არქივი

უჩვეულო ანდერძების ისტორია

469a0f247006
ანდერძი – უნიკალური მნიშვნელობის დოკუმენტია. ზოგჯერ ის მთელი ეპოქის უმნიშვნელოვანესი მოვლენაც კი გამხდარა.
ისტორიას ახსოვს მრავალი ფაქტი, როდესაც ანდერძის მიზეზით ომები დაწყებულა ან ნაანდერძევი მეფის გვირგვინის გამო გადატრიალებები მოუწყვიათ, ხოლო ცნობილი ადამიანების საიდუმლოებით მოცული ანდერძების ირგვლივ უამრავი ლეგენდა შექმნილა. ამ პუბლიკაციაში მოგითხრობთ ყველაზე უჩვეულო ანდერძების შესახებ, რომლებიც თავისი უჩვეულოების დამსახურებით მოხვდნენ ისტორიაში.

ყველაზე ცნობილი ანდერძი ალფრედ ნობელმა დატოვა. ნათესავებმა ის გაასაჩივრეს სასამართლოში, მაგრამ მემკვიდრეობიდან მხოლოდ ნახევარი მილიონი კრონა ხვდათ წილად, ხოლო დანარჩენი 30 მილიონი მოხმარდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი – ნობელის პრემიის დაფუძნებას.

ისტორიისათვის ყველაზე სასარგებლო ანდერძი დატოვა უილიამ შექსპირმა. მან დეტალური დაველებები დატოვა თავისი ქონების (დაწყებული ავეჯიდან და დამთავრებული ფეხსაცმლით) განკარგვის თაობაზე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია არა ქონების მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მითითებები, არამედ ანდერძის არსებობა, ვინაიდან ის აბათილებს ეჭვებს და ადასტურებს თვით შექსპირის (და არა ფსევდონიმის) რეალურად არსებობის ფაქტს.

ყველაზე ვრცელი ანდერძი შეადგინა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თომას ჯეფერსონმა. ქონებასთან დაკავშირებულ მითითებების გარდა მან დეტალურად აღწერა საკუთარი მოსაზრება და მსჯელობა ამერიკის ისტორიის თაობაზე. მემკვიდრეები კი, ანდერძის შესაბამისად, კუთვნილ წილს მიიღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაათავისუფლებდნენ მათ საკუთრებაში მყოფ ყველა მონას.

ყველაზე მოკლე ანდერძი ერთ ლონდონელ ბანკირმს ეკუთვნის. ის შესდგება მხოლოდ სამი სიტყვისაგან: ”მე სრულიად გაკოტრებული ვარ”.

გასაგებად ყველაზე რთული ანდერძი დაწერა ცნობილი ფიზიკოსის ნილს ბორის ლაბორანტმა. მან ტექსტში იხმარა იმდენი სპეციალური ტერმინი და სპეციფიკური ფრაზეოლოგია, რომ ანდერძის გაშიფვრისათვის საჭირო გახდა ფიზიკოსებისა და ლინგვისტიკის ექსპერტების მოწვევა.

ყველაზე საიდუმლო ანდერძი დატოვა ცნობილმა მილიარდერმა მიშელ როტშილდმა. მისი ძირითადი მოთხოვნა იყო: ”… კატეგორიულად და ცალსახად ვკრძალავ ჩემი მემკვიდრეობის ნებისმიერ აღწერას, ნებისმიერ სასამართლო ჩარევას და ჩემი ქონების გამოქვეყნებას…” ამის გამო მის მიერ დატოვებული ქონების საერთო მოცულობა დღემდე რჩება უცნობი.

ანდერძით გათვალისწინებული ნაღდი ფულის ყველაზე დიდი თანხა, რომელიც დატოვა ერთმა ადამიანმა ეკუთვნოდა საყოველთაოდ ცნობილ ჰენრი ფორდს. მან დატოვა განკარგულება იმის თაობაზე, რომ 500 მილიონი დოლარი გაენაწილებინათ 4157 სასწავლო და საქველმოქმედო ორგანიზაციათა შორის.

ყველაზე დიდი ქონება, რომელიც ანდერძით დაუტოვეს ცხოველს ეკუთვნის მილიონერ კინო პროდიუსერს როჯერ დორკასს. 65 მილიონი დოლარი მან უანდერძა თავის საყვარელ ძაღლს – მაქსიმილიანს, ხოლო მეუღლეს მან დაუტოვა მხოლოდ 1 ცენტი. სასამართლომ კანონიერად ცნო ეს ანდერძი, ვინაიდან მის შედგენამდე პატრონმა ძაღლს გაუფორმა ყველა საჭირო სრულიად ”ადამიანური” საბუთი. მაგრამ იგივე ”ადამიანური” საბუთების საფუძველზე მილიონერის მეუღლე გათხოვდა მაქსიმილიანზე და მისი სიკვდილის მერე, ვინაიდან ძაღლმა არ დატოვა ანდერძი, გახდა მისი ქონების სრულუფლებიანი მემკვიდრე.

ყველაზე შეურაცხმყოფელი ანდერძი შუა საუკუნეებში საკუთარ ცოლს ერთმა ფერმერმა დაუტოვა. მან მეუღლეს უანდერძა 100 ლივრი, მაგრამ დატოვა განკარგულება, რომ მისი გათხოვების შემთხვევაში კიდევ 100 ლივრი გადაეცეს იმ უბედურს ვინც მას ცოლად შეირთავს, ვინაიდან საცოდავს ეს ფული ნამდვილად დასჭირდება. ასეთი სახის ანდერძი ალბათ განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იმ საუკუნეებში ამ ქვეყანაში განქორწინება აკრძალული იყო.

ყველაზე უხამსი ანდერძი ქ. მარსელში შეადგინა ერთმა მეწაღემ. მისი ანდერძის 123 სიტყვიდან 94- ის წარმოთქმა შეუძლებელია ნებისმიერ შედარებით წესიერ საზოგადოებაშიც კი.

წყარო: education.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button