ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

მართლმადიდებელი სამყარო მარიამობის დღესასწაულს ზეიმობს

სრულიად მართმადიდებელი სამყარო მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

მარიამობა მართლმადიდებლობაში, როგორც ათორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში შედის და დღესასწაული აღინიშნება ძვ. სტ. 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ჰეროდე მეფის (აგრიპა I) მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, 43 წლის ასაკში, იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე, ბოლოს კი, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა.

ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს, ასევე სასწაულებრივ, წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს (დაახ. საღამოს 9 საათი) – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. ისეო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებს მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს, ბევრ მწუხარესა და ჭირვეულს მან გულმოწყალების მრავალი სასწაული უჩვენა. რომელი ჩვენგანი, ვინც ცხოვრების აღძრულ ზღვაში ვიტანჯებით, არ ვგრძნობთ, რომ ღვთისმშობელს ესმის ჩვენი გოდება, რა ჩქარა ისმენს იგი ჩვენსას, რა სწრაფად შეგვეწევა და გვანუგეშებს! ღვთისმშობლის შუამდგომელად მოხმობა ქრისტიანული ღვთისმსახურების ნაწილად იქცა. პირველი საუკუნიდანვე ეკლესია შეწევნას სთხოვს და ადიდებს მას, საღამოს მსახურება ყოველდღიურად მისდამი ლოცვის თავდება: „უფროსად დიდებულო კურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, შესწირე ლოცვაჲ ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი ჩვენნი“. დედა ღვთისა ანუგეშებს ყველას, ვინც მას მიმართავს:

„ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვიხსენ ჩვენ – მმოსავნი შენნი; დედოფალო, გვაცხოვნენ ჩვენ“.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close