უჩვეულო სენით შეპყრობილნი
ადამიანები, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ, უცნაური სენით არიან დაავადებულნი, რომელიც მეცნიერებისა და თანამედროვე მედიცინისთვის ამ დრომდე გამოცანად რჩება.
მენდი სელარსი: უზარმაზარი ფეხები…
33 წლის ბრიტანელ მენდი სელარსს დაუდგენელი მიზეზის გამო ყოველწლიურად ეზრდება ფეხები. ექიმები ერთადერთ გამოსავალს ორივე კიდურის ამპუტაციაში ხედავენ.
მენდის ფეხები სამჯერ აღემატება ტანს, მარცხენა ფეხი 13 სმ-ით გრძელია მარჯვენაზე, წვივი დეფორმირებული აქვს და 180 გრადუსით ამობრუნებული. ” 127 კილოგრამს ვიწონი, აქედან 95 კგ ჩემი ფეხების წონაა”- ჰყვება მენდი.
მენდის დაბადებისთანავე ექიმები ფიქრობდნენ, რომ 2 კვირასაც ვერ იცოცხლებდა: მისი ფეხები სხვადასხვა ზომისა იყო და აბსოლუტურად არაპროპორციული ტანთან შედარებით. თუმცა 18 თვის გოგონამ ყველასათვის მოულოდნელად გაიარა. ავადმყოფობის მიუხედავად მენდი სელარსი აქტიურ და შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა.
ნატალი კუპერი: იკვებება მხოლოდ “ტიკ-ტაკით”
17 წლის ნატალი კუპერი უცნაური სენით არის დაავადებული. გოგონა პიტნის კანფეტ “ტიკ-ტაკის” გარდა ვერაფერს იღებს. ნატალის კუჭს მხოლოდ “ტიკ-ტაკის” გადამუშავება შეუძლია, სხვა საკვები ნივთიერებები მის ორგანიზმში შპრიცით შეჰყავთ. სამწუხაროდ, ექიმები ამ სენის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ და სხვაგვარი დახმარების გაწევა ჯერჯერობით არ შეუძლით.
კეი ანდერვუდი: სიცილის დროს გული მისდის
20 წლის კეი ერთდროულად კატალეფსიითაა და ნარკოლეფსიით არის დაავადებული. კატალეფსია იშვიათი დაავადებაა და ამ სენით შეპყრობილებს ნებისმიერი მძაფრი ემოციის (სიხარული, შიში, გაკვირვება) გამოხატვისას კუნთები უდუნდებათ და მყისვე გული მისდით. ნარკოლეფსია კი უცაბედ ძილს იწვევს. წარმოიდგინეთ, რა დღეშია საბრალო კეი. მას ან გზაში წამოეწევა ძილი და შესაძლოა ფეხზემდგომსაც ჩაეძინოს, ან გამოფხიზლებული გვარიანად გადახარხარებისას ისევ ”ძილის” მდგომარეობას უბრუნდება…
ვალერი ვერშინინი: კაცი”ვერცხლისფერი კანით”
უჩვეულო დაავადება აქვს ყაზანის მკვიდრ ვალერი ვერშინინს. 1973 წელს მას ექიმმა ქრონიკული სურდოს შესამსუბუქებლად უწყინარი ცხვირის წვეთები – პროტარგოლი გამოუწერა.
ამ წამლის პირველისავე ჩაწვეთების შემდეგ მამაკაცმა ბუნებრივი კანის ფერი დაკარგა და მოლურჯო- მოვერცხლისფრო შეფერილობა მიიღო, რამაც კინოფილმების გმირ უცხოპლანეტელებს დაამსგავსა. კაცს ხელებსა და მკერდზეც შეევერცხლა თმები.
გაოცებულმა ექიმებმა პაციენტს ანალიზების გაკეთება ურჩიეს. მხოლოდ ხანგრძლივი ამბულატორული გამოკვლევების შემდეგ პაციენტს ბუნდოვანი ”ვერდიქტი” გამოუტანეს: ”ვერ გავარკვიეთ, ალერგია გაქვთ, თუ არგეროზი. საქმე იმაშია, რომ ამ წვეთების შემადგენლობაში აზოტ-მჟავური ვერცხლი შედის, რომელიც რატომღაც თქვენმა ორგანიზმმა ვერ მიიღო”.
ვალერი ამ დიაგნოზის მიუხედავად ოპტიმისტურად არის განწყობილი. აქამდე თუ ჯანმრთელობას ხშირად უჩიოდა, ”გალურჯებ-გავერცხლისფერების” შემდეგ 30 წლის განმავლობაში სულ 3-ჯერ იყო გაცივებული.
ბრენდონ ადამსი: შეუჩერებლად იზრდება
13 წლის ამერიკელი ბრენდონ ადამსის სიმაღლე 232 სმ-ია. მოზარდს მე-12-ე ქრომოსომის გენეტიკური დეფექტი აქვს, ამის გამო სიმაღლესთან ერთად უზარმაზარი ორგანოებიც. ადამსს უკვე ამოაჭრეს უსაშველოდ გაზრდილი ნაღვლის ბუშტი. 4 თვის ასაკში ბრენდონს ყველა კბილი ჰქონდა, 5 წლის ასაკში კი თავის უფროს ძმაზე ორჯერ მაღალი იყო. არადა ბრენდონის ყველა ნათესავი ნორმალური სიმაღლის არის.
ექიმებმა არ იციან, როგორ განკურნონ ეს იშვიათი დაავადება. მოზარდს ჰორმონალური თერაპია ჩაუტარდა, რამაც სიმაღლეში ზრდა ცოტათი შეანელა, მაგრამ მედიკოსები მაინც შიშობენ, რომ ბრენდონს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.
რობერტ კინჰორნი: ქვის კაცი
55 წლის ბრიტანელი რობერტ კინჰორნი იშვიათი დაავადებით იტანჯება, რომლის შედეგადაც კუნთები და შემაერთებელი ქსოვილები გაქვავებას იწყებს და დამატებითი ძვლოვანი წარმონაქმნები ჩნდება. ავადმყოფი გადაადგილების უნარს კარგავს და ”ქვავდება”. ამ იშვიათი სენით მსოფლიოში 2500 კაცია დაავადებული. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინა ამ უცნაური დაავადების წინაშეც უძლურია.
საშინელი დიაგნოზი რობერტს 2 წლის ასაკში დაუსვეს, როდესაც კისერი გაუშეშდა. 1980 წელს კი შუახნის კინჰორნი არჩევანის წინაშე დადგა – მთელი ცხოვრების განმავლობაში ან უნდა მჯდარიყო, ან მდგარიყო. მან ფეხზე დგომა არჩია და მას შემდეგ არასდროს დამჯდარა. ექიმებმა რობერტს სწრაფი სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, მაგრამ კაცი დღემდე ცოცხალია.
კრის სანდსი: გამუდმებით
ასლოკინებს
24 წლის მუსიკოსი კრის სანდსი ყოველ 2 წამში ერთხელ ასლოკინებს. მან განკურნება ხან ხალხური მედიცინით, ხანაც ჰიპნოზით და იოგით სცადა, მაგრამ ამაოდ…. ექიმები ვარაუდობენ, რომ კრისს კუჭსა და საყლაპავს შორის გადასასვლელი მილი აქვს დაზიანებული.
სანდსი ერთ-ერთი როკ-ჯგუფის გიტარისტია, თუმცა წუხს, რომ ამ დაავადებამ მის კარიერას ხელი შეუშალა, რადგან სლოკინის გამო სიმღერას ვერ ახერხებს.
რიჰამ აბდელ ლატიფი: წლის განმავლობაში არაფერი უჭამია
ეგვიპტურ ქალაქ კაფრ საკრში ცხოვრობს 13 წლის გოგონა, რომელსაც წელიწადია საკვები და სასმელი არ მიუღია. თუმცა ეს ხელს არ უშლის განაგრძოს ჩვეულებრივი ცხოვრება, თავს მშვენივრად გრძნობს და წონასაც ინარჩუნებს.
რამდენიმე ხნის წინ მას ალერგია ჰქონდა, როცა განიკურნა, აღმოაჩინა, რომ საერთოდ არ სურს საკვების მიღება. თავიდან მშობლებმა ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცეს, რადგან გოგონა კარგად გამოიყურებოდა და ექიმსაც არ მიმართეს. თუმცა მოგვიანებით, შეშფოთებულებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რა უცნაურობა დაატყდა მათ გოგონას თავს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. ამჟამად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები შედიან. კომისია ამ უჩვეულო ფენომენის შესწავლას ცდილობს…
ნატალი ადლერი: თვალდახუჭული სიფხიზლე…
21 წლის მელბურნის მკვიდრი უკვე 4 წელია უცნაური სენით არის დაავადებული, მას 3 დღის განმავლობაში თვალები ახელილი აქვს, ხოლო შემდგომი 3 დღე – დახუჭული. ამ დროს ნატალი ფხიზლობს, თუმცა თვალები ისე ეხუჭება, რომ მათი გახელა ექიმებსაც კი არ შეუძლიათ. ამბობენ, რომ ეს მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევაა.
გოგონამ არაერთი გამოკვლევა ჩაიტარა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
წყარო: kvirispalitra.ge