტიკულაციაა. ბუდას ლურჯი თმის 966 კულული ნიშანია მისი ზეციურობისა, შუბლზე უზარმაზარი კობი კი სიდიადისა და მიუწვდომლობის სიმბოლოა.

ტახტ-ლოტოსზე დიდი ბუდას უამრავი ფიგურა და ათასობით იეროგლიფური წარწერაა. ქანდაკების ზურგს უკან მოჩანს ხის მოოქრული დიადემა ადამიანის ზომის ბუდას 16 ფიგურით, რაც მის წინა რეინკარნაციებს გამოხატავს. ქანდაკების გვერდით წმინდა ბოდჰისატვას სკულპტურული ფიგურებიც დგას.

ნარის ბუდისტური, შინტოისტური ტაძრებისა და საკერპოების გრანდიოზულ კომპლექსს 525 ჰექტარი უჭურავს. დღეს ნარა შერაცხილია ქვეყნის წმიდათაწმიდა ადგილად, სადაც ყოველწლიურად სამ მილიონამდე მომლოცველი ჩადის.

ტოდაიჯი მოქმედი ტაძარია. აქ, ბუდას დიდი ქანდაკების წინ, ყოველდღიურად ტარდება ღვთისმსახურება, ინთება ცეცხლი და იკმევა ნელსურნელება. ბერები და მლოცველები ბუდისტურ ლოცვა-სუტრებს კითხულობენ.

ტაძრის დარბაზი, რომელშიც ბუდას ქანდაკება დგას, დაი ბუცუდენის სახელს ატარებს. ეს ტაძარი ოდესღაც ერთი ბუდისტორი სექტის – კეგონის მთავარი სამლოცველო ადგილი იყო (ეს მოძღვრება VIII ს-ის იაპონიაში ჩინეთიდან შეუტანიათ).

ტოდაიჯის ტაძრის მშენებლობა იმპერატორ შიომუს (701 – 776 წწ.) ბრძანებით დაახლოებით 743 წელს დაუწყიათ და 752-ში დაუსრულებიათ. მშენებლობა საყოველთაო- ეროვნულ საქმედ ყოფილა გამოცხადებული. ტაძროს კურთხევას დაესწრნენ წმიდა მსახურები, იმპერატორი და მისი მეუღლე, დიდებულები, პროვინციების წარმომადგენლები, ასევე კორეისა და ჩინეთის ელჩები.

XII ს-ში, სამოქალაქო ომის დროს, ტოდაიჯის ტაძარი დაიწვა. ხანძარმა ბუდას თავი დააზიანა, ამიტომ იძულებულნი გახდნენ, შეეცვალათ. ახლა ბუდას თავი უფრო მსუბუქი ფერისაა, ვიდრე ტორსი (იტალ. აქ: სხეული, ტანი, თავისა და კიდურების გამოკლებით). სხვა მონაცემებით, ბუდას ქანდაკება ცეცხლს მთლიანად დაუზიანებია და XVIII ს-ში მისი მრავალი ელემენტი შეუცვლიათ.

1567 წელს ტაძარი კვლავ დაიწვა და დიადი ბუდა თითქმის სამასი წელი ღია ცის ქვეშ იდგა. მხოლოდ 1903 წელს დაიწყო ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენა. სარესტავრაციო სამუშაოები 1913 წელს დასრულდა.

ტოდაიჯის ტაძარში არა მხოლოდ რელიგიური მსახურება იმართებოდა, არამედ უმთავრესი სახელმწიფო ცერემონიებიც ეწყობოდა.

ტოდაიჯის ტაძრის სიმაღლე 50 მეტრია, სიგრძე – დაახლოებით 57, სიგანე 50-მეტრზე მეტი. იგი ყველაზე დიდი ხის ნაგებობაა მსოფლიოში. თავისი დროისთვის ტაძარი სამშენებელო ხელოვნების საოცრება იყო.

სამხრეთ კარიბჭის – ნანდაი-მონოს ორიარუსიანი სახურავის კოლონებად გამოყენებულია 21 მ სიმაღლის ხის სვეტები. კარის ორივე მხარეს ფანტასტიკური ურჩხულ მცველების – ნიოსების კოლოსალური ფიგურები დგას. მასიური შესასვლელი კარები შესრულებულია უძველესი იაპონური სატაძრო არქიტექტურის სტილით. მონუმენტური თაღი მრუდი კარვისებური სახურავით ტაძარს საზეიმო და დიდებულ იერს ანიჭებს.

იცუკუშიმა – შინტოისტთა წმიდათაწმიდა ტაძარი

რელიგია შინტო – “სულთა გზა” – დაეფუძნა უძველეს იაპონელთა რწმენას, რომლებიც თაყვანს სცემდნენ წინაპართა სულებს. შინტომ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ძველი იაპონიის სულიერ-კულტურული ცხოვრება.

იძუმოსა და ისეს შინტოისტური სამლოცველოების არქუტექტურას საფუძვლად დაედო უძველესი ხანის იაპონიის არქიტექტურული ხუროთმოძღვრული სტილი – ორგერდა სახურავით გადახურული, დაზნექილი, მახალტერასიანი მდიდრული საცხოვრებელი სახლის მოდელი.

ქრისტეს აქეთ VI ს-იდან ბუდიზმის გავრცელევამ განაპირობა იაპონიის არქიტექტურაზე ჩინური და კორეული სამშენებლო სტილის გავლენა. ამ დროიდან ამომავალი მზის ქვეყნის ტერიტორიაზე ინტენსიურად აშენებენ ბუდისტური სტილის საკერპოებსა და ტაძრებს.

X – XII სს-ში შინტოიზმს ბუდიზმთან შედარებით ერთგვარი პრივილეგია ენიჭება. შესაამისად, ამავე ხანებში აღორძინებას იწყებს იაპონური საცხოვრებელი სახლების შენების უძველესი შინტოისტური ტრადიციები. მშენებლობის ძველისძველი სტურქუტა მკვიდრდება სატაძრი ნაგებობებშიც. იმდროინდელი არქიტექტურის უბრწყინვალესი ნიმუშია იაპონიის შიდა ზღვაში, ჰიროსიმადან სამხრეთ-დასავლეთით, კუნძულ მიიაჯიმაზე აგებული იწუკიშიმის შინტოისტური ტაძარი.

იაპონელების ეროვნული გრადიციები, მათი ხელოვნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ბინებასთან და ლანდშაფტთან, რადგან ბუნება, როგორც შინტოიზმი გვასწავლის, უპირველესად სულთა სამყაროა. იაპონიაში ცშირად მთა ან ტყე იწოდება ტაძრად, თუმცა იქ არავითარი რელიგიური დანიშნულების ნაგებობა არ დგას. შინტოისტურ ტაძრებსაც მხოლოდ ბუნების წიაღში აშენებენ. გამონაკლისი არ გვხვდება და იცუკუშიმის ტაძრის მშენებლებიც ამ შინტოისტური კონცეფციებით ხელმძღვანელობდნენ. იცუკუშიმა შინტოისტური მსოფლმხედველობის ერთ-ერთი ნათელი ხორცშესხმაა.


კარიბჭის იქით, უბის განაპირას წითელ კარვისებურ ხიმინჯებზე აღმართულია თეთრი ტაძრები. ტემენოსები ერთმანეთს დახურული გალერეებით უკავშირდება, იქდიან კი კუნძულისკენ ერთიანად მოჩუქურთმებული ხის წითელი ხიდი მიემართება. საღამოობით ხიდისა და გალერეების გასწვრივ, მთელ სიგრძეზე, ფარნების ჯაჭვი აკიაგდება ხოლმე.

კომპლექსი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ მისი ნაწილი პირდაპირ წყალზე დგას და ხიმინჯებს ეყრდნობა.  იცუკუშიმის ნაგებობათა შორის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს გრანდიოზული ხის კარიბჭეები – თორები. მართალია, მსგავსი ნაგებობები დამახასიათებელი შინტოისტური კულტებისთვის, მაგრამ იცუკუშიმის კარიბჭე კოლოსალურია და პატარა უბეში, როგორც ვთქვით, პირდაპირ წყალზეა აღმართული – ორ ცენტრალურ, 16,2 მ სიმაღლის კოლონას 23,5 მ სიგრძის ხარიხა უჭირავს. კარიბჭე აგებულია სატაძრო ანსამბლის მთავარი ღერძის პარალელურად. საგულისხმოა, რომ იცუკუშიმის სატაძრო კომპლექსს საფუძველი XII ს-ში ჩაეყარა, კარიბჭე კი აიგო გაცილებით გვიან, 1875 წელს, შინტოიზმის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მე-7 წელს.

თორ-კარიბჭეებს შინტოიზმში განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ეძლევა. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სასაზღვრო გასასვლელ-გამოსასვლელები, აღმართული ადამიანთა და სულთა სამყაროების შესაყარზე. სწორედ ამ კარიბჭეებით მყარდება უხილავი კავშირი ორ სამყაროს შორის. იმავდროულად, თორი-კარიბჭე თავისებური მიჯნაა საეროსა და საეულიეროს, ერთობასა და განდგომას, შეცნობადსა და შეუცნობადს შორის.

კომპლექსი, როგორც აღვნიშნეთ, უამრავ ნაგებობას აერთიანებს. აქ არის ღვთის-მსახურების, “განწმენდის”, სამსხვერპლო და სხვა საკულტო რელიგიური დანიშნულების დარბაზები. ამ დარბაზთაგან ბევრი დახურულია მნახველებისთვის. იქ შესვლის უფლება მხოლოდ ღვთისმსახურებს და მომლოცველებს აქვთ.

ტყით დაფარულ მომცრო ბორცვზე დგას ხუთიარუსიანი პაგოდა და მთავარი ტაძარი – ე. წ. ათასი ჭილოფის დარბაზი. თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ეს დარბაზი ქაფურის ხის ერთადერთი მორისგან აუგიათ.

იცუკუშიმის მთავარი ტაძარი ეძღვნება სამი სტიქიის ქალღმერთებს – შინტოისტური პანტეონის უზენაესი ღვთაების, ქარიშხლის უძლიერესი ღმერთის – სუსანოოს (იტაჩის რო აქვს ნარუტოში :P )ქალიშვილებს. აქვეა ოკუნინუსის – სუსანოოს ვაჟისა და ჩმერთ ტენჯინას ტაძარი.

ღმერთი ტენჯინა რეალური, ისტორიული პირი, იმპერატორის მინისტრი იყო. გარდაიცვალა 903 წელს. სიკვდილის შემდეგ იგი დამწერლობის და მეცნიერების ღმერთად შერაცხეს.

უბის სანაპიროზე დგას განძთსაცავი, სადაც ინახება ტაძრისთვის სხვადასხვა დროს შეწირული ძვირფასი ნივთები – იაპონური ტექსტების ძველი გრაგნილები, მოხატული მარაოები, ფაიფურის ნაკეთოებები, იარაღები, მრავალი ძველებური ნივთი და ხელოვნების ნიმუში.

წმინდა მიწაზე ძველთაგან არსებობდა უამრავი ტაბი და აკრძალვა, რომლებსაც საფუძვლად შინტოისტური მოძღვრება ედო. მაგალითად, ამ წმინდა კუნძულზე არც დაბადება შეიძლებოდა, არც სიკვდილი. ორსულ კალებს, ისევე, როგორც განწირულ მოხუცებსა და ავადმყოფებს, მატერიკზე გზავნიდნენ.


ტრადიციული იაპონური სახლი დგას ხის კარკასზე, რომელიც უხეშად გათლილი ძვლებისგანაა აგებული. კარკასს მრგვალი სადგამი სიმაგრეს მატებს და მიწისძვრის დროს დანგრევის საშიშროებას ამწირებს. კედლები – შიტომები მზადდება გისოსებიანი ჩარჩოს მსგავსად და შესაძლებელია მათი ფანჯრებად ან კარებად გადაკეთება, გაწევ-გამოწევა და დაშლაც კი. შიტომები უფრო მედეგი იყო მიწისძვრისადმი და, თუნდაც დანგრეულიყო, იმდენ მსხვერპლს არ გამოიწვევდა, რამდენსაც კედლის ჩამოქცევა.

სახურავის ფრთები კედლებს გარეთ გადმოდის და ოთახებს წვიმისა და შუადღის მცუნვარე მზისგან იცავს, თუმცა დილას და საღამოს მზის სხივები უხვად იღვრება შენობაში. სახლის საერთო იერი და გარემო ეხამება იაპონელთა ამაღლებულ უბრალოებას, სისადავეს და პოეტურ ბუნებას.

რუხი ლერწმის სახურავს სიძველის სურნელი ასდის. იაპონურ სახლს აქვს მიწიდან ამაღლებული მთავარი შესასვლელი – გენკანი. სახლში შესვლისას ფეხსაცმელს იხიდან და კართან ტოვებენ. იატაკები დაფარულია ტატამით, მინიატურული სამზარეულო და ოთახი ერთმანეთისგან გამოყოფილია გასაწები ქაღალდის კედლებით. როცა ამ კედლებს მთლიანად გახსნიან, იქმნება ერტი საერთო, დიდი ოთახი.

იმპერატორის სასახლე

დედაქალაქში, გალავნით შემოსაზღვრული ტერიტორიის ცენტრში, სადაც უცხო ვერავინ მოხვდებოდა, აღმართული იყო იმპერატორის სასახლე. “ცის შვილის” სასახლემდე მისვლის მსურველს ცხრა ჭიშკარი, “ცხრა ცა” უნდა გაევლო. იქვე იდგა ვეზირებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა საცხოვრებელი შენობებიც. იმპერატორის სასახლეს მთავარი შესასვლელი ყოველთვის სამხრეთიდან ჰქონდა. სასახლე ხის ბოძებზე იდგა. მთავარი დარბაზი გადატიხრული იყო მოსრიალე პანელებითა და შტორებით. ირგვლივ მას აივნიანი ტერასები ერტყა, ტერასებს კი სეფექალების გალერეების მსგავსი ოთახები ეკვროდა. იმპერატორი და მისი ოჯახი სასახლის შუაგულში ცხოვრობდნენ. იატაკზე ტატამი ეგო, რომელსაც დასაჯდომადაც იყენებდნენ და დასაძინებლადაც. გარე კედლებს შიტომებით აგებდნენ, რომელიც შუქსა და ჰაერს ატარებდა, მაგრამ ინტერიერი გარედან უჩინარი იყო. შიტომს იყენებდნენ ბაღის ღობედაც. ბაღში პატარა, კუნძულებიანი ტბორები იყო და კუნძულები ერთმანეტს პატარა ხიდებით უკავშირდებოდა. ჭარბობდა დეკორატიული ხეები. ასეთი ბაღები დღესაც ძალიან პოპულარულია იაპონიაში.

წყარო: საყმაწვილო ენციკლოპედია ტომი IV (გამომცემლობა “დილა”)

პირველი ნაწილი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close