არქივი

აფხაზეთი

8b6bbe0a44e0
თავდაპირველად აფხაზეთს ეჭირა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და კოლხეთის სამეფოში შედიოდა. სახელწოდება „აფხაზეთი“ ქართულ წერილობით წყაროებში პირველად მე-8 იხსენიება, მანამდე კი ხმარობდნენ ბერძნულ ფორმას „აბასკ-აბასკოის“, რაც ქართული „აფხაზის“ სინონიმია.

d73d069db513

დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ძველად (ანტიკურ ხანაში) ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქართველური და მათი მონათესავე ტომები: აბაზგები, აფშილები, მესხები, კოლხები და სხვ. VII-VIII საუკუნეებისათვის ეს ტომები უკვე გაერთიანდნენ და „აფხაზის“ სახელწოდების ქვეშ მოექცნენ. ეს სუფთა ქართული ტომობრივი გაერთიანება იყო, რაზეც მიუთითებს როგორც მათი სახელი, ისე მათი ქალაქებისა და სოფლების დასახელებები, რომლებიც ასევე წმინდა ქართული წარმოშობისაა. მაგ., ბიჭვინთა, ცხუმი, გაგრა, სოჭი, სხემარი და სხვ.

კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ეკუთვნოდა: ლაზ-მეგრელებს, აფხაზ-აფშილებსა და სვანებს. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს უძლიერესი ქართული სამეფო საერთო სამწერლობო ენით, ყოფა-ცხოვრების წესითა და კულტურით.

დასავლეთ საქართველოს ცალკეული კუთხეების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებაში დიდი როლი შეასრულა ქართულმა ფეოდალურმა საგვარეულომ ლევან მეორის მეთაურობით. მან თავი დააღწია ბიზანტიის ბატონობას და VIII საუკუნის 80-90-იან წლებში დასავლეთ საქართველოს კუთხეები ნიკოფსიიდან ჭოროხამდე და ლიხის ქედამდე ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა, რომელსაც „აფხაზთა სამეფო“ უწოდა, რომლის დედაქალაქადაც ქუთაისი გამოცხადდა. ზოგიერთ წყაროებში ეს სამეფო „ეგრისის“ სახელითაც მოიხსენიება.

აფხაზთა სამეფოს მართვა-გამგეობის, სწავლა-განათლების, წირვა-ლოცვისა და საერთო ურთიერთობის ძირითადი ენა ქართული იყო. ამ ენაზე შედგა აფხაზთა მეფეების „დივანიც“, ანუ ისტორია. ამ ისტორიულმა პროცესებმა „აფხაზეთის“ ცნება გააფართოვა და გაზარდა და VIII-X საუკუნეების მანძილზე ვიწრო კუთხური სახელწოდებიდან „აფხაზეთი“ მთელი დასავლეთ საქართველოს სახელწოდებად იქცა.

აფხაზთა სამეფოს არსებობის მანძილზე მისი მესვეურები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. სწორედ ამ ხანებში გათავისუფლდა აფხაზთა სამეფოს, ანუ დასავლეთ საქართველოს ქართული ეკლესია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დამოკიდებულებისაგან და მცხეთის კათოლიკოსს დაექვემდებარა. საერთოდ, ბიჭვინთაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საეკლესიო ცენტრი – ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს-კათოლიკოსის რეზიდენცია.

აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო რვა საერისთავოდ: აფხაზეთის, ცხუმის, ბედიის, სვანეთის, რაჭა-თაკვერის, გურიის, ქუთაისისა და შორაპნის საერისთავოებად. თვითონ აფხაზეთის საერისთავო მოიცავდა ძველი აბაზგიის ფარგლებს – ტერიტორიას მდინარე გუმიდან მდინარე ბზიფამდე.

როგორც ფეოდალური ქვეყანა, აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო და აფხაზი ისეთივე ქართველი, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი (ნ. ბერძენიშვილი).

მტერთა გამუდმებული შემოსევებისა და შინა დაპირისპირების გამო, XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო ძლიერ დასუსტდა, რასაც მისი სამეფო-სამთავროებად დაშლა მოჰყვა. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანას მრავალი მტერი შემოესია, მათ შორის, ჩრდილო კავკასიელი მთიელები. კახეთს დაღესტნელები აწიოკებდნენ, შიდა ქართლს – ოსები, აფხაზეთს კი აფსუები (იგივე აბაზები) და ადიღე-ჩერქეზები.

ჟამთა სიავის გამო ქართველთაგან ნახევრად დაცლილ აფხაზეთში ყუბანისპირეთიდან გადმოსახლდნენ აფსუები (აბაზები) და ჩერქეზების მცირე ჯგუფები. ისინი ტყეებსა და გორაკებზე დასახლდნენ, ფარღალალა ფაცხები ააშენეს, დასახლებას ღრმა ორმოები შემოავლეს და პრიმიტიულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. ისტორიკოსთა და მისიონერთა გადმოცემით, ისინი არ დასახლდნენ ციხეებსა და ქალაქებში, ეკლესია-მონასტრებს არ გაეკარნენ, არ ლოცულობდნენ, წარმართობასა და მაჰმადიანობას აღიარებდნენ. ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო სოფლები დაარბიეს, მარტო სოფელ ნაჟანეულში 60-მდე კომლი დახოცეს, დაატყვევეს ან გაყიდეს.

efe1d8a04228

დროთა განმავლობაში აფსუებმა ადგილობრივი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესია გააძლიერეს, თუმცა მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩეოდნენ, მათი რაოდენობა არასოდეს აღემატებოდა 30 ათას კაცს. მაგრამ მათ ზურგს უმაგრებდა ოსმალეთის იმპერია, რომელმაც XVI საუკუნეში აფხაზეთი დაიპყრო და მისი მმართველი წრე ტყვეთა სყიდვაში ჩააბა. ასეთ მძიმე ვითარებაში აფხაზებს გაუჭირდათ და ნაწილი იძულებული გახდა აფსუების ადათ-წესები და მაჰმადიანობა მიეღო, მეორე ნაწილმა კი შეინარჩუნა ქართული ენა, სარწმუნოება და ტრადიციები. უფრო მეტიც, ჩამოსალხებულ აფსუათა ნაწილი ქართველთა და ქართული კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა, რასაც მოწმობს მათი გაქრისტიანება და გვარების ქართულ ყაიდაზე გადაკეთება (მაგ., გიცბა გახდა გიცბაია, მუკბა – მუკბაია და ა.შ.).

XIX საუკუნეში საქართველო რუსეთმა დაიპყრო. რუსეთის იმპერია ქართველთა გარუსებას ისახავდა მიზნად, ამდენად, ისე როგორც სხვაგან, აფხაზეთშიც აკრაძალა ქართულ ენაზე მართვა-გამგეობა, სწავლა-განათლება, წირვა-ლოცვის ჩატარება. თავდაპირველად რუსეთი სასტიკად გაუსწორდა აფხაზეთში მცხოვრებ აფსუებს, რომლებიც რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქების მხარეზე იყვნენ და ასევე მხარს უჭერდნენ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ თავიანთ მონათესავე აფსუებს ჩრდილო კავკასიაში. ამის გამო XIX საუკუნის 60-70-იან წლებში რუსეთმა აფხაზეთიდან 20-22 ათასი მაჰმადიანი აფსუა გაასახლა თურქეთში. ამის შემდეგ ჯერი ქართველთა გარუსებაზე მიდგა, მაგრამ ქართველებმა რუსებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მაშინ რუსებმა „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკა გაიხსენეს და აფხაზეთში დარჩენილი აფსუები ქართველთა წინააღმდეგ აამხედრეს.

ამისათვის რუსეთმა აფსუებისადმი დამოკიდებულება შეცვალა, ახლა მათ „მფარველად“ მოევლინა, დიდი პრივილეგიები მისცა: არ გაჰყავდა ჯარში, ერთგულებს ჩინ-მედლებით, თანამდებობებითა და ფულით აჯილდვებდა. ასეთ ვითარებაში აფსუები რუსების დასაყრდენად იქცნენ ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის იმპერიას, საქართველოს სხვა ნაწილებთან შედარებით, აფხაზეთის დაპყრობა ყველაზე მეტად სურდა, რადგან ამით შავი ზღვისპირეთს ჩაიგდებდა ხელში.

აფხაზეთის საქართველოსათვის წაგლეჯის მცდელობა განსაკუთრებით გამძაფრდა ცარიზმის დამხობის შემდეგ, როცა საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რუსეთის სამხედრო ძალები ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს ცდილობდნენ აფხაზეთი კავკასიის „მთიელთა რესპუბლიკაში“ გაეერთიანებინათ და მთლიანად დაუფლებოდნენ ამ მხარეს.

რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ გათავისუფლებული საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში მოექცია. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა აფხაზეთი (სოხუმის ოკრუგი) საქართველოს ავტონომიურ ნაწილად აღიარა, აფსუებს შთააგონებდა და აქეზებდა ქართველთა წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ. აფხაზეთს რუსული ეკლესიაც ეპოტინებოდა. მართალია, 1917 წელს რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ცნო, რუსულ სინოდს აფხაზეთის საეპისკოპოსო მაინც არ ეთმობოდა.

ბოლოს და ბოლოს, საქართველოს რესპუბლიკის ძალით გასაბჭოების შემდეგ, რუსებმა მაინც მოახერხეს აფხაზეთის ფორმალური დამოუკიდებლობის მოპოვება, თუმცა ამ მხარის უშუალოდ რუსეთისათვის შეერთება ვერ გაბედეს. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის გარუსება სწრაფად და მასიურად მიმდინარეობდა, ქართულ მოსახლეობას შენიღბულად დევნიდნენ და ავიწროვებდნენ.
ვითარება უფრო დაიძაბა XX საუკუნის 50-იან წლებში. დაიწყო ქართველთა სასტიკი დევნა-შევიწროვება. ქართველები ან უნდა გააფსუებულიყვნენ, ან აფხაზეთი დაეტოვებინათ. თუ აფხაზეთის მკვიდრი ქართველები აფსუების ნებას არ დამორჩილდებოდნენ, სამსახურიდან აგდებდნენ, მიწის ნაკვეთებს ართმევდნენ, პირუტყვს უწამლავდნენ და სტაცებდნენ, შეთითხნილი ბრალდებებით აპატიმრებდნენ, ქართულად სწავლასა და ლაპარაკს უკრძალავდნენ.

ამ პოლიტიკამ საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ 1990-იან წლებში აფსუებმა რუსეთის დახმარებით მიიტაცეს საქართველოს ეს კუთხე და 250 000 ქართველი მოსახლე თავისი მიწა-წყლიდან გააძევეს. სამწუხაროდ, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

80492c1f0bda

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button